სუნთქვის ორგანოების ფუნქციებზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ხველების საწინააღმდეგო საშუალებები

ხველება წარმოადგენს ხველების ცენტრის რეფლექსური გაღიზიანების შედეგს და არის წარმოადგენს დამცავ მექანიზმს, რომელიც ხელს უშლის სასუნთქი გზების გაღიზიანებას. არსებობს ხველების ორი სახეობა: პროდუქტიული და არაპროდუქტიული. ხველება პროდუქტიულია (სასარგებლოა) და მისი დათრგუნვა არ არის საჭირო, თუ მას თან სდევს სეკრეტის, ექსუდატის, ტრანსუდატის და სასუნთქ გზებში გარედან მოხვედრილი აგენტების გამოყოფა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ხველება არაპროდუქტიულია. არაპროდუქტიული ხველების დროს იყენებენ ხველების საწინააღმდეგო საშუალებებს. მათ ჰყოფენ ორ ჯგუფად: პერიფერიული მოქმედების საშუალებები პრეპარატები და ცენტრალური მოქმედების საშუალებები. ხორხის გაღიზიანებით გამოწვეული ხველების დროს გამოიყენება დამარბილებელი მოქმედების მქონე საშუალებები. ტრაქეის და ქვედა სასუნთქი გზების გაღიზიანებით გამოწვეული ხველების დროს გამოიყენება წყლიანი აეროზოლების ინჰალაციები და სითბური კომპრესები. ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალებების სახით გამოიყენება მორფინისმაგვარი ნაერთები (კოდეინი, დექსტრომეტორფანი და სხვა), ოპიოიდების აგებულებისაგან განსხვავდებული საშუალებები (პრენოქსიდიაზინი და სხვა).

სეკრეტოლიტიკები და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტიმულატორები

