სიმპათოლიტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სიმპათოლიტიკური საშუალებები (ლათ.Systema nevrorum) sympathicum სიმპათიკური ნერვული სისტემა + ბერძ. lyticos გამწმენდი, შემასუსტებელი) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც, პოსტგანგლიური ადრენერგული ნეირონების ტერმინალურ აქსონებზე შერჩევითი ზემოქმედების შედეგად, თრგუნავენ სიმპათიკურ ინერვაციას შემსრულებელ (სამიზნე) ორგანოებზე. მოქმედებენ რა პრესინაფსურად, სიმპათოლიტიკური საშუალებები ხელს არ უშლიან პირდაპირი ადრენომიმეტიკების (ნორადრენალინი და სხ.) მოქმედებას და პირიქით, აძლიერებენ კიდევაც მათ ეფექტს. სიმპათოლიტიკური საშუალებები განიხილება, როგორც ე.წ. ანტიადრენერგული საშუალებების ერთ-ერთი ქვეჯგუფი.

სიმპათოლიტიკური საშუალებების თვისებები პირველად აღმოაჩნდათ ქსილოქოლინს (TMM-10) და ქოლინის 2,6-ქსილოლის სხვა ეთერებს.
ქიმიური აგებულების მიხედვით სიმპათოლიტიკური საშუალებები იყოფა: მეოთხეული სტრუქტურული ნაერთები _ ქსილოქოლინი, ორნიდი; გუანიდინის წარმოებულები _ ოქტადინი, ბეტანიდინი, გუანოქსანი; ამიდინის წარმოებულები _ დებრიზოქინი (სინ. დეკლინაქსი); რაუვოლფიის ალკალოიდები _ რეზერპინი, დესერპიდინი, რესცინამინი; α-მეთილირებული არომატული ამინომჟავები _ მეთილდოფა და α-მეთილ-L-თიროზინი.

აღნიშნული ჯგუფების ყველა სიმპათოლიტიკური საშუალება თრგუნავს ადრენერგული ნეირონების ფუნქციას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ნერვული იმპულსის მეშვეობით სინაფსურ ნაპრალში გამონთავისუფლებული მედიატორის რაოდენობის შემცირებას. თუმცა, თითოეული ამ ჯგუფის პრეპარატები მოცემულ ეფექტს იწვევენ სხვადასხვა გზით. ასე მაგალითად, მეოთხეული სტრუქტურული სიმპათოლიტიკური საშუალებები არღვევენ პრესინაფსური მემბრანის განვლადობას კალციუმის იონებისთვის, რომელთა მოხვედრაც ადრენერგულ აქსონებში, ამ უკანასკნელთა აგზნების დროს, წარმოადგენს მედიატორის იმპულსური გამონთავისუფლების მექანიზმის მთავარ ელემენტს. ამასთან დაკავშირებით, მეოთხეული სტრუქტურის სიმპათოლიტიკური საშუალებები ეწინააღმდეგებიან ნერვული იმპულსის მეშვეობით ნორადრენალინის გამონთავისუფლებას. ექსპერიმენტში, აღნიშნული სიმპათოლიტიკური საშუალებების შეყვანა რადიოაქტიური ნორადრენალინის ინექციის შემდეგ, იწვევს ამ უკანასკნელის შემცველობის მომატებას ადრენერგულ ნეირონებში. ამასთან ერთად, მეოთხეული სტრუქტურის სიმპათოლიტიკური საშუალებები თრგუნავენ მედიატორის უკუმიტაცებას, ამით ამცირებენ ლაბილურად შეკავშირებული ნორადრენალინის შემცველობას. ეს მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მედიატორის საერთო რაოდენობაზე, რომელიც ძირითადად აკუმულირებულია სინაფსურ ბუშტუკებში, თუმცა თირამინის ან ეფედრინის, რომელთა მოქმედებაც განპირობებულია ლაბილურად შეკავშირებული მედიატორის გამონთავისუფლებით, სიმპათომიმეტიკური ეფექტი რამდენადმე სუსტდება.

