სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

პირველი სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი – დაქტინომიცინი მიღებულ იქნა 1963 წელს. შემდგომში მიკრობების ცხოველმოქმედების პროდუქტების სკრინინგის შედეგად მიღებული იქნა მრავალი ეფექტური ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომლებიც წარმოადგენენ ნიადაგის სოკოების სხვადასხვა სახეობების პროდუქტებს ან მათ სინთეზურ წარმოებულებს. ამჟამად სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებიდან პრაქტიკაში ყველაზე მეტად გამოიყენება ანტრაციკლინები (ანტრაქინონური ნაერთები), ბლეომიცინი, რომელიც მიეკუთვნება ფლეომიცინებს, დაქტინომიცინი, რომელიც წარმოადგენს აქტინომიცინს, და მიტომიცინი – თავისებური ანტიბიოტიკი მოქმედების მაალკილირებელი მექანიზმით.
ანტრაციკლინური ანტიბიოტიკები (დაუნორუბიცინი, დოქსორუბიცინი, იდარუბიცინი, კარუბიცინი და ეპირუბიცინი) მიეკუთვნებიან ყველაზე ეფექტურ სიმსივნის საწინაააღმდეგო საშუალებებს. ანტრაციკლინური სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს ტეტრაჰიდროტეტრაცენქინონური ქრომოფორი, რომელიც შედგება ექვსწევრიანი ალიფატური და სამი არომატული ბირთვისაგან. ქიმიური თვალსაზრისით, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჩამნაცვლებლებით ქრომოფორში და შაქრების ნარჩენების არსებობით. ანტრაციკლინური ქრომოფორების ციტოტოქსიკური ქმედების მექანიზმი დაკავშირებულია, ძირითადად, აზოტოვანი ფუძეების წყვილებში ინტერკალაციის გზით ნუკლეინის მჟავების სინთეზის ინჰიბირებით, ტოპოიზომერაზა II-თან ურთიერთქმედების შედეგად დნმ-ის მეორადი სპირალიზაციის დარღვევით, და აგრეთვე უჯრედული მემბრანების ლიპიდებთან შეკავშირების გზით, რასაც მოჰყვება იონების ტრანსპორტისა და უჯრედული ფუნქციების შეცვლა. ასეთი მექანიზმი განაპირობებს მოქმედების დაბალი შერჩევითობის პირობებში მაღალ ანტიმიტოზურ აქტივობას. ანტრაციკლინური ანტიბიოტიკები ახდენენ აგრეთვე იმუნოდეპრესულ (მიელოსუპრესულ) და ანტიბაქტერიულ მოქმედებას, მაგრამ ანტიმიკრობული საშუალებების სახით არ გამოიყენებიან. ანტრაციკლინურ სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებს იყენებენ სხვადასხვა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების – კიბოს სხვადასხვა ჰემატოლოგიური სახეობის, რბილი ქსოვილების სარკომების, კარცინომების და სხვა სოლიდური სიმსივნეების  დროს. კონკრეტული ანტიბიოტიკის გამოყენების ჩვენებათა სპექტრი განისაზღვრება მისი ქიმიური აღნაგობით, ინდივიდუალური ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებებით და მისი შესწავლის ხარისხით. თერაპევტული მოქმედების გარდა, ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო ანტრაციკლინური ანტიბიოტიკი იწვევს სხვადასხვა გვერდით ეფექტებს, რაც გამოწვეულია მოქმედების დაბალი შერჩევითობით. ამ ეფექტებიდან მთავარია პოტენციურად შეუქცევადი კუმულაციურ დოზაზე დამოკიდებული კარდიოტოქსიკურობა, რომელიც სავარაუდოდ განპირობებულია მიოკარდიუმის უჯრედული მემბრანების დაზიანებით. ანტრაციკლინური ანტიბიოტიკები ხასიათდებიან აგრეთვე ემბრიოტოქსიკური, მუტაგენური და ტერატოგენური თვისებებით. მათი გამოყენება სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იძლევა დოზის, ტოქსიკური ეფექტების სიხშირისა და გამოკვეთილობის შემცირების საშუალებას.
ბლეომიცინი წარმოადგენსსხვადასხვა გლიკოპეპტიდების ნარევს, რომლებსაც გამოიმუშავებს Streptomyces verticillus. იგი ახდენს დნმ-ის ფრაგმენტაციას და შემდგომ თავისუფალი რადიკალების  წარმოქმნას, რითც თრგუნავს ნუკლეინის მჟავების (ძირითადად დნმ-ის) და ცილის სინთეზს. ბლეომიცინი უფრო აქტიურია სიმსივნური პროცესის ადრეულ სტადიებზე, შედარებით მცირედ თრგუნავს ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნას, არ იძლევა მნიშვნელოვან იმუნოსუპრესულ ეფექტს. მას იყენებენ, ძირითადად, კიბოს, კარცინომების და ლიმფომების ტესტიკულარული სახეობების კომბინირებული მკურნალობისას. ისევე, როგორც სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, ბლეომიცინი იწვევს გვერდით ეფექტებს, რომელთაგან ყველაზე მძიმეა ანაფილაქსიური შოკი, რესპირატორული ტოქსიკურობა და ციებ-ცხელება.
დაქტინომინი, ისევე, როგორც ანტრაციკლინური ანტიბიოტიკები, მოექცევა რა აზოტოვანი ფუძეების წყვილებს შორის, დნმ-თან წარმოქმნის მდგრად კომპლექსს, რითაც არღვევს რნმ- და დნმდამოკიდებულ სინთეზს. მას იყენებენ ქირურგიულ ჩარევასთან, სხივურ თერაპიასთან ერთად და/ან ვინკრისტინთან, ციკლოფოსფამიდთან და მეტოტრექსატთან კომბინაციაში ვილმსის სიმსივნის, რაბდომიოსარკომის, ქორიოკარცინომების და ზოგიერთი სხვა სიმსივნის სამკურბალოდ. დაქტინომიცინის ძირითადი დოზა-დამოკიდებული ტოქსიკური ეფექტია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, აპლასტიკური ანემიის განვითარებამდეც კი.
მიტომიცინი სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით ავლენს მაალკილირებელი აგენტის თვისებებს, იწვევს რა დნმ-ის სინთეზის შერჩევით ინჰიბირებას, ხოლო მაღალი კონცენტრაციების დროს უჯრედული რნმ-ის და ცილების სინთეზის დათრგუნვას. მას იყენებენ დამხმარე საშუალებად სხივური თერაპიის დროს და სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში (მათ შორის სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებთანაც) სხვადასხვა ლოკალიზაციის დისსემინირებული ადენოკარცინომების, ქრონიკული ლიმფო- და მიელოლეიკოზების სამკურნალოდ. მიტომიცინის ძირითად გვერდით  ეფექტს წარმოადგენს მძიმე მიელოსუპრესია შედარებით მოგვიანებითი ტოქსიკური ზემოქმედებით ძვლის ტვინზე.
ჩამოთვლილი ანტიბიოტიკების გარდა სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა ახასიათებთ აგრეთვე, საშუალებებს, რომელთა პროდუცენტებია სხვადასხვა აქტინომიცეტები (ოლივომიცინი, რუფოკრომომიცინი, რეუმიცინი).


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.