ტრანკვილიზატორები (ანქსიოლიტიკები)

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ტერმინი ტრანკვილიზატორები (ლათ. tranquillo – are – მშვიდიდ, უშფოთველად ყოფნა) სამედიცინო ლიტერატურაში დამკვიდრდა 1957 წელს, ფსიქოტროპულ საშუალებათა აღსანიშნავად, რომლებსაც იყენებენ ნევროზების, ფსიქიური დაძაბულობისა და შიშების დროს.

განსხვავებით ნეიროლეფსიური საშუალებებისაგან, ტრანკვილიზატორთა უმრავლესობა არ ახდენს გამოხატულ ანტიფსიქოზურ მოქმედებას. თანამედროვე ლიტერატურაში ამ ჯგუფის პრეპარატების აღსანიშნავად გამოიყენება ასევე ტერმინი ანქსიოლიტიკები (antianxiety agents). ამ ჯგუფის პრეპარატები ახდენენ არა მარტო ანქსიოლიზურ მოქმედებას. მათ გააჩნიათ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ოთხი ფარმაკოლოგიური თვისება: ანქსიოლიზური, ჰიპნოზური, მიორელაქსაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო.

ანქსიოლიზური (ანტიფობიური) და დამამშვიდებელი მოქმედება – ტრანკვილიზატორთა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ჰიპნოზური ეფექტი გამოიხატება დაძინების გაიოლებით, საძილე საშუალებების მოქმედების გაძლიერებით; ძლიერდება აგრეთვე ნარკოტიკული და ანალგეზიური საშუალებების მოქმედება. ამიტომ, ტრანკვილიზატორებით ხშირად სარგებლობენ ნეიროლეპტანალგეზიისას. ტრანკვილიზატორთა მიორელაქსაციური ეფექტი დაკავშირებულია ცნს-ზე გავლენასთან, და არა პერიფერიულ კურარესმაგვარ მოქმედებასთან, ამიტომ მათ ზოგჯერ უწოდებენ ცენტრალურ რელაქსანტებს. ეს ეფექტი ხშირად დადებით ფაქტორად ითვლება, რათა ტრანკვილიზატორი გამოყენებული იქნას დაძაბულობის, შიშის, აგზნების მოსახსნელად. თუმცა იგი ზღუდავს გამოხატული მიორელაქსაციური თვისებების მქონე პრეპარატთა გამოყენებას, იმ ავადმყოფებში, რომელთა სამუშაო მოითხოვს სწრაფ, კონცენტრირებულ რეაქციას (ტრანსპორტის მძღოლები და სხვ.).

საჭიროა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში შექმნილია მძლავრი ტრანკვილიზატორები (კერძოდ, ფენაზეპამი), რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ სამკურნალო მოქმედება ფსიქოზურ და ფსიქოზისმაგვარ მდგომარეობებისას. კლინიკური გამოყენებისათვის ტრანკვილიზატორის შერჩევისას აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას განსხვავებები მათი მოქმედების სპექტრში. ზოგიერთ პრეპარატს (მაგ. მეზაპამი) აქვს შედარებით სუსტი მიორელაქსაციური თვისება, რის გამოც ისინი უფრო მოსახერხებელნი არიან დღის საათებში მისაღებად და ამიტომ მათ ხშირად უწოდებენ დღის ტრანკვილიზატორებს. თუმცა შედარებით დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა, ყველა ტრანკვილიზატორმა გამოავლინოს ამ ჯგუფის პრეპარატთა ყველა დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური თვისება.