ნორადრენალინის იმპულსური გამონთავისუფლების დამუხრუჭებას, აგრეთვე, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება გუარინიდის წარმოებულების ჯგუფის სიმპათოლიტიკური საშუალებების მოქმედების მექანიზმში, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები (ოქტადინი და სხ.) არღვევენ სიმპათიკური ნერვებიდან იმპულსების გადაცემას მანამ, სანამ ამ იმპულსების გავლენით მოხდება ნორადრენალინის მარაგის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შემცირება ადრენერგულ ნეირონებში. გუანიდინის წამოებულების სიმპათოლიტიკური მოქმედების მექანიზმის უმნიშვნელოვანესს კომპონენტს წარმოადგენს მედიატორის (რომელიც ნერვული იმპულსის მეშვეობით გამონთავისუფლდება ადრენერგული სინაფსის ნაპრალში) უკუმიტაცების განმახორციელებელი სატრანსპორტო სისტემის ინჰიბირება. პრესინაფსური მემბრანის სატრანსპორტო სისტემას, როგორც ჩანს, შეუძლია არა მარტო მედიატორის, არამედ გუანიდინის წარმოებულთა ჯგუფის სიმპათოლიტიკური საშუალებების გადატანა აქსონის შიგნით. აღნიშნული სისტემით ამ უკანასკნელთა ტრანსპორტირება გამორიცხავს აქსონების მიერ მედიატორის უკუმიტაცების შესაძლებლობას. აქსონებში გუანიდური სიმპათოლიტიკური საშუალებების დაგროვებას თან სდევს ვეზიკულური და ვეზიკულებსგარე დეპოდან ნორადრენალინის გამოდევნა. გამოდევნილი მედიატორი მონოამინოოქსიდაზას ზეგავლენით ნაწილობრივ იშლება აქსონის შიგნით. დაუშლელი მედიატორის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა სინაფსურ ნაპრალში, ხოლო შემდეგ სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემაში, რაც განაპირობებს გუანიდების წარმოებულების მოქმედების საწყისს, სიმპათომიმეტიკურ ფაზას, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს დაახლოებით 1-3 საათი. აღნიშნული ჯგუფის სიმპათოლიტიკური საშუალებების მეშვეობით, ადრენერგულ ნეირონებში ნორადრენალინის მარაგის გამოლევა განაპირობებს სიმპათიკური ნერვების ფუნქციების დათრგუნვას. იგივე მიზეზით, გუანიდინის წარმოებულები თრგუნავენ თირამინის და ეფედრინის ეფექტებს.
რეზერპინი და მისი მონათესავე რაუვოლფიის ალკალოიდები, სინაფსური ვეზიკულების მემბრანის გავლით ახდენენ მონოამინების (დოფამინი, ნორადრენალინი) სატრანსპორტო სისტემის შეუქცევად ბლოკირებას. ციტოპლაზმაში დარჩენილი მონოამინები მაო-ს (მონოამინოოქსიდაზა) გავლენით თითქმის მთლიანად იშლებიან, რის გამოც რეზერპინის სიმპათომიმეტიკური ფაზა სუსტადაა გამოხატული. რეზერპინის მოქმედების დროს დოფამინის ვეზიკულებში მოხვედრის დაღვევა იწვევს ნორადრენალინის სინთეზის დაქვეითებას. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რეზერპინი არ გამოდევნის ნორადრენალინს გრანულებიდან და არ მოქმედებს პრესინაფსური მემბრანის გავლით მედიატორის უკუტრანსპორტის სისტემაზე, ის თანდათანობით აცარიელებს როგორც ვეზიკულური, ასევე ვეზიკულგარე ნორადრენალინის მარაგს, რასაც თან სდევს ადრენერგული ნეირონების ფუნქციების დათრგუნვა. გუანიდინის წარმოებულების მსგავსად, რეზერპინიც თრგუნავს არაპირდაპირი სიმპათომიმეტიკების (ეფედრინი, თირამინი) ეფექტებს.
α-მეთილირებული ამინომჟავების ჯგუფის სიმპათოლიტიკური საშუალებები აღწევენ ადრენერგულ ნეირონებში და ნაწილობრივ აინჰიბირებენ დოფა-დეკარბოქსილაზას და ამით არღვევენ ნორადრენალინის სინთეზს. ამავდროულად, აღნიშნული ფერმენტის ზეგავლენით, მოცემული ჯგუფის სიმპათოლიტიკური საშუალებები გარდაიქმნებიან α-მეთილირებულ ამინებად (α-მეთილნორადრენალინი, მეტარამინოლი), რომლებიც გროვდებიან დეპოებში ნორადრენალინის ნაცვლად და ასრულებენ ე.წ. ცრუ მედიატორების ფუნქციას, რომლებსაც გააჩნიათ უფრო ნაკლები პოსტსინაფსური აქტივობა, ვიდრე ჭეშმარიტ მედიატორებს. ამასთან ერთად, ცრუ მედიატორები (განსაკუთრებით α-მეთილნორადრენალინი) წარმოადგენენ პრესინაფსური α2-ადრენორეცეპტორების მძლავრ აქტივატორებს. მოქმედებენ რა აღნიშნულ ადრენორეცეპტორებზე, ცრუ მედიატორები არღვევენ ნორადრენალის იმპულსურ გამონთავისუფლებას ტერმინალური ადრენერგული აქსონებიდან. გარდა ამისა, ცრუ მედიატორებმა (განსაკუთრებით მეტარამინოლი) შეიძლება იმოქმედონ, როგორც ადრენერგული ნეირონების აქსონების მეშვეობით, ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებმა.

