სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიის შევსების ძირითად წყაროდ კვლავ ბერძნულ-ლათინური რჩება, მაგრამ უკვე გამოიკვეთა სამედიცინო ტერმინოლოგიის თანამედროვე ენებიდან შევსების ტენდენციები. სულ უფრო ხშირად ფიგურირებს ინგლისური ენის ბაზაზე შექმნილი ტერმინები. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია გაძლიერდება. ჩნდება ახალი ტერმინები, რომელთა წყაროც  ჩინური, იაპონური თუ სხვა ენებია. ეს ამ ქვეყნების უძველესი ტრადიციების მქონე სამედიცინო კულტურებთან დაახლოების თანამდევი პროცესია. მნიშნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყნებში მედიცინის საერთოდ, და კერძოდ, ფარმაცევტული უახლესი ტექნოლოგიების და პრეპარატების შექმნის პროცესი, რასაც თან სდევს ამ ენების ბაზაზე შექმნილი ტერმინოლოგიის შემოსვლა საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკაში.

არა ბერძნულ – ლათინურ ფუძიანი ტერმინები ფარდობითად მაინც ნაკლებია. ისინი უფრო ხშირად  წარმოდგენილია სამედიცინო ტექნიკის, ოპერაციული მეთოდების, გენეტიკის, ფიზიოლოგიის, ჰიგიენის ტერმინოლოგიაში. შედარებით იშვიათად გვხვდება დაავადებების ნომენკლატურაში, მაგ.: ანგლიციზმს მიეკუთვნება ატაჩმენი, ბლოკადა, დოპინგი, ინბრიდინგი, კლირენსი, კროსინგოვერი, პეისმეიკერი, საიტი, შუნტი და ,,ჰიბრიდული’’ ტერმინები: აეროთენიკი, დემპინგ-სინდრომი, რანტის დაავადება, უესტინგ-სინდრომი. ფრანგული ენიდან ნასესხებია მაგ.: აბსანსი, მეანი, ბანდაჟი,  გრიპი, დრენაჟი, ზონდი, კანულა,  კრეტინიზმი, კიურეტი, პატრონაჟი, პიპეტი, ტამპონი, ტიკი, ფრამბები, შანკრი, ,,ჰიბრიდული’’ ტერმინი – კულდოსკოპია. გერმანული ენიდან შემოსულია, მაგ.: ბორი, ბიუგელი, კლამერი, კორცანგი, კურორტი, რეიტერი, შპატელი, შუბა;  ,,ჰიბრიდული’’ სიტყვა –  აბორტცანგი, რაუშნარკოზი და სხვა. ინტერნაციონალიზმები გახდა ზოგიერთი იტალიური წარმოშობის ნოზოლოგიები: ინფლუენცია,  პელაგრა, სკარლატინა,  შოტლანდიურია – კრუპი. გვხვდება ცალკეული სიტყვები, რომლებიც მოდის აღმოსავლური და აფრიკული ენებიდან: იაპონური სიტყვა ცუცუგამუში, აფრიკული ტომიდან კვაშიორკორი, სინგაპურიდან – ბერი-ბერი. სექსოპათოლოგები იყენებენ ძველინდური წარმომავლობის სიტყვებს, მაგ.: ვიკხარიტა, ვირგხატა, კუმბიტმაკა, ნარვასადატა. ამერიკელი ინდიელი ტომებისაგან ნასესხებია ზოგიერთი წამლის შემადგენელი ნივთიერების სახელწოდება: იპეკაკუანა, კურარე, ქინაქინა. სამედიცინო – ბიოლოგიური ტერმინოლოგიის ტრადიციულ თავისებურებად რჩება termini technici –  ლათინურ ენაზე გრაფიკულად და გრამატიკულად გაფორმებული ტერმინების გამოყენება. მათი შინაარსის გაგების იდენტურობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ხდის termini technici-ს ტერმინოლოგიის ინტერნაციონალიზაციაში შეუცვლელ საშუალებად. Termini technici-ს დიდი ჯგუფები გაერთიანებულია თანამედროვე საერთაშორისო ნომენკლატურით და აქვთ ოფიციალური საერთაშორისო სტატუსი. მათ მიეკუთვნება მორფოლოგიური და ბიოლოგიური დისციპლინების ნომენკლატურები: ანატომიური, ჰისტოლოგიური და ემბრიოლოგიური ნომენკლატურები, ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის კოდექსები და ბაქტერიების ნომენკლატურის კოდექსები. ,,საერთაშორისო ფარმაკოლოგიაში’’ სამკურნალო საშუალებებისათვის ძირითად ეტალონად მიღებულია ლათინური ენა, თუმცა პრეპარატების დასახელებები სხვადასხვა ენებიდან მოდის. სხვა სტატუსი აქვთ termini technici, რომლებიც მიეკუთვნება კლინიკური მედიცინის ლექსიკონს, აღნიშნავს რა დაავადებებს, პათოლოგიურ მდგომარეობებს, სიმპტომებს, სინდრომებს და სხვა. ბევრ შემთხვევაში ისინი ფაქტიურად ასრულებენ საერთაშორისო აღნიშვნების ფუნქციას, მაგრამ მათ გამოყენებას აქვს ფაკულტატური ხასიათი.
ნიშანდობლივია, რომ ”დაავადებების, ტრავმების და სიკვდილის მიზეზების საერთაშორისო კლასიფიკაცია’’ – არ შეიცავს საერთაშორისო ლათინურ სახელწოდებებს.
მეცნიერებასა და ტექნიკაში აშშ-ის დომინირების გამო მსოფლიოს მრავალ ენაში შევიდა ინგლისურენოვანი ტერმინები და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. თუმც  მრავალი ინგლისური სიტყვა  ლათინურიდან  წარმოდგება,  სულ უფრო იზრდება ტენდენცია, რომ მათი გადმოღებისას შენარჩუნებული იყოს  ინგლისური წარმოთქმა, მაგ.: კომბაინი, კონფაინენტი, იუნიკოდი.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე,

სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები