თვალი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. თვალი 

თვალი (oculus) მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას.

თვალის ფერადი გარსითვალის კაკლის შიგნითა ბირთვი შედგება გამჭვირვალი სინათლის გარდამტეხი გარემოსგან – ბროლი, მინისებრი სხეული და წყლისებრი მასა, რომლითაც ამოვსებულია თვალის კაკლის საკნები. მისი კედლები შედგება სამი გარსისგან: გარეთა (ფიბროზული), შუა (სისხლძარღვოვანი) და შიგნითა (ბადისებრი). ფიბროზული გარსი უზრუნველყოფს თვალის ფორმას და იცავს მის შიგნითა ნაწილს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ის იყოფა ორ ნაწილად – სკლერა და რქოვანა. სკლერა (sclera) ანუ ცილოვანი გარსი, შეადგენს ფიბროზული გარსის დაახლოებით 5/6. სკლერა გაუმჭვირვალეა, შეიცავს მკვრივ კოლაგენურ და ელასტიურ ბოჭკოებს, უჯრედების მცირე რაოდენობას, აგრეთვე ძირითად ნივთიერებას, რომელიც შედგება გლიკოზამინოგლიკანებისგან, პროტეინებისგან და პროტეინპოლისაქარიდული კომპლექსებისგან. სკლერის სისქე უკანა ნაწილში შეადგენს დაახლოებით 1 მმ, ეკვატორის მიდამოში – 0,3–0,4 მმ. სკლერა ღარიბია საკუთარი სისხლძარღვებით. სკლერის რქოვანაში გადასვლის ადგილას, მათი სიმრუდის რადიუსების განსხვავებების გამო, თვალის ზედაპირზე წარმოიქმნება მცირე სიღრმის ნახევრადგამჭვირვალი არშია – 0,75–1 მმ სისქის რქოვანას ლიმბი.

რქოვანა ანუ რქოვანა გარსი (cornea) თვალის ოპტიკური აპარატის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია; მას გააჩნია გლუვი, მბზინავი ზედაპირი და გამჭვირვალეა. რქოვანას სისქე ცენტრში შეადგენს 0,6–0,7 მმ, პერიფერიაზე – დაახლოებით 1,2 მმ; ჰორიზონტალური დიამეტრის საშუალოდ უდრის 11,6 მმ, ვერტიკალური – 10 მმ. რქოვანაში განასხვავებენ ხუთ შრეს. ზედაპირული შრე – წინა ეპითელიუმი, რომელიც წარმოდგენილია მრავალშრიანი ეპითელიუმით. მას მოსდევს უსტრუქტურო წინა მოსაზღვრე ფირფიტა (ბოუმენის გარსი), რქოვანას საკუთარი ნივთიერება (სტრომა), უკანა მოსაზღვრე ფირფიტა (დესცემეტის გარსი) და მისი მფარავი უკანა ეპითელიუმი (რქოვანა ენდოთელიუმი). რქოვანას სისხლძარღვები არ გააჩნია, მისი კვება ხორციელდება ლიმბაში და წყლისებურ სივრცეში მოთავსებული კაპილარების ხარჯზე. რქოვანაში, განსაკუთრებით მის ზედაპირულ შრეებში, მიემართებიან დიდი რაოდენობით ნერვები.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ სისხლძარღვოვან ანუ უვეალურ ტრაქტს, უზრუნველყოფს თვალის კვებას. იგი იყოფა სამ ნაწილად: ფერადი გარსი, წამწამოვანი სხეული და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი.

ფერადი გარსი (iris) სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილი. მისი ჰორიზონტალური დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 12,5მმ, ვერტიკალური – 12 მმ. ფერადი გარსის ცენტრში მოთავსებულია მრგვალი ხვრელი – გუგა (pupilla), რომლის დახმარებითაც რეგულირდება თვალში მოხვედრილი სინათლის რაოდენობა. გუგის საშუალო დიამეტრი უდრის 3 მმ, ყველაზე დიდი – 8 მმ, ხოლო ყველაზე მცირე – 1 მმ. ფერად გარსში განასხვავებენ ორ შრეს: წინა (მეზოდერმული), რომელიც მოიცავს ფერადი გარსის სტრომას, და უკანა (ექტოდერმულს), რომლის შემადგენლობაშიც არის პიგმენტური შრე, რაც განაპირობებს ფერადი გარსის შეფერილობას. ფერად გარსში მდებარეობენ ორი სახის გლუვი კუნთები – გუგების შემავიწროებელი და გამაფართოებელი. პირველი მათგანის ინერვაცია ხორციელდება პარასიმპათიკური ნერვით, ხოლო მეორეს – სიმპათიკური ნერვული სისტემით.

