პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ამ ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სხვადასხვა მუცლის ჭიების ინვაზიების სამკურნალოდ. ადრე ჭიების საწინააღმდეგო საშუალებების სახით გამოიყენებოდა მცენარეული წარმოშობის პროდუქტები: მამრობითი გვიმრის ექსტრაქტი, აბზინთა და მისგან მიღებული სანტონინი და სხვა. ბოლო პერიოდში შეიქმნა სინთეზური ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ჭიების საწინააღმდეგო მაღალი აქტივობა და უფრო უსაფრთხოა (ზემოთა ღნიშნულებთან შედარებით). ამასთან დაკავშირებით ძველი პრეპარატების ნაწილი (სანტონინი, მამრობითი გვიმრის ექსტრაქტი, ოთხქლორიანი ნახშირბადი, ჰექსილრეზორცინი და სხვა) ამოღებულია სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან, ხოლო ზოგიერთი (თიმოლი, გოგირდი, აბზინდას ყვავილები, გოგრის თესლი, ასფურცელას ყვავილები და სხვა) გამოიყენება საკმაოდ შეზღუდულად.
ჭიების საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებები ჰელმინთების სხვადასხვა კლასებზე უპირატესი ზემოქმედების შესაბამისად (ნემატოდოზების საწინააღმდეგო, ცესტოდოზების საწინააღმდეგო, ტრემატოდოზების საწინააღმდეგო) იყოფა ჯგუფებად. ზოგიერთი მათგანი ეფექტურია ჰელმინთების რამდენიმე კლასის მიმართ. გამოყოფენ აგრეთვე პრეპარატების სპეციალურ ჯგუფს, რომლებიც გამოიყენებიან ნაწლავსგარეთა ჰელმინთოზების შემთხვევაში (ხლოქსილი, დიეთილკარბამაზინი და სხვა).
ქიმიური სტრუქტურით ჭიების საწინააღმდეგო სინთეზური პრეპარატები წარმოადგენენ ეთანოლამინის (ბეფენიუმის ჰიდროქსინაფტოატი, დიფეზილი და სხვა), ბენზიმიდაზოლის (მებენდაზოლი, კარბენდაცინი და სხვა), იმიდაზოთიაზოლის (ლევამიზოლი), სალიცილამიდის (ნიკლოზამიდი და სხვა), პიპერაზინის (მისი მარილები), პირაზინოიზოქინოლინის (პრაზიკვანტელი და სხვა) წარმოებულებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.