ამცირებენ რა სიმპათიკურ გავლენას გულზე და სისხლძარღვებზე, სიმპათოლიტიკური საშუალებები მნიშვნელოვნად აქვეითებენ არტერიულ წნევას (სისტოლურსაც და დიასტოლურსაც), ამცირებენ ცენტრალურ ვენურ წნევას და გულისკენ ვენური სისხლის უკუმოდინებას. ოქტადინი და რეზერპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს, როგორც წესი, წინ უძღვის არტერიული წნევის მომატების ფაზა. ორნიდის და მეთილდოფას შეყვანისას, ჰიპოტენზიური ეფექტი მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და გრძელდება 6-12 საათი. ოქტადინის პერორალურად მიღებისას მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება 2-3 დღის შემდეგ, ხოლო რეზერპინის გამოყენებისას _ 4-6 დღის შემდეგ. მათი მიღების შეწყეტის შემდეგ არტერიული წნევა დაქვეითებული რჩება 2-4 კვირის განმავლობაში. სიმპათოლიტიკური საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი, თავდაპირველად განპირობებულია გულის კუნთის განდევნის უნარის შემცირებით, რომლის ნორმალიზებაც ხდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების პარალელურად. სიმპათოლიტიკური საშუალებების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, მათი ჰიპოტენზიური ეფექტი თანდათანობით მცირდება, ორგანიზმში ნატრიუმის იონების და წყლის შეკავების და სისხლის მოცირკულირე მასის გაზრდის გამო. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება შეჩვევა ორნიდის მიმართ.
მეოთხეული სტრუქტურის სიმპათოლიტიკური საშუალებები საერთოდ ვერ გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ხოლო გუანიდინის წარმოებულები ძნელად გადიან მას. რეზერპინი და მეთილდოფა ადვილად ხვდებიან თავის ტვინში და ზომიერად (მეთილდოფა) ან მნიშვნელოვნად (რეზერპინი) აქვეითებენ ნორადრენალინის, დოფამინის და სეროტონინის შემცველობას ცნს-ში. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული მეთილდოფას სედაციური მოქმედება და რეზერპინის სედაციური და ანტიფსიქოზური ეფექტები. მოგრძო ტვინის ადრენერგულ სინაფსებში მეთილდოფასგან წარმოქმნილი α-მეთილ-ნორადრენალინის, კლონიდინის მსგავსი, პრესინაფსური მოქმედება საფუძვლად უდევს აღნიშნული პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას ვაზომოტორული რეგულაციის ცენტრებზე.

სიმპათოლიტიკური საშუალებები, ძირითადად გამოიყენება როგორც ჰიპოტენზიური საშუალებები II-III სტადიის ჰიპერტონული დაავადების მკურნალობისთვის. ორნიდი და რეზერპინი, აგრეთვე, გამოიყენება ზოგიერთი სახის არითმიების დროს, განსაკუთრებით ტაქისისტოლური ფორმის არითმიის შემთხვევაში. სიმპათოლიტიკური საშუალებები უკუნაჩვენებია გულის მძიმე ორგანული დაზიანებების, ცერებრული და კორონარული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის, თირკმლების გამომყოფი ფუნქციის უკმარისობის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. რეზერპინის და მეთილდოფას დანიშვნა არ შეიძლება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ანამნეზში ადგილი აქვს დეპრესიის ეპიზოდებს.
ორნიდით მკურნალობისას გვერდითი მოვლენების განვითარება შედარებით იშვიათია. სხვა სიმპათოლიტიკური საშუალებების მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია პარასიმპათიკური ინერვაციის ტონუსის სიჭარბესთან (კუჭის და ნაწლავების მოტორული და სეკრეტორული ფუნქციების გაძლიერება). სიმპათოლიტიკური საშუალებების ზემოქმედებით, ხშირ შემთხვევებში, აღინიშნება ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რისი მიზეზიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსების შესივება. მეთილდოფას და რეზერპინის დანიშვნისას შესაძლოა აღინიშნებოდეს საერთო სისუსტე, ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობა. სიმპათოლიტიკური საშუალებები ხელს უწყობენ ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავებას. ორთოსტატული კოლაფსი ხშირად ვითარდება ოქტადინის, ხოლო შედარებით იშვიათად მეთილდოფას გამოყენებისას. სხვა სიმპათოლიტიკური საშუალებები აღნიშნულ გვერდით ეფექტებს პრაქტიკულად არ იწვევენ. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გარდა, შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად ვლინდება მეთილდოფას გამოყენებისას. არსებობს მონაცემები, რომ იშვიათად, მეთილდოფას მიღებისას შესაძლოა განვითარდეს აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.
სიმპათოლიტიკური საშუალებებით გამოწვეული ორთოსტატული კოლაფსის კუპირებისთვიის გამოიყენება ვაზოპრესული საშუალებები (ნორადრენალინი, მეზატონი). პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის სიჭარბესთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების დროს გამოიყენება ქოლინომაბლოკირებელი საშუალებები (მაგ., მეტაცინი და სხ.). ჰიპერვოლემიის კორექციის მიზნით, სიმპათოლიტიკურ საშუალებებთან ერთად ინიშნება დიურეტიკები (დიქლოთიაზიდი, სპირინოლაქტონი და სხ.).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები