პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ტეტრაციკლინების ჯგუფს წარმოადგენენ ანტიბიოტიკები და მათი ნახევრადსინთეზური წარმოებულები, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით, ანტიმიკრობული სპექტრითა და მოქმედების მექანიზმით მსგავსია. ტეტრაციკლინების ქიმიური აგებულების საფუძველია კონდენსირებული ოთხციკლიანი სისტემა, რომელსაც აქვს საერთო სახელწოდება – ტეტრაციკლინი. ამ ჯგუფის ანტიბიოტიკებიდან პირველია ქლორტეტრაციკლინი (აურეომიცინი, ბიომიცინი), რომელიც გამოყოფილი იქნა კულტურალური სითხიდან Streptomyces aureofaciens; შემდგომში აქტიური ანტიბიოტიკები გამოყოფილი იქნა Streptomyces rimosus-დან, და ასევე მიღებული იქნა სინთეზური გზითაც. ტეტრაციკლინები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ანტიმიკრობული მოქმედებით, შეწოვისა და ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარით, მეტაბოლიზმით. ტეტრაციკლინები წარმოადგენენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. ისინი აქტიურები არიან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისადმი, სპიროქეტების, ლეპტოსპირების, რიკეტსიების, მსხვილი ვირუსების (ტრაქომის, ორნიტოზის გამომწვევები) მიმართ. არასაკმარისად აქტიურები არიან პროტეუსის, ლურჯი დაჩირქების ჩხირის, სოკოების უმრავლესობის და მცირე ვირუსების (გრიპის, პოლიომიელიტის, წითელას და სხვ.) მიმართ, არასაკმარისად აქტიურები არიან მჟავაგამძლე ბაქტერიებისადმი. პარენტერალური შეყვანისას ტეტრაციკლინები კარგად შეიწოვებიან, სწრაფად აღწევენ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. დაუზიანებელ ჰემატოენცეფალურ ბარიერში აღწევენ ცუდად, მაგრამ თავის ტვინისა და მისი გარსების დაავადებების დროს თავზურგტვინის სითხეში მისი შეღწევადობა მნიშვნელოვნად მატულობს. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან, ნაწილობრივ ნაღველთან. შიგნით მიღებისას ტეტრაციკლინები გამოიყოფიან მნიშვნელოვანი რაოდენობით (20–50% მიღებული დოზიდან) განავალთან. თირკმელებით გამოყოფა ხორციელდება გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევისას ტეტრაცილინების შარდის გზით მცირდება გამოყოფა და მატულობს მათი კონცენტრაცია სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუმულაცია. ტეტრაციკლინების ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მიკრობული უჯრედის ცილის ბიოსინთეზის დათრგუნვა რიბოსომების დონეზე.
ჩვეულებრივი დოზებით ტეტრაციკლინები მოქმედებენ ბქტერიოსტატიკურად. საერთო მოქმედების მექანიზმისა და ანტიმიკრობული ეფექტის გამო ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები იწვევენ ჯვარედინ მდგრადობას: მიკროორგანიზმები, რომლებიც მდგრადი არიან ერთ-ერთ ტეტრაციკლინზე, მდგრადი არიან ასევე ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებზეც. ტეტრაციკლინები კალციუმის, რკინის და სხვა მძიმე მეტალების იონებთან წარმოქმნიან ძნელადხსნად კომპლექსებს. ამიტომ რეკომენდებული არ არის ტეტრაციკლინისა რძესთან და რძის პროდუქტებთან (მათში კალციუმის არსებობის გამო), ანტაციდებთან, ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის, ასევე რკინის პრეპარატებთან ერთდროული მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ტეტრაციკლინები გადიან პლანცეტურ ბარიერში. ტეტრაციკლინების კალციუმთან უხსნადი კომპლექსების შესაძლო წარმოქმნისა და ძვლოვან ჩონჩხში, კბილის ემალში და დენტინში მათი დაგროვების გამო, ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა არ შეიძლება ორსულებსა და 8 წლამდე ბავშვებში.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.