აგებულების მიხედვით ტრანკვილიზატორები მიეკუთვნებიან ქიმიურ ნაერთთა სხვადასხვა კლასებს. ამ ჯგუფის ძირითადი თანამედროვე პრეპარატებია ბენზოდიაზეპინის წარმოებულები. გარდა ამისა, მნიშვნელობა შეინარჩუნეს პროპანდიოლის კარბამატებმა (მეპროტანი და სხვ.), დიფენილმეთანის წარმოებულებმა (ამიზილი და სხვ.), ზოგიერთი სხვა ქიმიური ჯგუფების წარმომადგენლებმა. ტრანკვილიზატორთა მოქმედების მექანიზმი ამ დრომდე არასაკმარისადაა ახსნილი. ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ტრანკვილიზატორთა გავლენით ხდება თავის ტვინის იმ ქერქქვეშა მიდამოს (ლიმბიური სისტემა, თალამუსი, ჰიპოთალამუსი) აგზნების შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოციური რეაქციების განხორციელებაზე, და ადგილი აქვს ამ სტრუქტურებსა და თავის ტვინის ქერქს შორის ურთიერთზემოქმედების დამუხრუჭებას. ტრანკვილიზატორები ახდენენ აგრეთვე დამამუხრუჭებელ მოქმედებას პოლისინაფსურ სპინალურ რეფლექსებზე, რაც იწვევს მიორელაქსაციას. ნეიროქიმიურ ასპექტში სხვადასხვა ტრანკვილიზატორები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოქმედების თავისებურებებით; მათ ნაკლებად აქვთ გამოხატული. ნორადრენერგულ, დოფამინერგულ, სეროტონინერგულ სისტემებზე გავლენა. ამასთან, ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორები აქტიურად ზემოქმედებენ გაემ-ერგულ სისტემებზე; ახდენენ გაემ-ის მოქმედების პოტენცირებას. ცნს-ის უჯრედებში აღმოჩენილია სპეციფიური რეცეპტორები (და მათი ჯგუფები), რომელთათვისაც ბენზოდიაზეპინები წარმოადგენენ ეგზოგენურ ლიგანდებს. ამ რევცეპტორების ენდოგენური ლიგანდების ბუნება არასაკმაოდაა გამოკვლეული. არსებობს მჭიდრო კავშირი ბენზოდიაზეპინებსა და გაემ-რეცეპტორებს შორის. ბენზოდიაზეპინები ხელს უწყობენ გაემ-ის გამოთავისუფლებას და მის გავლენას სინაფსურ გადაცემაზე. დიფენილმეთანის წარმოებულები (ამიზილი და სხვ.) აქტიურად მოქმედებენ თავის ტვინის ქოლინერგულ სისტემაზე, რის გამოც მათ უწოდებენ ასევე ცენტრალურ ქოლინოლიტიკებს. პროპანდიოლის წარმოებულები (მეპროტანი და სხვ.) ბენზოდიაზეპინებზე და ქოლინერგულ რეცეპტორებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენენ.

