პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
საერთო სპაზმოლიზური აქტივობის სამკურნალო საშუალებები იწვევენ სისხლძარღვთა გაფართოებას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, რითაც შეუძლიათ ამა თუ იმ ხარისხით დადებითად იმოქმედონ თავის ტვინის სისხლმომარაგებაზე, გაზარდონ მისი ჟანგბადით მომარაგება, გააძლიერონ მეტაბოლური პროცესები. ამიტომ მათ ფართო გამოყენება აქვთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას. თავის ტვინის სისხლძარღვებს აფართოებენ ნიტრატები და ნიტრიტები, თუმცა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დაღვევებისას ისინი არ გამოიყენება. თავის ტვინის სისხლძარღვებზე ნაკლებად მკვეთრ, მაგრამ უფრო ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს პურინის ალკალოიდები (კოფეინი, თეობრომინი) და მათი წარმოებულები. წარსულში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას შედარებით ფართოდ გამოიყენებოდა ეუფილინი. ამ ჯგუფის თანამედროვე პრეპარატებიდან შედარებით ფართო გამოყენება აქვს პენტოქსიფილინს. თავის ტვინის სისხლძარღვებს აფართოებს ნიკოტინის მჟავა და მისი შემცველი პრეპარატები –ნიკოვერინი, ნიკოშპანი და სხვ. გასათვალისწინებელია, ასევე, ნიკოტინის მჟავას ჰიპოლიპიდემიური ეფექტის უნარიც. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას შედარებით ფართოდ გამოიყენება ნიკოტინის მჟავას მსგავსი პრეპარატები – ქსანტინოლის ნიკოტინატი, პიკამილონი და სხვ. სპაზმოლიზური პრეპარატები პაპავერინი, დიბაზოლი და სხვ. გარკვეული ხარისხით ამცირებენ სისხლძარღვთა ტონუსს და აძლიერებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას ფართო გამოიყენება პრეპარატი ვინპოცეტინი (კავინტონი) – აპოვინკამინის მჟავას წარმოებული. ახალი ჯგუფის პრეპარატებიდან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იყენებენ კალციუმის იონების ანტაგონისტებს, განსაკუთრებით ფართოდ ამ ჯგუფის პრეპარატებს – ცინარიზინსა (სტუგერონი) და ფლუნარიზინს. უკანასკნელი წლების მნიშვნელოვან წარმატებად ითვლება კალციუმის იონების ანტაგონისტთა ჯგუფის აქტიური ცერებრალური ვაზოდილატატორების შექმნა. შედარებით სელექციური ცერებროვასკულარული მოქმედების მაღალეფექტური პრეპარატია ნიმოდიპინი. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად დიდი მნშვნელობა აქვს საშუალებებს, რომლებიც ახდენენ ტვინის მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, მათ შორის ნოოტროპული საშუალებები. ბუნებრივია, რომ თვის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებებისას დადებითი ეფექტი გააჩნია ანტისკლეროზულ პრეპარატებს (ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები), ხოლო ტვინის სისხლძარღვების თრომბოზების დროს – თრომბოლიზურ საშუალებებს (ფიბრინოლიზის აქტივატორები, ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგაციული საშუალებები). თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შედარებით მსუბუქი დაზიანებებისას ფართოდ გამოიყენება ზოგიერთი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს პაპავერინს, ნო-შპას, კოფეინს, დიბაზოლს, ნიკოტინის მჟავას და სხვ.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენებიან შაკიკის სამკურნალოდ. ანალგეზიური, ანთების სწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებათა მსგავსად, თავის ტკივილების თავიდან ასაცილებლად და მისი კუპირებისათვის და სხვა მოვლენებისას, რომლებიც აღინიშნება შაკიკის დროს, გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსზე. ფართო გამოყენება აქვს პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ჭვავის რქის ალკალოიდების დიჰიდრირებულ წარმოებულებს (დიჰიდროერგოტამინი, დიჰიდროერგოტოქსინი). აგრეთვე, გამოიყენება კალციუმის იონების ანტაგონისტები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი სხვადასხვა საშუალებები. ბოლო დროის მნიშვნელოვანი მიღწევაა ანტიმიგრენული პრეპარატებისა – ცენტრალური სეროტონინული რეცეპტორების ბლოკატორების შექმნა. ამ ჯგუფის ძირითადი პრეპარატია სუმატრიპტანი.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.