წამწამოვანი ანუ ცილიარული სხეული (corpus ciliare) მდებარეობს ფერად გარსსა და საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსს შორის. იგი წარმოადგენს 6–8 მმ სიგანის ჩაკეტილ რგოლს. წამწამოვანი სხულის უკანა საზღვარის გადის ე.წ. კბილოვან ხაზზე (ora serrata). წამწამოვანი სახეულის წინა ნაწილს – წამწამოვან გვირგვინს (corona ciliaris) გააჩნია 70–80 გამონაზარდი შემაღლებების სახით, რომლებთანაც მიმაგრებულნი არიან ბროლისკენ მიმავალი წამწამოვანი სარტყლის ანუ ცინის იოგის (zonula ciliaris) ბოჭკოები. წამწამოვან სხეულში მდებარეობს წამწამოვანი ანუ აკომოდაციური კუნთი, რომელიც არეგულირებს ბროლის სიმრუდეს. იგი შედგება მედიალური, რადიალური და ცირკულარული მიმართულებით განლაგებული გლუვი კუნთოვანი უჯრედებისგან; მათი ინერვაცია ხორციელდება პარასიმპათიკური ბოჭკოებით. წამწამოვანი სხეული გამოიმუშავებს წყლისებურ ნამს – თვალშიდა სითხეს.

თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი ანუ ქორიოიდეა (chorioidea) წარმოადგენს სისხლძარღვოვანი გარსის უკანა, ყველაზე ფართო ნაწილს. მისი სისქე შეადგენს 0,2–0,4 მმ. იგი შედგება მხოლოდ სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვებისგან, ძირითადად ვენებისგან. მათ შორის ყველა მსხვილი სისხლძარღვები განლაგებულნი არიან სკლერასთან ახლოს, კაპილარების შრე მიმართულია შიგნით, მისი მოსაზღვრე ბადურას მხარეს. მხედველობის ნერვის გამოსვლის ადგილას საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი მჭიდროდ არის დაკავშირებული სკლერასთან.

ბადურა (retina) სისხლძარღვოვანი გარსის შიგნითა ზედაპირის ამომფენი ნაწილი, რომელიც ფუნაციონალური თვალსაზრისით წარმოადგენს მხედველობის ორგანოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. მისი უკანა 2/3 (ბადურას ოპტიკური ნაწილი) აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას. ბადურას წინა ნაწილი, რომელიც ფარავს ფერადი გარსის და წამწამოვანი სხეულის უკანა ზედაპირებს, სინათლის მგრძნობიარე ელემენტებს არ შეიცავს.