სხვადასხვა ტრანკვილიზატორები ეფექტურნი არიან სხვადასხვა ნევროზული და ნევროზისმაგვარი მდგომარეობებისას. ამიტომ მათ ფართო გამოყენება ჰპოვეს არა მარტო ფსიქიატრულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში, არამედ პრაქტიკული მედიცინის სხვა სფეროებშიც. ფართო გამოყენება მოიპოვეს ტრანკვილიზატორებმა ამბულატორიულ მკურნალობაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძირითადი ტრანკვილიზატორების შედარებით მცირე ტოქსიურობისა, (ბენზოდიაზეპინები, პროპანდიოლის კარბამატები), ისინი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ შესაბამისი ჩვენებების არსებობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ. მათმა გაუმართლებელმა და უკონტროლო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ფსიქიური დამიკიდებულება და სხვა არასასურველი ეფექტები. არ შეიძლება ტრანკვილიზატორების დანიშვნა ტრანსპორტის მძღოლებში მუშაობისას და აგრეთვე იმ პირებში, რომელთა პროფესია მოითხოვს სწრაფ ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციებს. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მომატებული ნერვული დაძაბულობა ხელს უშლის ნორმალურ მოღვაწეობას, შესაძლოა ტრანკვილიზატორების დანიშვნა პრეპარატის ინდივიდუალური შერჩევითა და დოზით, ავადმყოფზე ექიმის მეთვალყურეობით. საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ, რომ ალკოჰოლი ტრანკვილიზატორების მოქმედების პოტენცირებას ახდენს, ამიტომ მათი გამოყენებისას არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება. ლიტერატურაში არსებობს მითითება იმაზე, რომ არამარტო ქოლინოლიზური თვისებების მქონე ტრანკვილიზატორებმა (ამიზილი და სხვ.), არამედ სხვებმაც – მაგალითად, მეპრობამატი (მეპროტანი) და განსაკუთრებით დიაზეპამი (სიბაზონი, სედუქსენი, რელანიუმი), შესაძლოა გამოიწვიონ თვალის დამტენიანებელი სეკრეციის გაძლიერება, მისი უკუდენის გაძნელება და თვალშიგა წნევის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია ეს პრეპარატები გარკვეული სიფრთხილით იქნენ დანიშნულნი გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებში, ამასთან არა ხანგრძლივად.
(2)
ტრანკვილიზატორები (ლათ. tranquilare დამშვიდება; სინ.: მცირე ტრანკვილიზატორები, ატარაქტული ნივთიერებები, ანტიფობიური სედაციური საშუალებები, ანქსიოლიტური საშუალებები, ფსიქორელაქსანტები) _ ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებიც შერჩევითად თრგუნავენ შიშის, დაძაბულობის, მღელვარების და მოუსვენრობის შეგრძნებებს და გამოიყენებიან, უპირატესად, ნევროზული და ნევროზის მსგავსი დარღვევებით მიმდინარე დაავადებების მკურნალობის დროს.

ნეიროლეპტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, ტრანკვილიზატორებს არ გააჩნიათ გამოხატული ანტიფსიქოზური ეფექტი ანუ ბოდვის, ჰალუცინაციების და სხვა ე.წ. პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების შესუსტების უნარი.
ტრანკვილიზატორების საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებული ქიმიური სტრუქტურების მიხედვით, ტრანკვილიზატორები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

1) პროპანდიოლის წარმოებულები _ მეპროტანი, იზოპროტანი, ტიბამატი (სინ.: სოლაცენი, ბენვილი);

2) ტრიმეთოქსიბენზოის მჟავას ამიდის წარმოებულები _ ტრიოქსაზინი;

3) უჯერი კარბინოლები _ მეთიპენტინოლი (სინ.: ობლივონი, დალგოლი, პენტინოლი), ეთქლორვინოლი (სინ.: ალვინოლი, რორიდორმი, სერენზილი);

4) დიფენილმეთანის წარმოებულები _ ჰიდროქსიზინი (სინ. ატარაქსი), ამიზილი, მატამიზილი, აზაციკლონოლი (სინ. ფრენკველი), კაპტოდიამინი (სი.: კოვატინი, სუვრენი);

5) ბენზოდიაზეპინის წარმოებულები _ ქლორდიაზეპოქსიდი, დიაზეპამი, ოქსაზეპამი, ნიტრაზეპამი, მედაზეპამი (სინ.: ნობრიუმი, რუდოტელი), ლორაზეპამი (სინ. ტამორი), კლონაზეპამი (სინ. რივოტრილი), კლორაზეპამი (სინ. ტრაქსენი), ფენაზეპამი, ტემაზეპამი (სინ. კრიზონარი), ფლურაზეპამი (სინ. დალმადორმი), ფლუნიტრაზეპამი (სინ. როგიპნოლი), ბრომაზეპამი (სინ. ლექსოტანი), გრანდაქსინი (სინ. ტოფიზოპამი);

6) დიბენზობიციკლოოქტადიენის წარმოებულები _ ბენზოქტამინი (სინ. ტაციტინი).

