პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ღვიძლის ფუნქციებზე მოქმედი საშუალებებიდან განვიხილავთ ჰეპატოპროტექტორებს, ნაღვლმდენ საშუალებებს და ნაღვლის პრეპარატებს
ჰეპატოპროტექტორებს წარმოადგენენ საშუალებებს, რომლებიც ზრდიან ღვიძლის მდგრადობას (ხელს უწყობენ აღდგენას), პათოლოგიური ზემოქმედებისა და სხვადასხვა დაზიანებების (მათ შორის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის) მიმართ, აძლიერებენ მის გამაუვნებელ ფუნქციებს ფერმენტული სისტემების – მონოოქსიგენაზური (ციტოქრომა P450 და სხვა მიკროსომალური ენზიმების) აქტივობის გაზრდით და ა.შ.
ჰეპატოპროტექტორული თვისებები ამა თუ იმ ხარისხით გააჩნიათ სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში აუმჯობესებენ მეტაბოლურ პროცესებს, მაგალითად, ვიტამინები, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინჰიბიტორები, აგრეთვე ანტიჰიპოქსანტები (პრეპარატები ესენციალე, დიიზოპროპილამინი და სხვა). სელექტიური ჰეპატოპროტექტორების სახით სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ფლავონოიდური სტრუქტურის ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც სტრუქტურით უახლოვდებიან P ჯგუფის ვიტამინებს და სხვადასხვა მცენარეული საშუალებები.
ნაღველმდენი საშუალებები და ნაღველის პრეპარატები
ნაღველმდენი საშუალებები იყოფა ორ ჯგუფად: ნაღველის (და ნაღვლის მჟავების) წარმოქმნის გამაძლიერებელი და ნაღვლის ბუშტიდან ნაწლავში მისი გამოყოფის ხელის შემწყობი საშუალებები. პირველ ქვეჯგუფს (Choleretica, Cholesecretica) მიეკუთვნებიან პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ნაღველის მჟავებს და ნაღველს (ალოხოლი, ლიობილი, ქოლენზიმი და სხვა), მცენარეული წარმოშობის საშუალებები (უკვდავას ყვავილები, სიმინდის ულვაში, ფლაკუმინი, კონვაფლამინი, ბერბერინის სულფატი და სხვა), აგრეთვე ზოგიერთი სინთეზური პრეპარატი (ოსალმიდი, ჰიდროქსიმეთილნიკოტინამიდი, ციკლოვალონი და სხვა). ქოლერეტიკების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეფლექსებითა (განსაკუთრებით ნაღველის, ნაღველის მჟავების, ეთერზეთების პრეპარატების გამოყენებისას), და აგრეთვე ღვიძლის ეკზოსეკრეციაზე მათი გავლენით. ისინი ზრდიან სეკრეტირებული ნაღველის რაოდენობას და მასში ქოლატების შემცველობას, მაღლა სწევენ ნაღველსა და სისხლს შორის ოსმოსურ გრადიენტს, რაც აძლიერებს ნაღვლის კაპილარებში წყლისა და ელექტროლიტების ფილტრაციას, აჩქარებენ ნაღველის დინებას ნაღველგამომყვან გზებში, ამცირებენ ქოლესტერინის გამოლექვის ალბათობას, ანუ ხელს უშლიან ნაღველის ქვების წარმოქმნას, აძლიერებენ წვრილი ნაწლავის საჭმლის მომნელებელ და მამოძრავებელ აქტივობას. ნაღვლის გამოყოფის ხელისშემწყობი პრეპარატები (Cholagoga ან Cholekinetika) მოქმედებას იწვევენ ან ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის სტიმულირების გზით (ქოლეკინეტიკები), ან მისი, ნაღვლგამომყვანი გზების და ოდის სფინქტერის ტონუსის დაქვეითების გზით (ქოლესპაზმოლიტიკები). პირველი ვარიანტით ხდება მაგნიუმის სულფატის, ბერბერინის ბისულფატის და ზოგიერთი სხვა პრეპარატის ეფექტის რეალიზაცია, ხოლო მეორეთი – სხვადასხვა სპაზმოლიზური საშუალების (პაპავერინი, ნო-შპა, ოლიმეთინი და სხვა), ქოლინოლიტიკების, ნიტრატების, ამინოფილინის და სხვათა ეფექტის რეალიზაცია.
ნაღველმდენი საშუალებების უმრავლესობა ზრდის როგორც ნაღველის სეკრეციას და ასევე, აადვილებს მის მოხვედრას ნაწლავში; ზოგიერთი პრეპარატი ავლენს ზომიერ ანთების საწინაარმდეგო (ციკლოვალონი) და ანტიბაქტერიულ (ჰიდროქსიმეთილნიკოტინამიდი) აქტივობას. დეოქსიქოლმჟავას რიგი წარმოებულები, კერძოდ ურსოდეოქსიქოლმჟავა, იზომერული ქენოდეოქსიქოლმჟავა, არა მარტო ხელს უშლიან ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული ქვების წარმოქმნას, არამედ აგრეთვე ხსნიან უკვე არსებულ ქვებს. ეს მჟავები აქვეითებენ ნაღველში ქოლესტერინის შემცველობას, რამდენადმე ზრდიან ნაღველის მჟავების დონეს. მათ ნიშნავენ მცირე ზომის ქოლესტერინული ქვების არსებობისას როგორც ქოლელითიაზური საშუალებას, ასევე დამატებით ქოლელითიაზურ საშუალებებად ქირურგიული მკურნალობის დროს.
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.