ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ტუბერკულოზის საწინაარმდეგო პრეპარატებს ყოფენ 2 ჯგუფად: ა) I რიგის პრეპარატები (ძირითადი ანტიბაქტერიულები); ბ) II რიგის პრეპარატები, (სარეზერვო). I რიგის პრეპარატებს, რომლებიც წარმოადგენენ ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმის სამკურნალო ძირითად ქიმიოთერაპიულ საშუალებებს, მიაკუთვნება იზონიკოტინის მჟავის ჰიდრაზიდი (იზონიაზიდი) და მის წარმოებულები, ანტიბიოტიკები (სტრეპტომიცინი, იხ.), პასმ-ს და მისი წარმოებულები. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მაღალეფექტურ პრეპარატს წარმოადგენს ანტიბიოტიკი რიფამპიცინი. II რიგის პრეპარატებს მიაკუთვნება ეთიონამიდი, პროტიონამიდი, ეტამბუტოლი, ციკლოსერინი, პირაზინამიდი, თიოაცეტაზონი, კანამიცინი, ფლორიმიცინი. II რიგის (სარეზერვო) პრეპარატები ნაკლებ აქტიურნი არიან ტუბერკულოზის მიკობაქტერიისადმი, ვიდრე იზონიაზიდი და სტრეპტომიცინი; მათი ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოქმედებენ მიკობაქტერიებზე, რომლებიც მდგრადები არიან I რიგის პრეპარატების მიმართ. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო I რიგის პრეპარატები მაღალეფექტურია, მაგრამ მათი გამოყენებისას საკმაოდ სწრაფად ვითარდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიისადმი მდგრადობა. ერთი პრეპარატის იზოლირებული გამოყენებისას, მიკობაქტერიის მდგრადი ფორმები შესაძლოა გაჩნდნენ 2–4 თვეში. მიკობაქტერიისადმი მდგრადობა შესაძლოა განვითარდეს მნიშვნელოვნად ნელა, სხვადასხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენებით. ამიტომ, ტუბერკულოზის თანამედროვე თერაპია კომბინირებულია. ავადმყოფს ერთდროულად უნიშნავენ 3 ან 2 პრეპარატს, ამასთან შესაძლებელია I რიგის პრეპარატების კომბინირება (მაგ. იზონიაზიდი ციკლოსერინთან ან ეტიონამიდთან და სხვ.).
ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებს განალაგებენ მათი ეფექტურობის ხარისხით. ყველაზე მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტივობა აქვს იზონიაზიდს, რომელიც წარმოადგენს ძირითად პრეპარატს, განსაკუთრებით ტუბერკულოზის პირველად გამოვლენილ ავადმყოფებში, შემდეგ კი – რიფამპიცინს. დანარჩენი პრეპარატები აქტივობის მიხედვით განლაგდებიან შემდეგნაირად: სტრეპტომიცინი, კანამინიცინი, პირაზინამიდი, ეთიონამიდი, პროტიონამიდი, ეტამბუტოლი, ციკლოსერინი, ფლორიმიცინი, პასმ, თიოაცეტაზონი. ტუბერკულოზის საწონააღმდეგო პრეპარატთა უმრავლესობა ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე მოქმედებენ ბაქტერიოსტატიკურად, თრგუნავენ მათ გამრავლებას და ამცირებენ ვირულენტობას. იზონიაზიდი და რიფამპიცინი დიდი დოზებისას მოქმედებენ ბაქტერიოციდულად. მდგრადი სამკურნალო ეფექტის მისაღებად და შესაძლო რეციდივების თავიდან ასაცილებლად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოყენებული უნდა იქნას ხანგრძლივად. პრეპარატის შერჩევა და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტუბერკულოზის ფორმასა და მის მიმდინარეობაზე, წინამორბედ მკურნალობაზე, პრეპარატის მიმართ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მგრძნობელობაზე, მის ამტანობაზე და სხვ. პრეპარატების კომბინირებისას საჭიროა შენარჩუნებული იქნას I რიგის 1 ან 2 პრეპარატის კომბინირება, განსაკუთრებით იზონიზიდისა, თუკი არაა უკუჩვენება ან მდგრადობა მის მიმართ. კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას თითოეული ცალკე აღებული პრეპარატის დოზა არ მცირდება. გასათვალისწინებელია, რომ რეკომენდებული არ არის სტრეპტომიცინის, მისი წარმოებულებისა და შემცველების კომბინირება კანამიცინთან, ფლორიმიცინთან და სხვა ანტიბიოტიკებთან, რომლებიც ახდენენ ნეფროტოქსიურ და ოტოტოქსიურ მოქმედებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.