აღნიშნულ ჯგუფებთან ერთად, ანქსიოლიტური მოქმედება (შიშის და მოუსვენრობის დათრგუნვის უნარი) გააჩნიათ საძილე საშუალებებს, ნეიროლეპტიკებს (იხ. ნეროლეპტიკური საშუალებები), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, β-ადრენობლოკატორებს (იხ. ადრენოლიზური საშუალებები), მცენარეული წარმოშობის სედაციურ საშუალებებს. აღნიშნული პრეპარატების ფარაკოლოგიური ეფექტის ხასიათი, მნიშვნელოვან წილად, დამოკიდებულია გამოყენებულ დოზებზე.

პროპანდიოლის წარმოებულები, ტრიმეთოქსიბენზოის მჟავას ამიდები, უჯერი კარბინოლები და დიფენიმეთანის წარმოებულები, რომლებსაც ადრე წამყვანი ადგილი ეკავათ ტრანკვილიზატორების ჯგუფში, მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ძალიან იშვიათად გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. თანამედროვე მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, აგრეთვე დიბენზობიციკლოოქტადიენის ჯგუფის პრეპარატები.

ექსპერიმენტული კვლევები ადასტურებენ, რომ ტრანკვილიზატორების ზეგავლენით აღინიშნება ემოციების რეგულირებაში მონაწილე თავის ტვინის ქერქვეშა წარმონაქმნების აგზნებადობის შემცირება და აღნიშნულ წარმონაქმნებს და თავის ტვინის ქერქს შორის ურთიერთქმედების ცვლილება. (იხ. ემოციები). აგრეთვე დადგენილია ბენზოდიაზეპინების პირდაპირი კორტიკალური ეფექტი. ტრანკვილიზატორების მოქმედების მიორელაქსაციური მექანიზმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პოლისინაფსური სპინალური რეფლექსების დამუხრუჭება (იხ. მიორელაქსანტები). დადგენილია, რომ ტრანკვილიზატორები ახდენენ გამაამინოზეთოვანი მჟავა-ერგული პროცესების სტიმულირებას ცნს-ში. სავარაუდოა, რომ აღნიშნული მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გამა-ამინოზეთოვანი მჟავას მიმართ მისივე რეცეპტორების მგრძნობელოის მომატებაში. (იხ. გამა-ამინოზეთოვანი მჟავა).

უკანასკნელ წლებში, ცხოველების და ადამიანის ტვინში აღმოჩენილია ნეირონული მემბრანების უბნები, რომელთაც გააჩნიათ ბენზოდიაზეპინის წარმოებულების სპეციფიკურად შეერთების უნარი. ამ უბნებს ეწოდა ბენზოდიაზეპინის რეცეპტორები. სავარაუდოა, რომ ბენზოდიაზეპინის რეცეპტორები შეუღლებულნი არიან გამა-ამინოზეთოვანი მჟავას რეცეპტორებთან და ბენზოდიაზეპინების თავისივე რეცეპტორებთან ურთიერთქმედების შედეგად მატულობს გამა-ამინოზეთოვანი მჟავას რეცეპტორების გამა-ამინოზეთოვანი მჟავასთან მსგავსება. არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ტრანკვილიზატორების მოქმედების მექანიზმში გარკვეულ როლს თამაშობდეს თავის ტვინის სისტემის სხვა მედიატორებიც, კონკრეტულად მონოამინერგული მედიატორები. ექსპერიმენტის პირობებში, ტრანკვილიზატორები ავლენენ მაღალ სპეციფიკურ აქტივობას ტესტზე “კონფლიქტური სიტუაცია”. გარდა ამისა, ისინი თრგუნავენ აგრესიულობას და აიოლებენ ველური ცხოველების მოთვინიერებას.

ტრანკვილიზატორებს აგრეთვე გააჩნიათ ანტაგონიზმი კრუნჩხვით შხამებთან, ახდენენ სანარკოზე და საძილე საშუალებების პოტენცირებას, თრგუნავენ ზურგის ტვინის პოლისინაფსურ რეფლექსებს. ტრანკვილიზატორები არ ახდენენ შერჩევით მოქმედებას მამოძრავებელ-დამცველობით პირობით რეფლექსებზე, ნაკლებად მოქმედებენ პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.

ტრანკვილიზატორების კლინიკური მოქმედების ყველაზე მეტად დამახასიათებელ ფაქტორს და, ამავე დროს, მათი ეფექტურობის ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს ემოციური აგზნებადობის და დაძაბულობის, აგრეთვე აფექტურად მდიდარი განცდების შესუსტების უნარი. ამის გამო მცირდება დაძაბულობა და შფოთვა, ქვეითდება შიშის და მღელვარების განცდები, მატულობს ფსიქიკური და ფსიქოვეგეტაციური რეაქტიულობის ზღვარი სხვადასხვა პათოგენური გამაღიზიანებლების მიმართ. ამასთან, იზრდება განცდებისადმი მდგრადობა, რომელიც მანამდე ატარებდა სტრესულ ხასიათს, უმჯობესდება მძიმე სიტუაციებში ადექვატური რეაგირების უნარი.

ნევროზული დარღვევების დროს, ტრანკვილიზატორების ზეგავლენით ემოციური აგზნებადობის და აფექტურად დატვირთული განცდების შემცირება ვლინდება იმით, რომ მკურნალობის პროცესში მათი უკუდინამიკა იწყება სწორედ შიშის და მღელვარების შემცირებით. ამის გამო შფოთვით-დეპრესიული, შფოთვით-ობსესიური, შფოთვით-იპოქონდრიული და სხვა სახის მდგომარეობები კარგავენ შფოთვით ელფერს.

ტრანკვილიზატორების ზემოთაღნიშნული სედაციური მოქმედება განსხვავდება ნეიროლეპტიკებით (პირველ რიგში ფენოთიაზინის ალიფატური წარმოებულების) გამოწვეული ემოციურად შემბოჭავი აფექტური ბლოკადისგან და, ამავე დროს, ახდენს ემოციების ნორმალიზებას. მას, როგოც წესი, თან სდევს გუნება-განწყობილების გაუმჯობესება და სურვილების გაძლიერება. ტრანკვიზილაციური ეფექტის გამააქტივირებელი კომპონენტი ვლინდება არა მარტო კლინიკურად, არამედ ექსპერიმენტული კვლევების დროსაც. სხვადასხვა ტრანკვილიზატორების მიმართულების და შერჩევითი მოქმედების თავისებურებები ყველაზე მკვეთრად ვლინდებიან მათი კლინიკური ეფექტების შედარების დროს. ამ დროს გამოვლენილი ცალკეული პრეპარატების მოქმედების სპექტრი წარმოადგენს სამკურნალო პრაქტიკაში ტრანკვილიზატორების გამოყენების ჩვენებების ჩამოყალიბების საფუძველს.

ისეთი პრეპარატებისთვის, როგორებიცაა ფენაზეპამი და დიაზეპამი, დამახასიათებელია აქტივობის ფართო სპექტრი და გამოხატული ტრანკვილიზაციური მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები ეფექტურებია ნევროზული და ნევროზის მსგავსი გამოვლინებების, მათ შორის, ფობიების, აკვიატებული მდგომარეობების, სენესტოიპოქონდრიული დარღვევების (იხ. იპოქონდრიული სინდრომი) დროს. აღნიშნული პრეპარატების თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში. თუმცა, მათ მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს მიორელაქსაცია და ატაქსია, უფრო მეტად გამოხატული, ვიდრე სხვა ტრანკვილიზატორების დანიშვნის დროს. ნიტრაზეპამი სხვა ტრანკვილიზატორებს ჩამორჩება შიშის დათრგუნვის თვალსაზრისით, თუმცა აღემატება მათ საძილე მოქმედებით. ტრიოქსაზინი, მედაზეპამი და მებიკარი მიეკუთვნებიან ე.წ. დღის ტრანკვილიზატორებს, რომლებსაც, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ საძილე და მიორელაქსაციური მოქმედება.

