ნიტროფურანის წარმოებულები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნიტროფურანის ზოგიერთ წარმომადგენელს ანტიმიკრობული აქტივობა გააჩნია და სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ქიმიურად ეს ნაერთები ხასიათდებიან ფურანის ბირთვის C5 მდგომარეობაში ნიტროჯგუფის (-NO2) და C2 მდგომარეობაში სხვადასხვა ჩამნაცვლებლების არსებობით. ნიტროფურანები ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ასევე ზოგიერთი მსხვილი ვირუსების, ტრიქომონადის, ლამბლიების მიმართ. რიგ შემთხვევებში ისინი აჩერებენ იმ მიკროორგანიზმთა ზრდას, რომლებიც მდგრადი არიან სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. ქიმიური აგებულების მიხედვით, ამ რიგის ცალკეული ნაერთები რამდენადმე განსხვავდებიან მოქმედების სპექტრით. მაგალითად, ფურაცილინი გავლენას ახდენს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებზე. ფურაზოლიდონი, რომელსაც გვერდით ჯაჭვში აოქსაზოლიდონის ბირთვი აქვს, შედარებით ეფექტურია გრამუარყოფითი ბაქტერიების, ასევე ტრიქომონადებისა და ლამბლიების მიმართ. ფურაზოლიდონთან ახლოს მყოფი ფურაზოლინი, რომელსაც აქვს ოქსაზოლიდონის ბირთვის დამატებითი მორფოლინომეთილის ჯგუფი აქვს,  ეფექტურია უპირატესად გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. ფურადონინი და ფურაგინი, რომელთაც გვერდით ჯაჭვში გააჩნიათ ამინოჰიდანტოინის ბირთვი, განსაკუთრებით ეფექტურია საშარდე გზების ინფექციების დროს. მოქმედების თავისებურება განსაზღვრავს გამოყენების ჩვენებასა და ცალკეული პრეპარატის გამოყენების მეთოდებს. უკანასკნელ დროს, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა და ახალი სინთეზური ქიმიოთერაპიული პრეპარატების (ქინოლონები და სხვ.) გამოჩენასთან დაკავშირებით, ნიტროფურანები, როგორც ანტიმიკრობული საშუალებები, შედარებით შეზღუდულად გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სხვადასხვა გვერდითი რეაქციები. ამასთანავე, ფურაცილინს ფართო გამოყენება აქვს, როგორც ადგილობრივად მოქმედ საშუალებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.