ბრონქები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები 

დასაწყისი იხ. >>>

გამოკვლევის მეთოდები. ბრონქების პათოლოგიის გამოვლენის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური და ზოგიერთი სპეციალური მეთოდი. გამოკითხვის დროს ავადმყოფი უჩივის ხველას (მშრალს ან ნახველის გამოყოფით), ზოგჯერ სისხლიანი ნახველის გამოყოფთ, ქოშინს, ჰაერის უკმარისობას. აუცილებელია იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ბრონქებზე (მაგ., თამბაქოს გამოყენება, ძლიერ დაბინძურებულ გარემოში მუშობა). დათვალიერების დროს ყურადღებას იქცევს კანის ფერი (სიფერმკრთალე, ციანოზი), გულმკერდის ფორმა (კასრისებრი – ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, რომელსაც თან სდევს ფილტვების ემფიზემა, ბრონქული ასთმა), ფილტვების ექსკურსიის თავისებურებები (მაგ., ბრონქული ასთმის შეტევის დროს ფილტვების ექსკურსია შეზღუდულია), არც თუ იშვიათად ვლინდება ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათიის ნიშნები: დოლის ჩხირისებური თითები (ფალანგების გასქელებული ბოლოებით) და საათის მისებური ფრჩხილები.

გულმკერდის პალპაციისას ზუსტდება მისი ფორმა, მოცულობა და სუნთქვითი მოძრაობების სინქრონულობა, კანქვეშა ემფიზემის შემთხვევაში აღინიშნება კრეპიტაცია (რომელიც, მაგალითად განპირობებულია ბრონქული ფისტულის არსებობით), დგინდება ბგერითი რხევის ხასიათი (მისი შესუსტება შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბრონქოსტენოზის დროს). პერკუტორული ხმიანობის შემოკლება შეიძლება განვითარდეს ბრონქოსტენოზით განპირობებული ფილტვის ატელექტაზის დროს, ჩირქის დაგროვებისას მკვეთრად გაფართოებულ ბრონქებში. კოლოფისებური პერკუტორული ხმიანობა აღინიშნება ფილტვის ემფიზემის დროს, რომელიც, არც თუ იშვიათად, ართულებს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის და ბრონქული ასთმის მიმდინარეობას. შემოსაზღვრული ტიმპანიტი შეიძლება აღინიშნებოდეს გაფართოებულ ბრონქებში ჰაერის არსებობის მიდამოში, სადაც, ამავდროულად, ხდება ჩირქოვანი შიგთავსის ნაწილობრივი დაგროვება.
ფილტვების აუსკულტაცია შესაძლებლობას იძლევა გამოვავლინოთ სუნთქვითი ხმიანობების ცვლილებები, მათ შორის ხიხინები, რომლებიც დამახასიათებელია ბრონქებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებისთვის. მაგ., უხეში სუნთქვა შესაძლებელია განპირობებული იყოს ბრონქების სანათურის შევიწროებით. მშრალი ხიხინები (მსტვინავი, მოგუგუნე, მოზუზუნე) შესაძლოა ისმინებოდეს ბრონქების სანათურის არათანაბარი შევიწროების დროს, რაც განპირობებულია მათი ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებით და ბლანტი სეკრეტის არსებობით, რომელიც ბრონქების კედელში წარმოქმნის სხვადასხვა სახის ჭიმებს და ძაფებს. აღნიშნული ხიხინები დამახასიათებელია მწვავე ბრონქიტისთვის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისთვის, ბრონქოექტაზიებისთვის, ბრონქული ასთმისთვის. სველი წვრილბუშტუკოვანი, გაფანტული ხიხინები შეიძლება მოისმინებოდეს ბრონქიოლიტის დროს, უხშირესად ისინი შერწყმულნი არიან მშრალ ხიხინებთან. საშუალობუშტუკოვანი ხიხინები მოისმინება ბრონქოექტაზების დროს, მსხვილბუშტუკოვანი – მსხვილი ბრონქების სანათურში თხევადი ლორწოს დაგროვების შემთხვევაში.
ბრონქების დაავადებების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოლოგიური სურათი (გულმკერდის ორგანოების მიმოხილვით რენტგენოგრამაზე) დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ხასიათზე. მაგალითად, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს აღინიშნება ფილტვის სურათის ბადისებრი დეფორმაცია, ფილტვის კარის გაფართოება, ბრონქების კედლების გასქელება და ფილტვების გამჭვირვალობის მომატება; ბრონქოექტაზების დროს – ფილტვის სურათის ბადისებრი სტრუქტურა, ბრონქების სანათურის გაგანიერება, მათი კედლების გამკვრივება; ბრონქების სიმსივნეების დროს – ხანგრძლივად არსებული ფილტვების ლოკალური დაჩრდილვა. ბრონქულ ხეში არსებული პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრონქოგრაფია და ბრონქოსკოპია. წინა–უკანა პროექციაში გულმკერდის ორგანოების ტომოგრაფია სიგრძივი და განივი ”გათითხვნით”, საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ტრაქეის და მთავარი ბრონქების მდგომარეობაზე და გულმკერდის შიგნითა ლიმფური კვანძების გადიდებაზე.

ბრონქული გამავლობის დარღვევების განმსაზღვრელი სუნთქვის ფუნქციური გამოკვლევა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ბრონქების და ფილტვების დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება, შევაფასოთ ბრონქული ხის დაზიანების სიმძიმე და განვსაზღვროთ ამ დაზიანების დონე. ამბულატორიულ პირობებში გამოსაყენებელ და ხელმისაწვდომ გამოკვლევის ფუნქციონალურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ავადმყოფებზე დინამიკური დაკვირვების მიზნით, მიეკუთვნება სპიროგრაფია. ვენტილაციის ობსტრუქციული ტიპის დარღვევა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქული გამავლობის მოშლა, აღინიშნება ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით, ბრონქული ასთმით დაავადებულებში. ამასთან, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობასთან (ფსტ) შედარებით მნიშვნელოვნად მცირდება პირველ წამში ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა (ფამ1) და ფილტვების მაქიმალური ვენტილაცია (ფმვ) – აბსოლიტური სიჩქარითი მაჩვენებლები, ამიტომაც ფამ1/ფსტ და ფმვ/ფსტ შეფარდებები (შედარებითი სიჩქარითი მაჩვენებლები) აგრეთვე დაქვეითებულია, ხოლო დაქვეითების მაჩვენებელი მეტყველებს ბრონქოობსტრუქციის ხარისხზე. რესტრიქციული ტიპის ვენტილაციური დარღვევა ვითარდება ფილტვების და გულმკერდის გაშლის გაძნელების დროს და ხასიათდება უპირატესად ფსტ–ს, ხოლო ნაკლები ხარისხით – აბსოლიტური სიჩქარითი მაჩვენებლების დაქვეითებით, რის გამოც შედარებითი სიჩქარითი მაჩვენებლები ნორმაში რჩებიან ან აღემატებიან მას. ბრონქების დაავადებების დროს ვენტილაციის დარღვევის აღნიშნული ტიპი ძალიან იშვიათად გვხვდება, ის შეიძლება აღინიშნებოდეს მსხვილი ბრონქების სიმსივნეების დროს განვითარებული ფილტვის ნაწილის ან მთლიანად ფილტვის ატელექტაზის შემთხვევაში. ვენტილაციის დარღვევის შერეული ტიპი ხასიათდება ფსტ–ს და აბსოლიტური სიჩქარითი მაჩვენებლების თანაბარი დონით დაქვეითებით, რის გამოც შედარებითი სიჩქარითი მაჩვენებლები უფრო ნაკლებად განიცდიან ცვლილებებს, ვიდრე აბსოლიტური; აღნიშნული დარღვევები შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემის, მწვავე პნევმონიის დროს. პნევმოტაქოგრაფია, საერთო პლეტიზმოგრაფია, ფარმაკოლოგიური სინჯები შესაძლებლობას იძლევიან გამოვავლინოთ ბრონქული განავლობის დარღვევები სხვადასხვა დონეზე, რისი დაფიქსირებაც ვერ ხერხდება სპირომეტრიის დროს.

ბრონქული გამავლობის დარღვევის ხასიათის და ხარისხის დაზუსტების მიზნით გამოიყენება ბრონქების მგრძნობელობის და რეაქტიულობის გამოკვლევა. მგრძნობელობა განისაზღვრება ფარმაკოლოგიური პრეპარატის (აცეტილქოლინი, კარბაქოლინი) იმ მინიმალური დოზით, რომელიც იწვევს ბრონქოსპაზმის განვითარებას. რეაქტიულობა ხასიათდება ზღვრული დონიდან დაწყებული პრეპარატის დოზის თანდათანობით გაზრდის საპასუხოდ ბრონქოსპაზმის გამოხატულების ხარისხით. არც თუ იშვიათად, მაღალი მგრძნობელობა გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებშიც, ხოლო მაღალი რეაქტიულობა – მხოლოდ ბრონქული ასთმით და პრეასთმური მდგომარეობით დაავადებულებში.
ბრონქული გამავლობის შექცევადი და შეუქცევადი დარღვევების დიფერენციაციის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტომორესპირატორული სინჯი – ბრონქულ–სისხლძარღვოვანი კონის სიბრტყეში, ერთი და იგივე განაკვეთში გადაღებული ორი გვერდითი ტომოგრამის შედარება, რომელთაგანაც ერთი გადაღებულია ღრმა ჩასუნთქვის ფაზაში, ხოლო მეორე სრული ამოსუნთქვის ფაზაში. ბრონქული გამავლობის შეუქცევადი დარღვევის დროს, რაც აღინიშნება ფილტვების ემფიზემით გართულებული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, დიაფრაგმის მოძრაობის უნარი მყარად შეზღუდულია. გაურთულებელი ობსტრუქციული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის დროს არსებული ბრონქული გამავლობის შექცევადი დარღვევის შემთხვევაში დიაფრაგმის მოძრაობის უნარი შენარჩუნებულია.

ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა დაზუსტდეს სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესის ეტიოლოგია; ციტოლოგიური გამოკვლევა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გამოხატულების ხასიათის და ხარისხის დადგენას, აგრეთვე სიმსივნური უჯრედების აღმოჩენას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.