სხვადასხვა ტრანკვილიზატორების მოქმედების თავისებურებები, მათი კლინიკური ეფექტის ზოგადი მიმართულების შენარჩუნების ფონზე, იძლევიან სამკურნალო პრაქტიკაში, დიფერენცირებული დანიშვნისთვის პრეპარატების შერჩევის საშუალებას.

ტრანკვილიზატორები ინიშნება ნევროზების, ფსიქოპათიების, ცნს-ის ზოგიერთი ორგანული დაზიანების (მაგ., პოსტტრამვული, ინფექციური), აგრეთვე შიზოფრენიის, ეპილეფსიის და ნევროზის მსგავსი დარღვევებით მიმდინარე სხვა ფსიქიკური დაავადებების დროს. ტრანკვილიზატორები აგრეთვე გამოიყენება ზოგადსომატურ პრაქტიკაში ე.წ. ნეიროგენული ფუნქციური დარღვევების, მათ შორის, ჰიპერტონული დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების (იხ. წყლულოვანი დაავადება), დერმატიტების და სხ. კომპლექსური თერაპიის დროს. ტრანკვილიზატორებით ნევროზების და მათი მსგავსი მდგომარეობების მკურნალობის დროს თერაპიული ეფექტი უფრო მეტადაა გამოხატული და გაცილებით მდგრადია ფსიქოთერაპიის პარალელურად ან ამ უკანასკნელის შემდგომი (დაავადების თავისებურებიდან გამომდინარე) გამოყენების შემთხვევაში.

ტრანკვილიზატორების გვერდითი მოვლენებისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ზოგიერთი სახის ნევროლოგიური დარღვევები. უხშირესად, ისინი, ძირითადად, ვლინდებიან მიორელაქსაციით, ატაქსიით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. მათი გამოვლინება დამოკიდებულია არა მარტო პრეპარატის დოზაზე, არამედ ავადმყოფის ორგანიზმის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, რაც, უხშირესად განპირობებულია ასაკით, ცნს-ის ორგანული დაზიანების ნარჩენი მოვლენების არსებობით და სხვა ფაქტორებით. დოზის შემცირების ან ტრანკვილიზატორების მოხსნის შემთხვევაში აღნიშნული გამოვლინებები სუსტდებიან. ტრანკვილიზატორებით თერაპიის დროს აღწერილია პარადოქსული რეაქციების ცალკეული შემთხვევები, რაც გამოიხატება მკურნალობის დაწყებიდან უკვე პირველივე დღეებში, მოსალოდნელი ფსიქომასტიმულირებელი ეფექტების საწინააღმდეგო გამოვლინებებით. ეს გამოიხატება შიშის, შფოთვის, გაღიზიანებადობის, უძილობის გაძლიერებით. ასეთ შემთხვევებში, ტრანკვილიზატორების მოხსნა, როგორც წესი, ხელს უწყობს მათ მიღებასთან დაკავშირებული ნევროლოგიური დარღვევების გაწვავებების გაქრობას.

ზოგჯერ ტრანკვილიზატორების ხანგრძლივად გამოყენების დროს _ განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მანამდე ბოროტად იყენებდნენ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს (ან ამის ფონზე) _ შესაძლებელია განვითარდეს როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება ტრანკვილიზატორების მიმართ. მედიკამენტური დამოკიდებულება, ასევე შეიძლება განვითარდეს ტრანკვილიზატორების უკონტროლოდ გამოყენების დროს (თვითმკურნალობის ან მათი ბოროტად გამოყენების შემთხვევებში). ზემოთჩამოთვლილი ეფექტების გარდა, ცალკეულმა ტრანკვილიზატორებმა შეიძლება გამოიწვიონ დისპეფსიური დარღვევები, ალერგიული რეაქციები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება. დიფენილმეთანის წარმოებულის (ამიზილი და სხ.) პრეპარატები, აგრეთვე იწვევენ ატროპინის მსგავსი საშუალებებისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს (პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა და სხ.)
იხ. აგრეთვე ფსიქოფარმაკოლოგიური საშუალებები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.