ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია
ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცენტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით.
ფუნქციონალური ანატომია. ნაღვლის ბუშტს გააჩნია მსხლისებური ფორმა და მდებარეობს ღვიძლის ქვედა ზედაპირზე მარჯვენა და კვადრატულ წილებს შორის. ნაღვლის ბუშტის სიგრძე მერყეობს 5 სმ–დან 14 სმ–მდე, სიგანე – 2–4 სმ, მოცულობა – 30–70 მლ; პათოლოგიური მდგომარეობების დროს მისი ფორმა, სიდიდე და მოცულობა შესაძლებელია მნიშვნელოვნად მერყეობდეს. ნაღვლის ბუშტში განასხვავებენ ძირს, სხეულს და ყელს,რომელიც გადადის ნაღვლის ბუშტის სადინარში.
ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შეამერთებელქსოვილოვანი გარსებისგან; ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი დაფარულია სეროზული გარსით. ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსს გააჩნია მრავლობითი ნაოჭები. ერთ–ერთ მათგანს, რომელიც მიემართება ყელის მიდამოსკენ, ეწოდება ჰეისტერის სარქველი და გლუვკუნთოვან ბოჭკოებთან ერთად ქმნის ე.წ. კუტკენსის სფინქტერს. კუნთოვანი ბოჭკოების კონებსა და შემაერთებელი ქსოვილის გარსს შორის განლაგებულნი არიან მილაკოვანი არხები, რომლებიც არ უკავშირდებიან ბუშტის ღრუს – ლუშკას სავალი გზები.
ნაღვლის ბუშტის მდებარეობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკსა და სხეულის აგებულებაზე. ჩვეულებრივ ის პროეცირდება მუცლის წინა კედელზე მარჯვენა პარასტერნალური ხაზის და მე–10 ნეკნების შემაერთებელი ხაზის გადაკვეთის ადგილას, ხოლო ხერხემალთან მიმართებაში – LI-LII დონეზე.
ნაღვლის ბუშტის ინერვაცია ხორციელდება ღვიძლის ნერვული წნულის (plexus hepaticus), რომელიც წარმოქმნილია ფაშვის ღეროს ტოტებისგან, ცდომილი ნერვის წინა ღეროს, დიაფრაგმის ნერვების და კუჭის ნერვული წნულის მეშვეობით.
ნაღვლის ბუშტის სისხლმომარაგება ჩვეულებრივ ხორციელდება ღვიძლის საკუთარის არტერიის მარჯვენა ტოტიდან გამომავალი ნაღვლის ბუშტის არტერიით (a. cystica). ნაღვლის ბუშტის ვენები – v. v. cysticae (როგორც წესი მრავლობითი – 3–4) ყალიბდებიან ნაღვლის ბუშტის ინტრამურული ვენური წნულებისგან და ჩაედინებიან კარის ვენის ღვიძლშიდა ტოტებში. ნაღვლის ბუშტიდან ლიმფის უკუდინება ხდება ღვიძლის ლიმფურ კვანძებში (nodi lymphatici hepatici), რომლებიც განლაგებულნი არიან ნაღვლის ბუშტის ყელის მიდამოში, ღვიძლის კარში, ნაღვლის საერთო სადინრის გაყოლებაზე.
საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის შედეგად მასში წნევა მატულობს 200–300 მმ. წყ. სვ–მდე და კონცეტრირებული ნაღველი გადადის ნაღვლის საერთო სადინარში. ყველაზე ინტენსიურად ნაღველის გადასვლა ხდება კვერცხის გულის, მცენარეული და ცხოველური ცხიმების მიღების შემდეგ. ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას მოსდევს მისი მოდუნება და ის ივსება ღვიძლისმიერი ნაღველით (ყველაზე ინტენსიურად ღამის საათებში).
ნაღვლის ბუშტის ფუნქციის რეგულაცია ხორციელდება ნეიროჰუმორული მექანიზმებით. თორმეტგოჯა ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ გამომუშავებული ქოლეცისტოკინინი იწვევს ნაღვლის ბუშტის ძლიერ ტონურ შეკუმშვას და ერთდროულად ოდის სფინქტერის მოდუნებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის გადასვლას ნაწლავებში.