ხველებით მიმდინარე ბრონქო-ფილტვოვანი დაავადებების თერაპიაში, როდესაც ნახველის გამოყოფა გართულებულია, ჩვეულებისამებრ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ ამოხველების სტიმულირებას. მათ მიიღეს სეკრეტომოტორული საშუალებების ზოგადი დასახელება. არსებობს ასეთი საშუალებების ორი ჯგუფი, რომლებიც განსხვავდებიან სეკრეტომოტორული მოქმედების მექანიზმით. კერძოდ, თერმოფსისის, წიწინაურის, ტუხტის და სხვა სამკურნალო მცენარეების პრეპარატები, ტერპინჰიდრატი, ლიკორინი, ეთერზეთები ახდენენ სუსტ გამაღიზიანებელ გავლენას კუჭის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებზე ბრონქიალური და ნერწყვის ჯირკვლების სეკრეციის შემდგომი რეფლექსური სტიმულაციით (მოგრძო ტვინის პღებინების ცენტრის გავლით). ამათგან განსხვავებით, ნატრიუმისა და კალიუმის იოდიდები, ამონიუმის ქლორიდი და ზოგიერთი სხვა ნივთიერებები დალევისა და სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აბსორბციის შემდეგ გამოიყოფიან ბრონქების ლორწოვანი გარსით, ახდენენ ბრონქიალური სეკრეციის სტიმულირებას და ნახველის ერთგვარ გათხელებას. საერთო ჯამში, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები აძლიერებენ ფიბრილაციური ეპითელიუმის ფიზიოლოგიურ აქტივობას და ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეციის რამდენადმე გაძლიერებით და ნახველის სიბლანტის უმნიშვნელი შემცირებით სასუნთქი ბრონქიოლების პერისტალტიკას. კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ბრონქოსეკრეტოლიზური პრეპარატები (ანუ მუკოლიტიკები). ნაჩვენებია, რომ ნახველის რეოლოგიური თვისებები (სიბლანტე, ელასტიურობა, ადჰეზიურობა) განაპირობებენ მისი თავისუფალი გამოყოფის (ექსპექტორაციის) შესაძლებლობას. ამიტომ მუკოლიტიკები განსაკუთრებით სასარგებლოა სუნთქვის ორგანოების დაავადების, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ხასიათის ბლანტი და ძნელად გამომყოფი ნახველის წარმოქმნით მიმდინარე მდგომარეობების შემთხვევაში, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ობსტრუქტიული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი, ბრონქიალური ასთმა, ატელექტაზა ბრონქების მუკოიდური დახშობის შედეგად, ტრაქეოსტომიის მქონე ავადმყოფებში და სხვა. ხშირად მათ ნიშნავენ სასუნთქ გზებზე ოპერაციების ჩატარებისას, ინტრატრაქეალური ნარკოზის შემდეგ გართულებების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
ბრონქიალური სეკრეტის რეოლოგიურ თვისებებზე მოქმედ სამკურნალო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნებიან ფერმენტები – ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი, რიბონუკლეაზა, დეზოქსირიბონუკლეაზა (გამოყენება შეზღუდულია გვერდითი რეაქციების სიმრავლის გამო), სულფჰიდრილური ჯგუფების მქონე (აცეტილცისტეინი, მესნა) საშუალებები, ასევე ალკალოიდ ვიზიცინის წარმოებულები (ბრომჰექსინი, ამბროქსოლი). თავისუფალი სულფჰიდრილური ჯგუფები დაჟანგვის შედეგად  აღადგენენ (ხლეჩენ) ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდურ კავშირებს. ამასთან ხდება მაკრომოლეკულების დეპოლიმერიზაცია და ნახველი ნაკლებად ბლანტი და ადჰეზიური ხდება. ასეთი პრეპარატები ათხევადებენ ჩირქსაც. გარდა ამისა, აცეტილცისტეინი და 2-მერკაპტოეთანსულფონატი (მესნა)მუკოზურ უჯრედებზე ახდენენ მასტიმულირებელ გავლენას, რომელთა სეკრეტს აქვს ფიბრინის და სისხლის კოლტების ლიზირების უნარი. კარბოცისტეინი, რომლის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფი დაკავშირებულია კარბოქსიმეთილურ ჯგუფთან, ხასიათდება ერთდროულად მუკომარეგულირებელი და მუკოლიზური ეფექტებით. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბრონქების ლორწოვანი გარსის ფერმენტის – სიალური ტრანსფერაზას – აქტივაციასთან. კარბოცისტეინი ახდენს ბრონქიალური სეკრეტის მჟავა და ნეიტრალური სიალომუცინების რაოდენობრივი თანაფარდობის ნორმალიზაციას (ამცირებს ნეიტრალური გლიკოპეპტიდების რაოდენობას და ზრდის ჰიდროქსისიალოგლიკოპეპტიდების რაოდენობას), რაც აღადგენს ლორწოს სიბლანტეს და ელასტიურობას. პრეპარატის ზემოქმედებით ხდება ლორწოვანი გარსის რეგენერაცია, მისი სტრუქტურის აღდგენა, განსაკუთრებით ტერმინალურ ბრონქებში, და, აქედან გამომდინარე, გამომუშავებული ლორწოს რაოდენობის შემცირება ხდება. ამის გარდა, ხდება იმუნოლოგიურად აქტიური IgA-ს სეკრეციის (სპეციფიკური დაცვა) და სულფჰიდრიდული ჯგუფების (არასპეციფიკური დაცვა) აღდგენა; უმჯობესდება მუკოცილიარული კლირენსი (პოტენცირდება წამწამისებრი უჯრედების ქმედება). აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდანვე ნახველის ამომღებ საშუალებად გამოიყენებოდა ვიზიცინი (Adhatoda vasica). მისი სინთეზური ჰომოლოგი – ბრომჰექსინი (ორგანიზმში გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად – ამბროქსოლად) – ამცირებს ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეტის სიბლანტეს, ახდენს მუკოლიზურ (სეკრეტოლიზურ) და ამოსახველებელ მოქმედებას. ეს კი  იწვევს ნახველის მჟავა მუკოპროტეინების და მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციას და დაშლას. ამის გარდა, ბრომჰექსინი ახდენს ნეიტრალური პოლისაქარიდების გამომუშავების სტიმულირებას და ათავისუფლებს ლიზოსომურ ფერმენტებს. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მის უნარს – II რიგის ალვეოლარული პნევმოციტების მიერ სურფაქტანტის სინთეზის აქტივაციის ხარჯზე აღადგინოს მუკოცილიარული კლირენსი. ამგვარად, ბრომჰექსინი ათხევადებს ბლანტ, წებვად ბრონქიალურ სეკრეტს და უზრუნველყოფს მის გადანაცვლებას სასუნთქ გზებში. სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს ხშირად იყენებენ კომბინირებულ პრეპარატებს, მათ შორის ანტიბიოტიკებთან შეთავსებითაც. მუკოლიტიკებისა და ანტიბიოტიკების ერთდროული დანიშვნისას გასათვალისწინებელია მათი შეთავსებადობა: ინჰალაციებისა ან ინსტალაციების დროს არ შეიძლება აცეტილცისტეინის შერევა ანტიბიოტიკებთან (ხდება მათი ურთიერთინაქტივაცია); აცეტილცისტეინის პერორალური მიღებისას ანტიბიოტიკების (პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების) მიღება შეიძლება არა ნაკლებ 2 საათის შემდეგ; მესნა შეუთავსებელია ამინოგლიკოზიდებთან; კარბოცისტეინი, ბრომჰექსინი, ამბროქსოლი, პირიქით, აძლიერებენ ანტიმიკრობული საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში და ბრონქების ლორწოვან გარსში (პირველ რიგში ეს ეხება ამოქსიცილინს, ცეფუროქსიმს, ერითრომიცინს, დოქსიციკლინს, სულფანილამიდებს); კარბოცისტეინი, გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ნახველის ანტიბიოტიკების მიღებით პროვოცირებულ შესქელებას.
ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებულებში შეიმჩნევა ბრონქოლიტური პრეპარატების მუკოლიტიკებთან ან ერთმანეთთან შეთავსების შემთხვევაში სასურველი ეფექტი. ბეტა2-სიმპათომიმეტიკები (ფენოტეროლი, სალბუტამოლი და სხვა) და თეოფილინი ახდენენ მუკოცილიარული კლირენსის პოტენცირებას; თეოფილინი და მ-ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები (იპრატროპიუმის ბრომიდი) ამცირებენ ლორწოვანი გარსის ანთებას და შეშუპებას და ამით აადვილებენ ნახველის გამოყოფას.

