ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. ყვრიმალის ძვალი (Os zygomaticum; Zygomatic bone)
ყვრიმალის ძვალი – os zygomaticum წყვილი ძვალია; შედის სახის ქალას გვერდითი ნაწილების შემადგენლობაში. მასზე არჩევენ 3 ზედაპირს: გარეთ მიმართულ ლატერალური ზედაპირს – facies lateralis, შიგნით მიმართულ თვალბუდისმხრივი ზედაპირს – facies orbitalis, რომელიც შედის თვალბუდის გარეთა და ქვემო კედლების შემადგენლობაში, და საფეთქლის ფოსოსაკენ მიმართულ საფეთქლისმხრივი ზედაპირს – facies temporali.
ყვრიმალის ძვალს აქვს ორი მორჩი: შუბლისეული მორჩი და საფეთქლისეული მორჩი. შუბლისეული მორჩი – processus frontalis გამოდის ყვრიმალის ძვლის ზემო კუთხიდან და უერთდება შუბლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩს შუბლ-ყვრიმალის ნაკერით – sutura frontozygomatica და სოლისებრი ძვლის დიდ ფრთას სოლისებრ-ყვრიმალის ნაკერით – sutura sphenozygomatica. თვალბუდისმხრივ ზედაპირზე მდებარეობს ყვრიმალ-თვალბუდის ხვრელი – foramen zygomaticoorbitale, რომელიც ყვრიმალის ძვლის სისქეში ოყოფა ორ არხად: ერთი მათგანი იხსნება ძვლის წინა ზედაპირზე ყვრიმალ-სახის ხვრელით – foramen zygomaticofaciale, მეორე – საფეთქლისმხრივ ზედაპირზე ყვრიმალ-საფეთქლის ხვრელით – foramen zygomaticotemporale (ამ არხებში გადის ნერვები). ყვრიმალის ძვლის უკანა კუთხიდან გამოდის საფეთქლისეული მორჩი – processus temporalis, რომელიც უერთდება საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩს და მასთან ერთად წარმოქმნის ყვრიმალის რკალს – arcus zygomaticus.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.