პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სადღეღამისო რიტმებს დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიფხიზლის და ძილის მონაცვლეობა არსებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების აქტიურობაზე და, შესაბამისად, სხვა ორგანოების და სისტემების მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ეს აისახება სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობაზე.
დღე–ღამურ პერიოდიზმზე ფარმაკოლოგიური ეფექტის დამოკიდებულების გამოკვლევა წარმოადგენს ფარმაკოლოგიის ახალი მიმართულების ერთ–ერთ ძირითად ამოცანას და ეწოდება ქრონოფარმაკოლოგია. ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც ქრონოფარმაკოდინამიკას, ასევე ქრონოფარმაკოკინეტიკას.
დღე–ღამის პერიოდიდან გამომდინარე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ნივთიერებათა მოქმედების არა მარტო რაოდენობრივი, არამედ, ზოგჯერ, ხარისხობრივი ცვლილებებიც. უმეტეს შემთხვევებში, ნივთიერების ყველაზე მეტად გამოხატული ეფექტი ვლინდება ორგანიზმის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში (ადამიანებში – დღის განმავლობაში, ღამის ცხოველებში – დღე–ღამის ბნელ პერიოდში). ასე მაგალითად, ადამიანის შემთხვევაში, მორფინი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, უფრო აქტიურია დღის მეორე ნახევრის დასაწყისში, ვიდრე დილით ადრე ან ღამით. აღმოჩენილია დღე–ღამური ცვალებადობები ანალგეტიკური აქტივობის მქონე ენდოგენური პეპტიდების პროდუქციაში (ენკეფალინები და ენდორფინები). სტენოკარდიის დროს ნიტროგლიცერინი უფრო ეფექტურია დილით, ვიდრე დღის მეორე ნახევარში.
სადღეღამისო პერიოდიზმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იცვლება ნივთიერებების ტოქსიკურობაც. ასე მაგალითად, ცხოველებზე ექსპერიმენტებში, ტოქსიკური დოზებით ფენობარბიტალის ლეტალური ეფექტი, დღე–ღამის სხვადასხვა პერიოდში, მერყეობს 0–დან 100%–მდე.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ასევე დამოკიდებულია სადღეღამისო რიტმებზე. კერძოდ, ადამიანის ორგანიზმში სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის გრიზეოფულვინის შეწოვა ყველაზე გამოხატულია დაახლოებით დღის 12 საათზე. დღე–ღამის განმავლობაშიო ცვალებადობს ნივთიერებათა მეტაბოლიზმის ინტენსიობა (მაგალითად, ჰექსობარბიტალის). დღე–ღამის პერიოდის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება თირკმლების ფუნქციები და მათი შესაძლებლობა, მოახდინონ ფარმაკოლოგიური საშუალებების ელიმინაცია. ფენამინის შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ ადამიანის ორგანიზმიდან, თირკმლების გზით, მისი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფა ხორციელდება დილით ადრე (რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია შარდის pH–ის ცვალებადობასთან). ლითიუმის პრეპარატები, შიგნით შეყვანის შემთხვევაში, ორგანიზმიდან უფრო ნაკლებად გამოიყოფა ღამე, ვიდრე დღის განმავლობაში.
ამრიგად, ნივთიერებების ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია სადღეღამისო პერიოდიზმზე. ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ თვითონ სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ დღე–ღამური რიტმის ფაზაზე და ამპლიტუდაზე ზეგავლენის უნარი. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის სხვადასხვა პერიოდში, ორგანიზმთან მათი ურთიერთქმედების შედეგი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების და დაავადებების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონოფარმაკოლოგიის სფეროში ინფორმაციის მოცულობა ძალიან შეზღუდულია, პრეპარატების რაციონალური დოზირებისთვის, მათი მიღების დროიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემების მნიშვნელობა ეჭვს არ იწვევს. ცნობილია, რომ ფიზიოლოგიური ფუნქციებისთვის, აგრეთვე, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სეზონურ რიტმებს, რაც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ეფექტებზეც.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.