სურფაქტანტები

1959 წელს დადგინდა, რომ ახალშობილებში რესპირატორული დისტრეს-სინდრომის (რდს) ძირითად პათოგენურ ფაქტორს წარმოადგენს ფილტვებში სურფაქტანტის დეფიციტი (ინგლისურიდან თარგმანის მიხედვით – ზედაპირულად აქტიური ნივთიერება). ფილტვის სურფაქტანტი სინთეზირდება და გამოიყოფა პნევმოციტებით. იგი წარმოადგენს რთულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს ცილებს, ფოსფოლიპიდებს, პოლისაქარიდებს. სურფაქტანტის ფიზიოლოგიური როლი მდგომარეობს ალვეოლების მოცულობის შემცირებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, რითაც ჰაერი–ალვეოლა ფაზების გამყოფ საზღვარზე იგი ინარჩუნებს ნორმალურ ზედაპირულ დაჭიმულობას. სურფაქტანტის არასაკმარისი გამოყოფის შემთხვევაში (მაგალითად, განუვითარებელი ფილტვები დღე-ნაკლულ ახალშობილებში) ვითარდება ატელექტაზი (რდს). სურფაქტანტების ეგზოგენურ ჩამნაცვლებლებს მიეკუთვნება: ადამიანის ამნიოტური სითხიდან გამოყოფილი ბუნებრივი სურფაქტანტები, რომლის მიღება ხდება ფეხმძიმობის ნორმალურ ვადამდე მისული საკეისრო კვეთის შედეგად, ხბოების და გოჭების დანაწევრებული ფილტვებიდან  მიღებული სურფაქტანტები – პორაკანტ ალფა, ხბოების დანაწევრებული ფილტვებისა და სურფაქტანტური კოლფოსცერილის პალმიტატის ფოსფოლიპიდის ნახევრადსინთეზური ნარევები და სინთეზური სურფაქტანტური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კოლფოსცერილის პალმიტატს (მაგალითად, ეგზოსურფი). ადამიანის სურფაქტანტი ფართო კლინიკურ გამოყენებასვერ პოულობს, ვინაიდან მხოლოდ ერთი ბავშვის სამკურნალოდ საჭიროა დაახლოებით 10 საკეისრო კვეთის შედეგად მიღებული ამნიოტური სითხე. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის ვირუსული ინფიცირების რისკი (ციტომეგალოვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ჰერპესი). პერსპექტიული აღმოჩნდა სინთეზური სურფაქტანტები, რომლებიც არ შეიცავენ ცილებს და გააჩნიათ საჭირო ფიზიკური თვისებები (უნარი შექმნან ფაზების გამყოფ ზედაპირზე საჭირო დაჭიმულობა) და უსაფრთხოა. ზოგიერთმა მათგანმა გამოიყენება ახალშობილებში რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სამკურნალოდ.

ანტიკონგესტანტები

აღნიშნული ჯგუფის სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ადგილობრივად რინიტების (მათ შორის ალერგიული), ლარინგიტების, სინუსიტების, ევსტაქიიტების, კონიუქტივიტების და ლორწოვანი გარსის შეშუპებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების დროს, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად, რინოსკოპიის წინ. ანტიკონგესტურ (შეშუპების საწინააღმდეგო) ეფექტს იძლევიან ვაზოკონსტრიქტორები, რომლებიც აღაგზნებენ ალფა1-ადრენორეცეპტორებს (ინდანაზოლინი, ქსილომეტაზოლინი, ნაფაზოლინი, ოქსიმეტაზოლინი, ტეტრიზოლინი და სხვა), H1-ანტიჰისტამინური საშუალებები (ლევოკაბასტინიდა სხვა) და კომბინირებული მოქმედების პრეპარატები (ვიბროცილი, კოლდარი, რიზაქსილი, სტრეფსილსი და სხვა), რომლებიც ამცირებენ ლორწოვანი გარსის შეშუპებას სისხლძარღვთა შემავიწროებელი და ალერგიის საწინააღმდეგო აქტივობის შედეგად. ლორწოვან გარსზე დატანისას ისინი ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას (ხსნიან შეშუპებას). რინიტებისა და ცხვირისმიერი სუნთქვის გართულების შემთხვევაში (მათ შორის გაცივებისას) აადვილებენ ცხვირით სუნთქვას, რაც გამოწვეული ვენოზურ სინუსებთან სისხლის მიწოდების შემცირებით. გასათვალისწინებელია, რომ ადრენომიმეტური საშუალებების (ნაფაზოლინის, ქსილომეტაზოლინის და სხვათა) ხანგრძლივ გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს ტაქიფილაქსიის (ეფექტის თანდათანობითი შემცირების) განვითარება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.