სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტისეპტიკები გამოიყენება კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით და სხვა დაზიანებით გამოწვეული ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. სადეზინფქციო საშუალებებისაგან მათი განსხვავება ფორმალურია: ანტისეპტიკურ საშუალებებს იყენებენ ადამიანის სხეულის ზედაპირის ან მისი ღრუების ანტიმიკრობული დამუშავებისათვის, სადეზინფექციოს  – ავადმყოფის გარემომცველი საგნების ან გამონაყოფების დასამუშავებლად. ორივე ჯგუფი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით და აქტიურებას ავლენს ბაქტერიების, ბაცილების, უმარტივესთა, სოკოების მიმართ. სხვადასხვა პრეპარატის მოქმედების მექანიზმი სხვადასხვაგვარია და შეიძლება დაკავშირებული იყოს ცილის დენატურაციასთან, პლაზმური მემბრანის შეღწევადობის დარღვევასთან, მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებისათვის მნიშვნელოვანი ფერმენტების დათრგუნვასთან (რაც უფრო ხშირად ხდება ანტისეპტიკების დაბალი კონცენტრაციების დროს).

დეზინფექციისათვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები იყოფიან  შემდეგ ჯგუფებად: 1) ქლორი და ქლორშემცველი ნაერთები; 2) იოდი, ბრომი და მათი ნაერთები; 3) ზეჟანგური ნაერთები; 4) ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები; 5) ალდეჰიდები; 6) მჟავები, ზემჟავები და მათი ზოგიერთი მარილები; 7) სპირტები; 8) ფენოლები, კრეზოლები და მათი წარმოებულები და სხვა.
ამ ნივთიერებებს აქვთ აქტივობის სხვადასხვა ხარისხი, ანტიმიკრობული ქმედების, ტოქსიკურობის და დასამუშავებელ ობიექტებზე ზეგავლენის არაერთნაირი სპექტრი და ამის შედეგად, გამოყენების ფართო სფერო. დეზინფექციის საშუალებათა თვისებების და თავისებურებების ცოდნა აუცილებელია მათი სწორი არჩევანისა  და მისაღწევი მიზნის შესაბამისად ეფექტური გამოყენებისათვის. დეზინფექციის ტრადიციულ საშუალებებს წარმოადგენენ ორგანული (ნატრიუმის ტოზილქლორამიდი, ციანურმჟავას და გიდანტოინის ქლორწარმოებულები) და არაორგანული (ჰიპოქლორიტები) ბუნების ქლორაქტიური პრეპარატები. მრავალ ქლორაქტიურ პრეპარატს დადებით მხარეებთან ერთად გააჩნია რიგი ნაკლოვანებები (არასაკმარისი ხსნადობა, დაბალი სტაბილურობა, მძაფრი სუნი, თვალის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების, მეტალის ზედაპირების კოროზიის, ქსოვილების გაუფერულების და დარღვევის უნარი). ქლორის არაორგანული ნაერთებიდან მეტად დაბალი სტაბილურობით გამოირჩევა ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (NaOCl). მისი ხსნარების სტაბილურობის გაზრდა შესაძლებელი ხდება ნატრიუმის სილიკატის და სულფონოლის, ნატრიუმის სილიკატის და ძმარმჟავას და მისი მარილების, ციტრალის და სხვა ნივთიერებების დამატებით. არსებობს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის მყარი ფორმები, რომელთაგან ყველაზე მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა ნატრიუმის ჰიპოქლორიტის პენტაჰიდრატი.

