პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს – თიროქსინს და ტრიიოდთირონინს. ორივე ჰორმონი მრავალმხრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ზრდის ქსოვილების მოთხოვნილებას ჟანგბადზე, აძლიერებს ენერგეტიკულ პროცესებს, ახდენს ქსოვილების ზრდისა და დიფერენცირების სტიმულირებას, გავლენას ახდენს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, აძლიერებს გლუკოზის შთანთქმას და მის უტილიზაციას. თირეოიდული ჰორმონების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს დოზის მიხედვით. კერძოდ, თიროქსინის მცირე დოზები იძლევიან ანაბოლურ ეფექტს, დიდი დოზები კი იწვევენ ცილის გაძლიერებულ დაშლას. თირეოიდული ჰორმონების დიდი დოზები უკუკავშირის მექანიზმით ამუხრუჭებენ ჰიპოფიზის თირეოტროპულ აქტივობას. ტრიიოდთირონინი 3-5-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე თიროქსინი და მოქმედებს უფრო სწრაფად, ვინაიდან უკავშირდება სისხლის ცილებს (უპირატესად თავისუფალი სახით ცირკულირებს სისხლში) და უფრო სწრაფად აღწევს უჯრედულ მემბრანებში. ტრიიოდთირონინის მოქმედების პერიოდი უდრის 4-8 საათს, ხოლო თიროქსინისა – 24-48 საათს. სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ თიროქსინის და ტრიიოდთირონინის სინთეზურ ანალოგებს – ნატრიუმის ლევოთიროქსინს და ლიოთირონინს, შესაბამისად, აგრეთვე თირეოიდინს, რომელიც მიიღება რქოსანი პირუტყვის ფარისებრი ჯირკვლისაგან (შეიცავს თიროქსინსაც და ტრიიოდთირონინსაც). ნატრიუმის ლევოთიროქსინს და ლიოთირონინს შედარებით მცირე დოზებით ნიშნავენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარობისას და უფრო დიდი დოზებით (რომლებიც არ იწვევენ ჰიპერთირეოზს, მაგრამ საკმარისია თირეოტროპული აქტივობის დასათრგუნად) ჰიპოფიზის ჭარბი თირეოტროპული ფუნქციის შემთხვევაში. იოდის დეფიციტის შესავსებად ამ პრეპარატების შემადგენლობაში ხშირად შეჰყავთ კალიუმის იოდიდი ან ნიშნავენ მას დამატებით. იყენებენ აგრეთვე კომბინირებულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ თირეოიდულ ჰორმონებს და რიგ შემთხვევებში კალიუმის იოდიდის დანამატებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანტაგონისტებს წარმოადგენენ ანტითირეოიდული პრეპარატები. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის ჰიპერწარმოქმნა იწვევს მძიმე დაავადებების (თირეოტიქსიკოზის, ბაზედოვის დაავადების, თირეოტოქსიკური ჩიყვის) განვითარებას. მათ მკურნალობენ ფარმაკოთერაპიის, ქირურგიის ან მათი ურთიერთშეხამების მეშვეობით. ანტითირეოტროპული პრეპარატები (ფარმაკოთერაპია) ფართოდ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სინთეზური საშუალებაა თიამაზოლი, მასვე მიეკუთვნება აგრეთვე კალიუმის პერქლორატი და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალება. მათი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის იოდირების შემცირებით, რაც განპირობებულია თიროქსინის მოლეკულაში იოდის ატომის ჩართვის ბლოკირების გზით. ისინი აჩქარებენ ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების გამოყოფას, თრგუნავენ ფერმენტული სისტემების აქტივობას, რომლებიც იწვევენ თირეოგლობულინის იოდირებას და დიიოდთიროზინის ტრი- და ტეტრაიოდთიროზინში გარდაქმნას ასევე, იწვევნ ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფის შემცირებას. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს აგრეთვე კალციტონინს – ჰიპოკალციემიური მოქმედების ჰორმონს. ამჯერად ცნობილია კალციტონინის 8 ტიპი, რომელთაგან სამედიცინო მნიშვნელობა აქვს ორაგულის, ღორის და ადამიანის კალციტონინებს. კალციტონინი გამომუშავდება ფარისებრი, მკერდუკანა და პარაფარისებრი ჯირკვლების პარაფოლიკულარული ღია ფერის უჯრედებით. შემუშავებულია აგრეთვე სინთეზური კალციტონინის მიღების ტექნოლოგიაც.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.