ჰემოკოაგულაციის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ჰემოკოაგულაციის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებები საშუალებები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: 1) ანტიკოაგულანტები; 2) ფიბრინოლიზური საშუალებები; 3) ანტიაგრეგაციული საშუალებები.

ანტიკოაგულანტები ძირითადად ხელს უშლიან ფიბრინის ძაფების წარმოქმნას, აფერხებენ თრომბის განვითარებას, ხელს უწყობენ უკვე წარმოქმნილი თრომბების ზრდის შეწყვეტას და თრომბებზე ენდოგენური ფიბრინოლიზური ფერმენტების ზემოქმედებას.

ფიბრინოლიზური საშუალებები იწვევენ წარმოქმნილი ფიბრინის ძაფების დაშლას: ისინი ხელს უწყობენ ახალი თრომბების (რომელთაც ჯერ არ განუცდიათ ორგანიზაცია) გაწოვას.

ანტიაგრეგაციული საშუალებები ახდენენ თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციის ინჰიბირებას, ამცირებენ მათ ერთმანეთზე (აგრეგაციას) და სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე შეწებებას (ადჰეზიას). ერითროციტების მემბრანების ზედაპირული დაჭიმულობის დაქვეითებით, ისინი აიოლიებენ კაპილარებში გასვლისას მათ დეფორმირებას და აუმჯობესებენ სისხლის დინებას. ანტიაგრეგაციული საშუალებები ახდენენ არა მარტო აგრეგაციის თავიდან აცილებას, არამედ უკვე აგრეგირებული სისხლის ფირფიტების დეზაგრეგაციას.
ანტიკოაგულანტები იყოფა 2 ჯგუფად: 1) პირდაპირი – სწრაფი (ხანმოკლე) მოქმედების ანტიკოაგულანტები; 2) არაპირდაპირი – ხანგრძლივი მოქმედების ანტიკოაგულანტები. პირევლი ჯგუფის პრეპარატები ეფექტურნი არიან in vitro და in vivo. გამოიყენებენ პარენტერულად. მეორე ჯგუფის პრეპარატები მოქმედებენ მხოლოდ in vivo და ეფექტურნი არიან შიგნით მიღებისას.
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ძირითადი წარმომადგენელია ჰეპარინი, ხოლო არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნებიან 4–ოქსიკუმარინის (ნეოდიკუმარინი და სხვ.) და ფენილინდანდიონის (ფენილინი) წარმოებულები.
ფიბრინოლიზური საშუალებები ასევე იყოფიან პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ჯგუფებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ნივთიერებები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ სისხლის პლაზმაზე, ფიბრინის ძაფების შენადედზე. ისინი ეფექტურნი არიან in vitro და in vivo.
მეორე ჯგუფში შედიან ფიბრინოლიზის აქტივატორები. ისინი არააქტიურნი არიან ფიბრინის ძაფებზე უშუალო ზემოქმედებით, მაგრამ ორგანიზმში შეყვანისას ააქტიურებენ სისხლის ენდოგენურ ფიბრინოლიზურ სისტემას.
პირველი ჯგუფის პრეპარატთა წარმომადგენელია ფიბრინოლიზინი. ფიბრინოლიზის აქტივატორებად გამოიყენება სტრეპტოკინაზას (ცილა ბეტა – ჰემოლიზური სტრეპტოკოკ A-დან) პრეპარატები, მათ შორის პრეპარატი სტრეპტაზა. ამჟამად ფიბრინოლიზურ საშუალებებიდან ძირითადად გამოიყენება სტრეპტოკინაზის პრეპარატები. იყენებენ ასევე, მოქმედებით მსგავს, პროტეილიზურ ფერმენტს უროკინაზას. თრომბოციტების (და ერითროციტების) შეწებების (აგრეგაცია) ინჰიბირებას ამა თუ იმ ხარისხით ახდენენ, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების სამკურნალო საშუალებები (ორგანული ნიტრატები, კალციუმის იონების ანტაგონისტები, პურინის წარმოებულები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სხვ.). გამოხატულ ანტიაგრეგაციულ მოქმედებას ახდენენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთაგან თრომბების წარმოშობის პროფილაქტიკისათვის ფართო გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა. ასეთივე თვისებები გააჩნია დიპირიდამოლს, პენტოქსიფილინს (ტრენტალი), ტიკლოპიდინს (ტიკლიდი).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.