ბადურას ოპტიკური ნაწილი წარმოდგენილია სამი სახის ნეირონის ჯაჭვისგან: გარეთა – ფოტორეცეპტორული, შუა – ასოციაციური და შიგნითა – განგლიური. მთლიანობაში ისინი ქმნიან 10 შრეს, რომლებიც მოთავსებულნი არიან (გარედან შიგნით) შემდეგი თანმიმდევრობით: პიგმენტური ნაწილი, რომელიც შედგება პიგმენტური უჯრედების ერთი რიგისგან, რომელთაც, თავიანთი მხრივ, გააჩნიათ ექვსწახნაგა პრიზმების ფორმა, რომელთა გამონაზარდებიც აღწევენ მხედველობის უჯრედების ჩხირისებურ და კოლბისებურ შრეს – ჩხირებს და კოლბებს; ფოტოსენსორული შრე, რომელიც შედგება ჩხირების და კოლბების შემცველი ნეიროეპითელიუმისგან, რომლებიც შესაბამისად უზრუნველყოფენ სინათლის და ფერების აღქმას (გარდა ამისა ჩხირები უზრუნველყოფენ საგნობრივ ანუ ფორმის აღქმას); გარეთა მოსაზღვრე შრე (მემბრანა) – ბადურას საყრდენი გლიური ქსოვილი, რომელსაც გააჩნია ბადის ფორმა მრავალრიცხვოვანი ხვრელებით, სადაც მიემართებიან ჩხირების და კოლბების ბოჭკოები; გარეთა ბირთვოვანი შრე, რომელიც შეიცავს მხედველობის უჯრედების ბირთვებს; გარეთა ბადურა შრე, სადაც მხედველობის უჯრედების ცენტრალური წანაზარდები ურთიერთქმედებენ უფრო ღრმად განლაგებული ნეიროციტების წანაზარდებთან; შიგნითა ბირთვოვანი შრე, რომელიც შედგება ჰორიზონტალური, ამაკრინული და ბიპოლარული ნეიროციტებისგან, აგრეთვე სხივისებრი გლიოციტების ბირთვებისგან (მასში მთავრდება ბადურას პირველი ნეირონი და სათავეს იღებს მეორე); შიგნითა ბადისებრი შრე, რომელიც წარმოდგენილია წინა შრის ბოჭკოებით და უჯრედებით (მასში მთავრდება ბადურას მეორე ნეირონი); განგლიოზური შრე წარმოდგენილია მულტიპოლარული ნეირონებისგან; ნერვული ბოჭკოების შრე, რომლებიც შეიცავენ განგლიოზური ნეიროციტების ცენტრალურ წანაზარდებს და შემდგომში წარმოქმნიან მეხდველობის ნერვის ღეროს; შიგნითა მოსაზღვრე შრე (მემბრანა), რომელიც ბადურას გამოყოფს მინისებური სხეულისგან. ბადურას სტრუქტურულ ელემენტებს შორის მდებარეობს კოლოიდური შუალედური ნივთიერება. ადამიანის თვალის ბადურა მიეკუთვნება ინვერტირებული გარსების ტიპს – სინათლის აღმქმელი ელემენტები

(ჩხირები და კოლბები) წარმოადგენს  ბადურას ყველაზე ღრმა შრეს, რომელიც  დაფარულია მისი სხვა შრეებით. თვალის  უკანა პოლუსში განლაგებულია ბადურას  ხალი (ყვითელი ხალი) – ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მხედველობის ყველაზე  მაღალ სიმახვილეს. მას გააჩნია ოვალური  ფორმა, ჰორიზონტალურად ამობერილი და  ცენტრში ჩაღრმავებული – ცენტრალური  ფოსო, რომელიც შეიცავს მხოლოდ კოლბებს.  ყვითელი სხეულის შიგნით წარმოდგენილია  მხედველობის ნერვის დისკი, რომლის  ზონაშიც სინათლის მგრძნობიარე  ელემენტები წარმოდგენილნი არ არიან.

ბროლი (lens) – გამჭვირვალე,  სინათლის სხივის გარდამტეხი ელასტიური წარმონაქმნი, რომელსაც გააჩნია ორივე მხრიდან ამოზნექილი ლინზის ფორმა; მდებარეობს ფრონტალურ სიბრტყეში ფერადი გარსის უკან. მასში განასხვავებენ ეკვატორს და ორ პოლუსს – წინა და უკანა პოლუსებს. ბროლის დიამეტრი შეადგენს 9–10 მმ, წინა–უკანა ზომა – 3,7–5 მმ. ბროლი შედგება კაფსულისგან (ჩანთა) და ნივთიერებისგან. კაფსულისწინა ნაწილის შიგნითა ზედაპირი დაფარულია ეპითელიუმით, რომლის უჯრედებსაც აქვთ ექვსკუთხედის ფორმა. ეკვატორთან ისინი იჭიმებიან და გარდაიქმნებიან ბროლის ბოჭკოებად. ბოჭკოების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ერთდროულად ბროლის ცენტრში ბოჭკოები თანდათან მკვრივდებიან, რაც განაპირობებს მკვრივი ბირთვის – ბროლის ბირთვის ჩამოყალიბებას. უბნებს, რომლებიც განლაგებულნი არიან კაფსულასთან ახლოს, ეწოდებათ ბროლის ქერქი. ბროლში სისხლძარღვები და ნერვები არ გვხვდება. ბროლის კაფსულასთან მიმაგრებულია წამწამოვანი სარტყელი, რომელიც მოემართება წამწამოვანი სხეულისგან. წამწამოვანი სარტყლის დაჭიმვის სხვადასხვა ხარისხი განაპირობებს ბროლის სიმრუდის ცვლილებას, რაც აღინიშნება აკომოდაციის დროს.

