სანარკოზო (ზოგადი საანესთეზიო) საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

თანამედროვე ანესთეზიოლოგიაში  ზოგადი გაუმტკივარებისათვის სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება. ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და გამოყენების ხერხების მიხედვით სანარკოზო საშუალებები იყოფა ინჰალაციურ და არაინჰალაციურ  საშუალებებად. ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებს მიეკუთვნება  ადვილად აქროლადი სითხეები (ჰალოტანი, სანარკოზო ეთერი) და აიროვანი ნივთიერებები (ძირითადად აზოტის ქვეჟანგი). კარგი სანარკოზო თვისებებისა და უსაფრთხოების გამო (არ ალდებიან და არ ფეთქდებიან) ანესთეზიოლოგიურ პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰპოვეს ფტორირებულმა ნახშირწყალბადებმა, განსაკუთრებით ჰალოტანმა. რაც შეეხება ციკლოპროპანს, იგი აღარ გამოიყენება, ასევე, შეზღუდულია სანარკოზო ეთერის გამოყენება. მნიშვნელობა დაკარგა ქლოროფორმმაც, როგორც ნარკოზის საშუალებამ.

არაინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებს აკუთვნებენ ბარბიტურატებს (თიოპენტალ ნატრიუმი) და არაბარბიტურატულ პრეპარატებს (კეტამინი და სხვა). ნარკოზში შესაყვანად (ინდუქციისათვის) უფრო ხშირად იყენებენ არაინჰალაციურ ნარკოტიკულ საშუალებებს (ბარბიტურატებს და სხვა), რომლებიც შეიყვანება ვენაში ან კუნთში, ხოლო ძირითად ნარკოზს ატარებენ ინჰალაციური ან არაინჰალაციური სანარკოზო საშუალებებით. ძირითადი ნარკოზი შეიძლება იყოს ერთკომპონენტიანი – მარტივი (მონონარკოზი) ან მრავალკომპონენტიანი –კომბინირებული. საწყისი ნარკოზი შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, საინჰალაციო სანარკოზო საშუალებათა შესაბამისი კონცენტრაციებით (აზოტის ქვეჟანგი ჟანგბადთან ნარევში და სხვა). ოპერაციისათვის მომზადების პროცესში ტარდება პრემედიკაცია, რაც გულისხმობს ავადმყოფისთვის დამამშვიდებელი, ანალგეტიკური, ქოლინოლიზური, გულ-სისხლძარღვთა და სხვა პრეპარატების დანიშვნას. ეს საშუალებები გამოიყენება ორგანიზმზე ოპერაციისწინა ემოციური სტრესის უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად და ნარკოზთან და ოპერატიულ ჩარევასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების (რეფლექსური რეაქციები, ჰემოდინამიკის დარღვევა, სასუნთქი გზების ჯირკვალთა სეკრეციის გაძლიერება და სხვა) წინსწრებისათვის. პრემედიკაცია აიოლებს ნარკოზის ჩატარებას: შესაძლებელი ხდება ნარკოზისათვის გამოყენებული საშუალების კონცენტრაციის ანუ დოზის შემცირება, ნაკლებადაა გამოხატული აგზნების ფაზა და სხვა. ნარკოზის ან მისგან გამოსვლის დროს აგრეთვე ხმარობენ ანალგეტიკებს, მიორელაქსანტებს (ან დეკურარიზაციის საშუალებებს), გულ-სისხლძარღვთა პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ფუნქციების შენარჩუნებას ფიზიოლოგიურ დონეზე.
ბოლო წლებში საერთო გაუმტკივარებისათვის ე.წ. დაბალანსებული ანესთეზიის მისაღწევად ფართოდ გამოიყენება ნეიროტროპულ საშუალებათა სხვადასხვა კომბინაციების შეყვანა ვენაში ტრადიციული საინალაციო  ნარკოზული საშუალებების გამოყენების გარეშე.
ზოგადი გაუმტკივარების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც დამყარებულია ნეიროლეპტიკების (დროპერიდოლი)ანალგეტიკებთან (ფენტანილი, ტრიმეპერიდინი და სხვა) ერთად გამოყენებაზე, წარმოადგენს ნეიროლეპტანალგეზია (ნლა). მეორე მრავალკომპონენტიანი მეთოდი – ატარალგეზია ანუ ტრანკვილანალგეზია – აგრეთვე გულისხმობს ანალგეტიკების (ფენტანილი, ტრიმეპერიდინი და სხვა) გამოყენებას ტრანკვილიზატორებთან (ფენაზეპამი, დიაზეპამი ან სხვა), ნატრიუმის ოქსიბატთან, ქოლინოლიტიკებთან (ატროპინი, მეტაცინიუმის იოდიდი) და სხვა პრეპარატებთან ერთად. საერთო გაუმტკივარების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ნარკოტიკული ანალგეტიკების შეყვანა (მორფინი და სხვა) თავზურგის ტვინის არხში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.