პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ნეიროლეფსიურ საშუალებებს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ფსიქოზების და სხვა მძიმე ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ. ნეიროლეფსიური პრეპარატების ჯგუფში შედის ფენოთიაზინის წარმოებულები (ქლორპრომაზინი და სხვა), ბუტიროფენონები (ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი და სხვა), დიფენილბუთილპიპერიდინის წარმოებულები (ფლუსპირილენი და სხვა) და სხვა. ნეიროლეფსიური საშუალებები ანუ ნეოროლეპტიკები ორგანიზმზე მრავალმხრივ გავლენას ახდენენ. მათ ძირითად ფარმაკოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს სპეციფიური დამამშვიდებელი მოქმედება, რომელსაც მოჰყვება რეაქციების დაქვეითება გარეშე სტიმულებზე, ფსიქომოტორული აგზნების და აფექტური დაძაბულობის დაქვეითება, შიშის გრძნობის დათრგუნვა, აგრესიულობის შესუსტება. მათ შეუძლიათ დათრგუნონ ბოდვა, ჰალუცინაციები, ავტომატიზმი და სხვა ფსიქოპათიური სინდრომები, გამოიწვიონ სამკურნალო ეფექტი შიზოფრენიით და სხვა ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში. ნეიროლეპტიკების ჩვეულებრივ დოზებს არა აქვთ გამოკვეთილი ძილის მომგვრელი მოქმედება, მაგრამ შეიძლება გამოიწვიონ თვლემა, ხელი შეუწყონ დაძინებას და გააძლიერონ საძილე საშუალებების და სხვა დამამშვიდებელი (სედატიური) საშუალებების მოქმედება. ისინი აძლიერებენ ნარკოტიკების, ანალგეტიკების, ადგილობრივი საანესთზიო საშუალებების მოქმედებას და ასუსტებენ ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატების ეფექტებს. ზოგიერთი ნეიროლეპტიკის ანტიფსიქოზურ მოქმედებას თან სდევს სედაციური ეფექტი (ფენოთიაზინის ალიფატური წარმოებულები: ქლორპრომაზინი, პრომაზინი, ლევომეპრომაზინი და სხვა), ხოლო სხვებისას (ფენოთიაზინის პიპერაზინული წარმოებულები: პროქლორპერაზინი, ტრიფლუოპერაზინი და სხვა, ზოგიერთი ბუტიროფენონები) – მააქტივებელი (ენერგეტიკული) ეფექტი. ზოგიერთი ნეიროლეპტიკები ასუსტებენ დეპრესიას.
ნეიროლეპტიკების ცენტრალური მოქმედების ფიზიოლოგიურ მექანიზმებში დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის რეტიკულური ფორმაციის დამუხრუჭებას და ტვინის დიდ ნახევარსფეროებზე მისი მააქტივირებელი მოქმედების შესუსტებას. ნეიროლეპტიკების სხვადასხვაგვარი ეფექტები დაკავშირებულია აგრეთვე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა რგოლებში ზემოქმედებით აგზნების გაჩენასა და გატარებაზე.
ნეიროლეპტიკები ცვლიან ნეიროქიმიურ (მედიატორულ) პროცესებს ტვინში, როგორიცაა დოფამინერგული, ადრენერგული, სეროტონინერგული, გაემ-ერგული, ქოლინერგული, ნეიროპეპტიდური და სხვა პროცესები. ნეიროლეპტიკების სხვადასხვა ჯგუფები და ცალკეული პრეპარატები განსხვავდებიან ნეირომედიატორების წარმოქმნაზე, დაგროვებაზე, გამოთავისუფლებაზე და მეტაბოლიზმზე თავანთი გავლენით, ასევე ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებში მათ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით, რაც მკვეთრად აისახება მათ თერაპიულ და ფარმაკოლოგიურ თვისებებზე.
სხვადასხვა ჯგუფის ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, ბუტიროფენონები და სხვა) ახდენენ ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დოფამინური (D2) რეცეპტორების ბლოკირებას. ვარაუდობენ, რომ ეს ძირითადად განაპირობებს ანტიფსიქოზურ აქტივობას, მაშინ როცა ცენტრალური ნორადრენერგიული რეცეპტორების (კერძოდ, რეტიკულარული ფორმაციის) დათრგუნვა – მხოლოდ სედატიურ ეფექტს იძლევა. დოფამინის მედიატორული აქტივობის დათრგუნვასთან დაკავშირებულია არა მარტო ნეიროლეპტიკების ანტიფსიქოზური გავლენა, არამედ, აგრეთვე, მათ მიერ გამოწვეული ნეიროლეფსიური სინდრომი (ექსტრაპირამიდული მოშლილობები), რომელიც აიხსნება ტვინის იმ ქერქქვეშა წარმონაქმნების (შავი სუბსტანცია და ზოლიანი სხეული, ბორცვოვანი, ლიმბშუა და მეზოკორტიკალური უბნები) დოფამინერგული სტრუქტურების ბლოკადით, რომლებშიც ლოკალიზებულია დოფამინური რეცეპტორების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ცენტრალურ დოფამინურ რეცეპტორებზე ზემოქმედებას მოსდევს ნეიროლეპტიკებით გამოწვეული ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევა. ჰიპოფიზის დოფამინური რეცეპტორების ბლოკირებით ისინი აძლიერებენ პროლაქტინის სეკრეციას და ასტიმულირებენ ლაქტაციას, ხოლო ჰიპოთალამუსზე მოქმედებით ამუხრუჭებენ კორტიკოტროპინის და სომატოტროპული ჰორმონის სეკრეციას. კლოზაპინი (პიპერაზინოდიბენზოდიაზეპინის წარმოებული) წარმოადგენს გამოხატული ანტიფსიქოზური აქტივობის მქონე ნეიროლეპტიკს, რომელიც პრაქტიულად არ იწვევს ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტს. პრეპარატის ამ თავისებურებას უკავშირებენ მის ანტიქოლინერგილ თვისებებს. ნეიროლეპტიკების უმრავლესობა კარგად შეიწოვება.
შეყვანის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისას (შიგნით, კუნთში), გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მაგრამ ტვინში გროვდება მნიშვნელოვნად უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე შინაგან ორგანოებში (ღვიძლში, ფილტვებში); გარდაიქმნას განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა შარდთან ერთად, ნაწილობრივად – ნაწლავებით. მათ გააჩნიათ ნახევრგამოყოფის შედარებით მცირე პერიოდი და ერთჯერადი მიღების შემდეგ მოქმედებენ არახანგრძლივად. შექმნილია პროლონგირებული პრეპარატები (ფლუფენაზინი, ფლუსპირილენი, პიმოზიდი და სხვა), რომლებიც პარენტერალური შეყვანისას ან დალევისას ხანგრძლივ ეფექტს იძლევიან.
(2)
ნეიროლეპტიკური საშუალებები (ბერძ. neuron ნერვი + leptikos აღების, ათვისების უნარის მქონე,; სინ.: ნევროლეპტიკური საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ნეიროპლეგიური საშუალებები, ნეიროპლეგიკები, ანტიფსიქიკური საშუალებები, ანტიშიზოფრენიული საშუალებები,, დიდი ტრანკვილიზატორები) _ სამკურნალო საშუალებების ჯგუფი, რომლებიც განაპირობებენ მრავალმხრივ, უპირატესად კი დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ საქმიანობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ქცევაზე და, ამავდროულად, არ იწვევენ ცნობიერების დარღვევას. ნეიროლეპტიკური საშუალებების თავისებურებას, ფსიქოტროპული საშუალებების სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, წარმოადგენს ანტიფსიქიკური მოქმედება ანუ ფსიქიკური დარღვევების (ბოდვა, ჰალუცინაციები) კუპირების უნარი. ნეიროლეპტიკური საშუალებების გამოყენებისას ვლინდება ზოგადი სიმშვიდის მდგომარეობა, მცირდება ემოციური დაძაბულობა, მკვეთრად ქვეითდება შიშის, მოუსვენრობის გრძნობა, ვითარდება გარშემომყოფებისადმი ფსიქოეფექტური გულგრილობის მდგომარეობა.
კლასიფიკაცია, ძირითადად, დაფუძნებულია ნეიროლეპტიკური თვისებების მქონე ნაერთების ქიმიურ სტრუქტურაზე, მათი ფარმაკოლოგიური თვისებების და კლინიკური გამოყენების თავისებურებების გათვალისწინებით. გამოყოფენ ნეიროლეპტიკური საშუალებების შემდეგ ძირითად ჯგუფებს: 1) ფენოთიაზინები _ დიალკილამინოალკილის (პროპაზინის ქვეჯგუფი), პიპერიდიალკილის (რიდაზინის ქვეჯგუფი) და ალკილპიპერაზინილპროპილის (პერაზინის და ფერაზინის ქვეჯგუფი) წარმოებულები; 2) თიოქსანტენები; 3) ტრიციკლური ნეიროლეპტიკები განსხვავებული ქიმიური შენებით (დიბენზოქსეპინები, დიბენზდიაზეპინები, დიბენზთიეპინები); 4) ბუტიროფენონები; 5) დიფენილბუტილპიპერიდინები; 6) სულფამოილბენზამიდები; 7) ინდოლის და კარბონილის წარმოებულები; 8) ალკალოიდები რაუოლფინი და მათი სინთეზური ანალოგები. ნეიროლეპტიკური საშუალებების ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლების სტრუქტურული ფორმულები მოყვანილია ქვემოთ.
უმეტესობა ნეიროლეპტიკური საშუალებების ქიმიურ აგებულებას გააჩნია საერთო თვისებები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ: 1) მოლეკულის სამგანზომილებიანი (სივრცითი) სტრუქტურა; 2) მოლეკულების უბნების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ რეცეპტორებთან სპეციფიკურ და არასპეციფიკურ კავშირს; 3) შეკავშირების შესაძლებლობა პოლარული და ჰიდროფილური ურთიერთქმედების ხარჯზე; 4) ურთიერთგანლაგება და განსაზღვრული მანძილი მოლეკულის ფუნქციურ დაჯგუფებებს (უბნებს) შორის.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.