ბროლის უკან მდებარეობს  მინისებრი სხეული (corpus  vitreum), რომელსაც უკავია  თვალის კაკლის ღრუს დიდი  ნაწილი – გამჭვრივალე,  ლაბისებური მასა, რომელიც არ  შეიცავს არც სისხლძარღვებს და  არც ნერვებს.

წყლისებური ნამი –  გამჭვირვალე, უფერო,  თვალშიდა სითხე, რომელიც  ავსებს თვალის კაკლის საკნებს;  წარმოადგენს  სისხლძარღვებისგან  თავისუფალი თვალის  ქსოვილების – რქოვანას, ბროლის  და მინისებრი სხეულის კვების  წყაროს. იგი წარმოიქმნება წამწამოვან სხეულში, საიდანაც ხვდება თვალის კაკლის უკანა საკანში – სივრცე ფერად გარსა და ბროლის წინა ზედაპირს შორის. ფერადის გარსის გუგის კიდესა და ბროლის წინა ზედაპირს შორის არსებული ვიწრო ნაპრალის მეშვეობით ნამი ხვდება თვალის კაკლის წინა საკანში – რქოვანასა და ფერად გარს შორის სივრცე. რქოვანა გარსის სკლერაში, ხოლო ფერადი გარსის წამწამოვან სხეულში გადასვლის ადგილას წარმოქმნილი კუთხე (ფერად გარს–რქოვანას კუთზე ანუ თვალის კაკლის წინა საკნის კუთხე) დიდ როლს თამაშობს თვალშიდა სითხის ცირკულაციაში. კუთხის ჩონჩხს შეადგენს ძელების (ტრაბეკულების) რთული სისტემა, რომელთა შორისაც წარმოდგენილია ნაპრალები და სივრცეები (ე.წ. ფონტანის სივრცეები). მათი მეშვეობით თვალშიდა სითხე თვალიდან ჩაედინება სკლერის სიღრმეში მდებარე ღრმა ვენურ სისხლძარღვში – სკლერის ვენურ სინუსში, ან წინა წამწამოვანი ვენების სისტემაში. მოცირკულირე სითხის რაოდენობა მუდმივია, რაც განაპირობებს შედარებით სტაბილურ თვლაშიდა წნევას.

თვალის კაკლის წინა ზედაპირი რქოვანამდე დაფარულია ლორწოვანი გარსით – კონიუქტივით, რომლის ნაწილიც გადადის ზედა და ქვედა ქუთუთოს უკანა ზედაპირზე. თვალის კაკალზე ზედა და ქვედა ქუთუთოზე კონიუქტივის გადასვლის ადგილს ეწოდება შესაბამისად კონიუქტივის ზედა და ქვედა თაღი. ნაპრალისებური სივრცე, რომელიც წინიდან შემოსაზღვრულია ქუთუთოებით, ხოლო უკნიდან თვალის კაკლის წინა ნაწილით, წარმოქმნის კონიუქტივის პარკს. თვალის შიგნითა კუთხის არეში კონიუქტივა მონაწილეობს საცრემლე პარკის და ნახევარმთვარისებური ნაოჭის ჩამოყალიბებაში. კონიუქტივა შედგება ეპითელური შრისგან, შემაერთბელქსოვილოვანი საფუძვლისგან და ჯირკვლებისგან. მას გააჩნია მკრთალი ვარდისფერი შეფერილობა, ფაშარადაა დაკავშირებული თვალის კაკალთან (ლიმბის მიდამოს გარდა), რაც ხელს უწყობს მის თავისუფლად მოძრაობას, აგრეთვე ანთების დროს შეშუპების სწრაფად განვითარებას; ჭარბადაა მომარაგებული სისხლძარღვებით და ნერვებით. კონიუქტივა ასრულებს დამცველობით ფუნქციას; ჯირკვლების სეკრეტი ხელს უწყობს ხახუნის შემცირებას თვალის კაკლის მოძრაობის დროს, იცავს რქოვანას გამოშრობისგან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.