პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ბად) – ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებია, რომლებიც ახდენენ საკვები ნივთიერებების ნორმალიზაციას, ხელს უწყობენ ჯანმრთელობას (დაავადებათა პროფილაქტიკა) და აჩქარებენ გამოჯანმრთელების პროცესს. ასეთი დანამატების არსებობა, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობაზე საზოგადოებრივი აზრის ევოლუციის და, მეორე მხრივ, ბუნებრივი წყაროების ყველა შესაძლებლობების მრავალმხრივი, ღრმა შესწავლის, ბუნებრივი წარმოშობის მრავალი საშუალების გამოყოფისა და გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ცოდნისა და ტექნოლოგიების დაგროვების შედეგია.
მრავალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შეიცავს ადაპტოგენური და მატონიზირებელი მოქმედების ნივთიერებებს, რომლებიც ახდენენ ორგანიზმის დამცავი ძალების სტიმულირებას, ზრდიან საერთო მედეგობას და ტონუსს, ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ამცირებენ გარემოს უარყოფით ზეგავლენას და სტრესებს. ასეთი თვისებებით ხასიათდებიან სხვადასხვა მცენარეების (არალია, ლევზეა, ლიმონურა, ვარდისფერი როდიოლა, ელეუტეროკოკი, ჟენშენი და სხვა), ცხოველთა ორგანოების (ირმის რქის და სხვა) ექსტრაქტები, სამკურნალო მცენარეების ელიქსირები და ბალზამები, ყვავილის მტვერი, პროპოლისი (ფუტკრის წებო), დედაფუტკრის რძე (მეფუტკრეობის პროდუქტი, რომელსაც აგრეთვე უწოდებენ სამეფო ჟელეს), მუმიო. საკვებ დანამატებში ზემოთ აღნიშნული კომპონენტები არსებობენ, როგორც წესი, ვიტამინებთან, მინერალებთან, საკვებ ბოჭკოებთან (უჯრედისთან) და სხვა ნივთიერებებთან კომპლექსებში. ამ კომპონენტების შემადგენლობას და თანაფარდობას ცვლიან დანიშნულების მიზნებიდან გამომდინარე. მრავალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით ფართოდ გამოიყენება ზღვის წყალმცენარეები – სპირულინა, ლამინარია, ფუკუსი, ასკოფილუმი, ქლორელა. ეს მცენარეული პროდუქტები ადვილად შესათვისებელი ცილების მშვენიერი წყაროა. გარდა ამისა, ისინი მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, მიკროელემენტებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. წყალმცენარეები აჩქარებენ ორგანიზმიდან რადიონუკლიდების, მძიმე მეტალების მარილების, ტოქსიკური ნივთიერებების გამოყვანას, ასუფთავებენ მას და აფერხებენ დაბერების პროცესებს, ახდენენ იმუნიტეტის სტიმულირებას. მათ იყენებენ აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების, ასთმისა და ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკისათვის. ისინი ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას (ვინაიდან მდიდარია იოდით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესების ჩაქრობას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების პოზიტიურ მოქმედებაში დიდ როლს ასრულებს მცენარეული საკვების შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი. უჯრედისის ძირითადი სახეობებია ცელულოზა, ჰემიცელულოზა, პექტინები, ლიგნინი. ისინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, მაგრამ იძლევიან სიმაძღრის შეგრძნებას, რის გამოც გამოიყენება სხეულის მასის შემცირებაზე მიმართული დიეტების შემადგენლობაში. ადამიანის ყოელდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს არა ნაკლებ 30-50 გრ საკვები ბოჭკო. მრავალი პროდუქტის დამზადებისას ნედლეულის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგია იწვევს საკვები ბოჭკოების დაშლას, და საკვებით მათი მიღება არასაკმარისია. მათი მიღება კი აუცილებელია არა მარტო სიმაძღრის შესაგრძნებად. საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას და გლუკოზის შემცველობის სტაბილიზაციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაციას, წარმოადგენენ შლაკებისათვის, მძიმე მეტალების მარილებისათვის და სხვა უცხო წარმოშობის ნივთიერებებისათვის არაჩვეულებრივ სორბენტს. მათ იყენებენ სწორი ნაწლავის კიბოს, შაქრიანი დიაბეტის, ყაბზობის, ბუასილის, სიმსუქნის პროფილაქტიკისათვის. საკვები ბოჭკოების უმნიშვნელოვანეს ნატურალურ წყაროს წარმოადგენს ქატო (ხორბლის, ბრინჯის, შვრიის), ხილისა და ბოსტნეულის გარსის ზედა ნაწილი. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებში ხშირად იყენებენ ÌÊÖ-ს, რომელსაც იღებენ ბამბის ცელულოზის გულმოდგინე დამუშავებით. მრავალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი შეიცავს ადაპტოგენებთან ან ვიტამინების წყაროსთან (მაგალითად ასკილი) ÌÊÖ-ს კომპლექსებს. ÌÊÖ-ს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ფარმაცევტულ წარმოებაში აბების შემავსებლის სახით, რომელსაც თერაპიული ეფექტი არ გააჩნია (ინერტულია). შლაკების და უცხო წარმოშობის ნივთიერებებისაგან ორგანიზმის გასასუფთავებლად გამოყენებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემადგენლობაში სხვადასხვა სახის საკვებ ბოჭკოებთან ერთად შეაქვთ ცეოლითები – მიკროელემენტებით გამდიდრებული მინერალები. ცეოლითები კარგი სორბენტებია, რომელსაც მოწამვლისას (მეთანი, გოგირდწყალბადი, ამიაკი, ტოქსინები და სხვა) ორგანიზმიდან გამოჰყავს დაბალმოლეკულური მავნე ნივთიერებები, აგრეთვე მეტალთა ჭარბი იონები. მეორეს მხრივ, ცეოლითებიდან გამოიყოფა მიკროელემენტები, რომელთა ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი.
ეფექტურ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს წარმოადგენს ლუდის საფუარი, რომელიც შეიცავს ვიტამინების (განსაკუთრებით B ჯგუფის), მიკროელემენტების, დაბალმოლეკულური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათ შორის ადვილად შეთვისებადი ცილების კომპლექსს. ისინი ახდენენ საჭმლის მონელების და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, იმუნური სისტემის აქტივაციას, ხელს უწყობენ ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის შენარჩუნებას, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, რადიონუკლიდების, მავნე ქიმიური ნაერთების გამოყვანას. მათ იყენებენ ასევე ვიტამინების ნაკლებობის, ცილების დეფიციტის, ინფექციების მიმართ დაქვეითებული მდგრადობის, ანემიის დროს, გადატანილი ოპერეციების და დაავადებების შემდეგ, ეკოლოგიურად არახელსაყრელ უბნებში სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
ლუდის საფუარი ლეციტინის კარგი წყაროა, უჯრედული მემბრანების, მათ შორის ყველა კუნთოვანი და ნერვული უჯრედების, საშენი მასალაა. ლეციტინის წყაროა აგრეთვე სოიო, კვერცხის გული, მარცვლეული, პარკოსანთა კულტურები, თევზი, ხორბლის ჩანასახები. ბიოლოგიურად აქტიური დანამატების დიდ ჯგუფს წაროადგენენ სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაი. თავისი ეფექტით მრავალი სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაი უახლოვდება სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც მზადდება მცენარეულ ნედლეულზე. ცნობილია ჩინური და ტიბეტური ხალხური მედიცინის მრავალი სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის რეცეპტი. მათ შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეები (ექსტრაქტები, თესლები, ყვავილები, ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი), ზღვის პროდუქტები და აგრეთვე ისეთი ეგზოტიკური კომპონენეტები, როგორიცაა გველის ნაღველი, მარგალიტი და ასე შემდეგ. სამკურნალო-პროფილაქტიკური ჩაის კომპონენტების სახეობები, რაოდენობა და თანაფარდობა განისაზღვრება მათი გამოყენების მიზნით. არჩევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციის, ორგანიზმის შლაკებისა და უცხო ნივთიერებებისაგან გასუფთავებისათვის, სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, სხეულის მასის შემცირებისათვის, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და ტონუსის ასამაღლებელ შესაბამის სამკურნალო-პროფილაქტიკურ ჩაის ტიპებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.