პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სიმსივნური დაავადებების მკურნალობა დამყარებულის სამი ძირითადი მეთოდის გამოყენებაზე – ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია და ფარმაკოთერაპია, ან ამ მეთოდების ურთიერთგამოყენებაზე. სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს ჰყოფენ სხვადასხვა ჯგუფებად, როგორიცაა მაალკილირებელი საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები, ანტიბიოტიკები, ჰორმონების აგონისტები და ანტაგონისტები, ალკალოიდები და მცენარეული წარმოშობის სხვა საშუალებები. ეს ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქიმიური სტრუქტურით, მოქმედების მექანიზმით, მიღების წყაროებით.
ბოლო დროს დიდი ყურადღება მიიპყრო ენდოგენურმა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებმა. ნაჩვენებია ინტერფერონების და სხვა ლიმფოკინების (1- და 2-ინტერლეიკინების) ეფექტურობა ზოგიერთი სახეობის სიმსივნის დროს.
სიმსივნეებზე სპეციფიკურ დამამუხრუჭებელ ზემოქმედებასთან ერთად თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები მოქმედებენ ორგანიზმის სხვა ქსოვილებზე და სისტემებზე, რაც ერთი მხრივ, განაპირობებს მათ არასასურველ გვერდით ეფექტებს, ხოლო მეორე მხრივ, – მედიცინის სხვა სფეროებში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა.
სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ერთ-ერთ ძირითად გვერდით ეფექტს წარმოადგენს სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა, რაც პრეპარატების დოზებისა და გამოყენების რეჟიმის ზუსტ რეგულირებას მოითხოვს; უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰემოპოეზის დეპრესია ძლიერდება კომბინირებული თერაპიის დროს, კერძოდ, პრეპარატების სხივურ თერაპიასთან შეთავსებისას და სხვა. გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, დიარეა, შესაძლებელია ალოპეცია და სხვა მოვლენები. ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი ხასიათდება კარდიო- (დოქსორუბიცინი და სხვა), ნეფრო-, ოტო-, ჰეპატო- და ნეიროტოქსიურობით. ცალკეული პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკემიის განვითარება. ესტროგენებმა, ანდროგენებმა, მათმა ანალოგებმა და ანტაგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰორმონალური დარღვევები. მრავალი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის ერთ-ერთ დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მათი იმუნოდეპრესული მოქმედება, რომელსაც მოჰყვება ინფექციური გართულებების განვითარება. ამავე დროს სიმსივნის საწინააღმდეგო მრავალი პრეპარატი (მეტოტრექსატი, ციკლოფოსფამიდი, ციტარაბინი და სხვა) გამოიყენება, როგორც იმუნოდეპრესანტი აუტოიმუნური დაავადებების დროს.
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების საერთო უკუჩვენებებია გამოხატული ლეიკო- და თრომბოციტოპენია, მძიმე კახექსია, დაავადების ტერმინალური სტადიები. ტერატოგენული მოქმედების საშიშროების გამო ფეხმძიმობის დროს მათი გამოყენების საკითხი წყდება ინდივიდუალურად. ამ პრეპარატებს არ ნიშნავენ ფეხმძიმობის, ასევე ძუძუთი კვების დროს, (ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს). სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს ხმარობენ მხოლოდ ექიმ-ონკოლოგის დანიშნულებით. დაავადებისა და მისი მიმდინარეობის თავისებურებებიდან, ქიმიოთერაპიის ეფექტურობისა და ამტანობიდან გამომდინარე დანიშვნის სქემა, წამლის დოზები შეიძლება შეიცვალოს, მოხდეს მათი შეთვსება სხვა პრეპარატებთან და ა.შ.
ბოლო დროს შემუშავებულია სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ამტანობის გაზრდის წამლისმიერი მეთოდები. მაგალითად, ახალი მაღალეფექტური ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (სეროტონინური 5-HT3-რეცეპტორების ბლოკატორები: ონდანსეტრონი, ტროპისეტრონი და სხვა) იძლევიან გულისრევის და ღებინების შემცირების შესაძლებლობას, კოლონიემასტიმულირებელი ფაქტორები (ფილგრასტიმი, მოლგრამოსტიმი და სხვა) – ნეიტროპენიის განვითარების რისკის შემცირების შესაძლებლობას.
პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.