პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ამ ჯგუფს მიკუთვნება სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ანაზღაურებენ ორგანიზმით ან მისი ცალკეული ქსოვილებით და ორგანოებით დაკარგულ სითხეს. პრეპარატები, რომლებიც ანაზღაურებენ სითხის დანაკარგს მიეკუთვნებიან წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და ტუტე-მჟავა წონასწორობის რეგულატორთა, პლაზმის და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელთა ჯგუფს.
“ლოკალურ” რეჰიდრატანტებს შორის სამედიცინო პრაქტიკაში ინტენსიურად გამოიყენება ოფთალმოლოგიური სამკურნალო ფორმები – ცრემლის სითხის შემცვლელები. ცრემლის სითხის შემცვლელი საშუალებები (ცრემლის სითხის დეფიციტის შემავსებლები) ახდენენ გამოხატულ დამატენიანებელ მოქმედებას. ცრემლის სითხის დაქვეითებული სეკრეციის დროს ისინი ასველებენ კონიუქტივას და რქოვანას, ამცირებენ თვალის სხვა წვეთების გამაღიზიანებელ მოქმედებას. თუმცა არ შეიძლება მათი გამოყენება მეტალების მარილთა შემცველ თვალის წვეთებთან ერთად. ლოკალური რეჰიდრატანტები ოფთალმოლოგიაში უპირატესად გამოიყენება თვალის წვეთების (ჰიპრომელოზა, ლარიქსინი და სხვა) და გელების (კარბომერი 974P, ვიდიციკი და სხვა) სახით, ცრემლის სითხის დაქვეითებული გამოყოფის დროს რქოვანა გარსის დასაცავად, “მშრალი თვალის” სინდრომის დროს, რქოვანას ეპითელიზაციის დასაჩქარებლად ტრავმების (მათ შორის კონიუქტივის და რქოვანას თერმული დამწვრობისას), ეროზიების და რქოვანას ტროფიკული წყლულების შემთხვევაში. ეს პრეპარატები ეფექტურია ქუთუთოებზე პლასტიკური ოპერაციების, კერატოპლასტიკის, კერატოექტომიის შემდეგ, კვამლით, მტვერით, სიცივით, ქარით, მზით, მარილიანი წყლით, კონტაქტური ლინზებით გამოწვეული თვალის გაღიზიანების შემთხვევაში; თვალიდან ტოქსიკური ნივთიერებების და უცხო სხეულების მოცილების შემდეგ; გონიოსკოპიის, ელექტრორეტინოგრაფიის, ელექტროოკულოგრაფიის, თვალზე ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებისას და სხვა. ლოკალური რეჰიდრატანტების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ოტორინოლარინგოლოგიური სამკურნალო ფორმები, მათ შორის პრეპარატი დროსა-ნოსი, რომელიც დამატენიანებელ მოქმედებას ახდენს ცხვირის ლორწოვან გარსზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.