პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი სეკრეციის დროს ფართოდ გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სახით, რომლებიც მონაწილეობენ ცილების (პეფსინი, ტრიფსინი), ნახშირწყლების (ამილაზა), ცხიმების (ლიპაზა) მონელებაში. ჩანაცვლებით სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს პეფსინი, ნატურალური კუჭის წვენი, პანკრეატინი და აგრეთვე სხვადასხვა კომბინირებული (პანზინორმ ფორტე, ფესტალი, დიგესტალი და სხვა). ფერმენტების ჯგუფს მიეკუთვნება ასევე ჰიალურონიდაზას პრეპარატები, პროტეოლიზური ფერმენტები (და მათი ანტაგონისტები), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები (აცეტოაზოლამიდი, დორზოლამიდი, ბრინზოლამიდი) და სხვა. კარბოანჰიდრაზა ეს არის ფერმენტი, რომელიც ახდენს ნახშირბადის დიოქსიდის ჰიდრატაციის და ნახშირმჟავას დეჰიდრატაციის შექცევადი რეაქციის კატალიზს. ნახშირმჟავა წარმოქმნისთანავე სწრაფად დისოცირდება ბიკარბონატის პროტონებისა და იონების წარმოქმნით. კარბოანჰიდრაზა წარმოადგენს ცინკოპროტეიდს 0,33-0,34% თუთიის შემცველობით. ადამიანის ორგანიზმში ეს ფერმენტი არსებობს სხვადასხვა იზოფერმენტული ფორმით – კარბოანჰიდრაზა I (KA-I) და კარბოანჰიდრაზა II (KA-II), რომელთაგან უფრო აქტიურია KA-II. კარბოანჰიდრაზას შეიცავენ სისხლის ერითროციტები, აგრეთვე სხვა ქსოვილების უჯრედები (მათ შორის თირკმელების, თვალის წამწამოვანი სხეულის, პანკრეასის, კუჭის ლორწოვანი გარსის, ყბა-ყურის სანერწყვე ჯირკვლები). როგორც წესი, ეს ფერმენტი თავმოყრილია უჯრედებში და არ გვხვდება ქსოვილოვან სითხეებში.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ (მათ შორის ინსტილაციური ფორმების სახით – ბრინზოლამიდი, დორზოლამიდი). კარბოანჰიდრაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი (აცეტაზოლამიდი) გამოიყენება დიურეზული საშუალების სახით, განსაკუთრებით კარდიალური შეშუპებების დროს, აგრეთვე როგორც ეპილეფსიის სამკურნალო დამხმარე საშუალება. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების დიურეზული ეფექტი განპირობებულია თირკმელებში თირკმელის პროქსიმალურ მილაკებში ამ ფერმენტის აქტივობის დათრგუნვით და ბიკარბონატის რეაბსორბციის შემდგომი დარღვევით. თვალის წამწამოვანი სხეულის კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს თვალისშიდა სითხის სეკრეციის დაქვეითებას (უპირატესად ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირებისა და ნატრიუმისა და სითხის ტრანსპორტის შემდგომი შემცირების ხარჯზე) და თვალის შიდა წნევის დაქვეითებას.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.