ჰალოგენშემცველი ანტისეპტიკები წარმოდგენილია ქლორისა და იოდის პრეპარატებით. მათი აქტივობა ელემენტური ჰალოგენების მოხლეჩის უნარის პროპორციულია. კანის პათოლოგიის გარეგანი მკურნალობისას ფართოდ განოიყენება იოდის სპირტხსნარი, ლუგოლის ხსნარი (შეიცავს ელემენტურ იოდს), იოდოფორმი, იოდინოლი და სხვა (ხდება მოლეკულური იოდის მოხლეჩა). ელემენტური იოდი ხასიათდება ანტიმიკრობული ქმედებით და ამიტომ მისი ხსნარები გამოიყენება ჭრილობების, საოპერაციო ველის და ა.შ. დასამუშავებლად; კანზე, ლორწოვან გარსზე დატანისას ისინი იწვევენ კანისა და ლორწოვანი გარსის რეცეპტორების, გაღიზიანებას და შეუძლიათ გამოიწვიონ რეფლექსური ზეგავლენა ორგანიზმის მუშაობაზე.
საერთოდ,  ქლორისათვის დამახასიათებელია მაღალი მადეზინფიცირებელი აქტივობა. მის საფუძველზე შექმნილია სპეციალური პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიტისა და მჟავას ბინარულ ნარევს. ჰიპოქლორიტებისაგან განსხვავებით ტუტე მეტალთა ქლორიტები ხასიათდებიან მხოლოდ მჟავე არეში დაჟანგვის უნარით, შედეგად წარმოიქმნება ქლორის დიოქსიდი, რომელიც ავლენს ბაქტერიციდულ და სპორაციდულ უნარს. სადეზინფექციო დანიშნულების ქლორის ორგანულ ნაერთებს მიაკუთვნება ნატრიუმის ტოზილქლორამიდი (ქლორამინი), ციანურის მჟავისა და გიდანტოინის ქლორწარმოებულები. ეს ნივთიერებები ხასიათდებიან მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით და სხვა დადებითი თვისებებით, მაგრამ ცუდად იხსნებიან წყალში. დეზინფექციისთვის იყენებენ, როგორც წესი, მათ კომპოზიციებს – ქლორაცინს, სულფოქლორანტინ-დ-ს. ქლორაცინი (შეიცავს კალიუმის ან ნატრიუმის ქლორიზოციანურატს) შეიცავს აქტიური ქლორის შედარებით მცირე რაოდენობას (12-15%), რაც არა მარტო სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, არამედ ოჯახის პირობებშიც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა. ქლორაცინს ახასიათებს აქტივობა გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების, დერმატოფიტების, ტუბერკულოზის მიკობაქტერიების, ვირუსების, სპორების მიმართ.  ÄÏ-2 (ფუძე ტრიქლორიზოციანურის მჟავა) წარმოადგენს არა მარტო ბაქტერიციდს, არამედ აგრეთვე სპოროციდს – შეიცავს აქტიური ქლორის 45%-ს. კომპოზიციების დადებითი თვისებაა, რომ ისინი ინარჩუნებენ აქტივობას pH-ის ფართო დიაპაზონში, რაც მათი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა ბუნებრივი წყლის სხვადასხვა ტუტიანობისას.

გიდანტოინის ყველაზე ცნობილ ქლორწარმოებულს წარმოადგენს დიქლორმეთილგიდანტოინი. დიქლორმეთილგიდანტოინის ფუძეზე დამზადებული კომპოზიციის მაგალითია სულფოქლორანტინი-Ä. პრეპარატის შემადგენლობაში სულფონოლის შეყვანის ხარჯზე იზრდება დიქლორმეთილგიდანტოინის ხსნადობა 2,5-2,9%-მდე იზრდება. ბაქტერიციდული ქმედება ვრცელდება როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

იოდის ნაერთებიდან დეზინფექციისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება იოდოფორები (C-280, ველადინი, იოზანი, სუპერდილი, დაიაზანი და სხვა) – იოდისა და მისი მატარებლის კომპლექსი. მატარებელი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ ნაერთს და ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას. იოდოფორების მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, ტუბერკულოციდური, ფუნგიციდური, ვირულოციდური, სპოროციდური მოქმედება განაპირობებს ამ ნივთიერებათა გამოყენებას ძირითადად ანტისეპტიკებად და ძალიან შეზღუდულად – ცალკეული ობიექტების დეზინფექციისათვის. იოდოფორებიდან ცნობილია იოდოპირონი და იოდონატი, რომლებშიც იოდის შემცველია შესაბამისად პოლივინილპიროლიდონი და სულფონატი, პოვიდონ-იოდი (შეიცავს აქტიური იოდის 1%-ს). სამედიცინო პერსონალის ხელების დეზინფიცირებისათვის პოვიდონ-იოდის საფუძველზე შექმნილია სულფონოლისა  და ნეონოლის კომპოზიციები.

ანტისეპტიკების სახით იყენებენ აგრეთვე დამჟანგველ ნივთიერებებს, როგორიცაა, წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატი და სხვა. მათ გააჩნიათ სუსტი ანტისეპტიკური და დეზოდორირების ეფექტი, რაც დაკავშირებულია ჟანგბადის გამოთავისუფლებასთან.

ობიექტების დეზინფექციის, სტერილიზაციის და წინასასტერილიზაციო გასუფთავებისათვის ფართოდ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი. იგი აკმაყოფილებს  მრავალ მოთხოვნას: არა აქვს სუნი, გარემო არეში სწრაფად იშლება არატოქსიურ პროდუქტებად (მოლეკულურ ჟანგბადად და წყლად), არ იწვევს ალერგიას, მაგრამ ამასთან ერთად არასტაბილურია, ახდენს გამოხატულ ადგილობრივ გამაღიზიანებელ და კან-რეზორბციულ ქმედებას, აქვს (სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით) დაბალი ბაქტერიციდული აქტივობა. ტოქსიურობის შემცირების, ანტიმიკრობული აქტივობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით წყალბადის ზეჟანგის საფუძველზე იქმნება კომპოზიციური პრეპარატები. პრაქტიკული გამოყენებისათვის ყველაზე ხელსაყრელია ზეჟანგური ნაერთების მყარი ფორმები (ნატრიუმის პეროქსიკარბონატი – პერსოლი, კარბამიდის პეროქსიდი – ჰიდროპერიტი, ნატრიუმის პეროქსობორატი). წყალბადის ზეჟანგის საფუძველზე შექმნილმა მყარი და თხევადი ფორმის კომპოზიციებმა მათი მაღალი ეფექტურობის, მოქმედების ფართო სპექტრის, მცირე ტოქსიურობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის გამო.  ფართოდ გამოიყენება.

მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით და ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევიან ზემჟავების რიგის პრეპარატები. ცნობილია პრეპარატები ვოფასტერილი და პერსტერილი ზეძმარმჟავას საფუძველზე (მოქმედი ნივთიერების შემცველობა შესაბამისად 40% და 20%). ეს პრეპარატები რეკომენდებულია შუშის, მეტალის, ტექსტილის, რეზინისაგან დამზადებული სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა დეზინფექციისათვის, ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დამუშავებისათვის.

ანტისეპტიკების დიდი ნაწილი წარმოდგენილია მეტალების ნაერთებით (მარილებით) (ბისმუტის, თუთიის, ტყვიის პრეპარატები). დაბალი კონცენტრაციით ისინი აბლოკირებენ მიკროორგანიზმების ფერმენტების სულფჰიდრილურ ჯგუფებს (ანტისეპტიკური ეფექტი), ხოლო მაღალი კონცენტრაციის დროს – ახდენენ ცილების დენატურირებას ალბუმინატების წარმოქმნით, რის შედეგად ქსოვილის ზედაპირზე წარმოიქმნება აფსკი, ქსოვილის შემკვრივება, ანთება მცირდება (შეწებების ეფექტი).

ანტისეპტიკურ საშუალებებს მიაკუთვნებენ აგრეთვე მჟავებს და ტუტეებს (სალიცილის და ბორის მჟავები, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ბენზოილპეროქსიდი), ალდეჰიდებს (ციდიპოლი და სხვა), სპირტებს (ეთილის სპირტი), ფენოლებს (რეზორცინი), საღებავებს (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე), ანიონურ (საპნები) და კათიონური დეტერგენტებს, მცენარეული წარმოშობის პრეპარატებს (კალენდულას, გვირილას ყვავილები) და სხვა.

ბოლო წლების მანძილზე ფართოდ გავრცელდა ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ჯგუფის მადეზინფიცირებელი საშუალებები. წყალხსნარებში იონიზაციის უნარის მიხედვით მათ ჰყოფენ კათიონურ, ანიონურ, ამფოლიტურ და არაიონოგენურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებად. დამოუკიდებელი დეზინფექტანტების სახით გამოიყენება მხოლოდ კათიონური და ამფოლიტური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად, ამფოლანი). ამფოლიტურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს   უპირატესობა გააჩნიათ კათიონურთან შედარებით – ისინი ნაკლებად ტოქსიკურნი არიან, მოქმედებენ ბაქტერიებზე, სოკოებზე და ზოგიერთ ვირუსებზე, არ კარგავენ აქტიურობას ცხიმებისა და ცილების თანაობისას, არ იწვევენ მეტალების კოროზიას. ყველა სხვა ჯგუფის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს იყენებენ, როგორც სასარგებლო დანამატებს კომპოზიციურ მადეზინფიცირებელ საშუალებებში. გუანიდინების ჯგუფიდან ყველაზე ფართო ანტისეპტიკური და სადეზინფექციო გამოყენება ჰპოვა ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატმა და ლაქტაციდმა. ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი  ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, მაგრამ ვირიცილიდური აქტივობა დამახასიათებელია მხოლოდ მისი სპირტხსნარებისათვის. მეტაციდი იწვევს მრავალი დერმატოფიტის გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების კვდომას. მისი დადებითი თვისებაა ხანგრძლივი ეფექტი. ალდეჰიდების ჯგუფიდან სადეზინფექციო პრაქტიკაში გამოიყენება ორი ნივთიერება  –ფორმალდეჰიდი   და გლუტარის ალდეჰიდი. ალდეჰიდებისათვის დამახასიათებელია ბაქტერიციდული, ვირულიციდური, ფუნგიციდური და სპოროციდული ქმედება, რომელიც საშუალებას იძლევა მივაკუთვნოთ ისინი მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებებს. სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებად  გამოიყენება სპირტებიც. მათ იყენებენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე გამხსნელების სახით, რომლებიც ზრდიან სხვა სადეზინფექციო საშუალებების აქტივობას. სპირტებს გააჩნიათ ბაქტერიციდული და ვირულიციდური თვისებები. სადეზინფექციოდ ფართოდ იყენებენ ეთილის და იზოპროპილის სპირტებს 60-90%-იანი კონცენტრაციით (მოცულობით).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.