პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
მედიკამენტური ალერგია _ მედიკამენტების ზემოქმედებით გამოწვეული ორგანიზმის ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციების განვითარება, ტოქსიკურებისგან განსხვავებით, დაკავშირებულია არა უშუალოდ სამკურნალო ნივთიერების პირდაპირ ფარმაკოლოგიური მოქმედებასთან, არამედ მის უნართან წარმოქმნას კომპლექსური ანტიგენები და მოახდინოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია.
მედიკამენტების უმეტესობა შესაძლოა გახდეს მედიკამენტური ალერგიის ეტიოლოგიური ფაქტორი, და რაც უფრო ხშირად გამოიყენება ესა თუ ის მედიკამენტი, მით უფრო დიდია მისდამი ალერგიის გამოვლინების ალბათობა. მედიკამენტური ალერგიის გამოვლინების სიხშირე, სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მერყეობს სამკურნალო საშუალებების გამოყენების ყველა შემთხვევის 0,5%-დან 60%-მდე; განსხვავებულია მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და დამოკიდებულია პროფესიაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზე. მედიკამენტური ალერგია გავრცელებულია იმ პროფესიის ადამიანებში, რომლებთაც აქვთ ხშირი კონტაქტი სამკურნალო საშუალებებთან ( სამედიცინო პერსონალი, აფთიაქებში და ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში მომუშავენი, ქიმიკოსები, იშვიათად სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულები). პრეპარატების და სხვა პროფესიული ფაქტორების მიმართ სენსიბილიზაციის გამოვლენის მიზნით, ი.კ. კუპჩინსკასმა და თანაავტორებმა შეაგროვეს კაუნასის სხვადასხვა საავადმყოფოში მომუშავე 312 ადამიანის ანამნეზი (100 ექიმი და 212 საშუალო მედ. პერსონალი). მათ, ვისაც გააჩნდათ მუშაობის 10 წლამდე სტაჟი, სენსიბილიზაცია გამოუვლინდათ ექიმების 10%-ს და საშუალო მედ. პერსონალის 27,3%-ს; მუშაობის 20 წლამდე სტაჟის შემთხვევაში _ ექიმების 12,5%-ს და საშუალო მედ. პერსონალის 55,4%-ს; 30 წლამდე სტაჟის შემთხვევაში კი 23%-ს და 53,1%-ს შესაბამისად, ე.ი. რაც უფრო ხშირია მუშაობის სტაჟი და შესაბამისად, მედიკამენტებთან კონტაქტი, მით უფრო ხშირად გვხვდება მედიკამენტური ალერგია.
ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევებში, ალერგიული გართულებები უფრო ხშირად ვითარდება პენიცილინის (ნებისმიერი ფორმით) გამოყენებისას; მათი სიხშირე მერყეობს 0,6%-დან 16 %-მდე, მათ შორის მძიმე გართულებები _ 0,01%-დან 0,3%-მდე, ხოლო სასიკვდილო რეაქციები 0,001%-დან 0,01%-მდე შემთხვევებში.
საექიმო პრაქტიკაში ახალი სამკურნალო საშუალებების მუდმივმა დანერგვამ, აგრეთვე, არც თუ იშვიათად, ანტიბიოტიკების, არასაკმარისად დასაბუთებელმა, ფართო გამოყენებამ, მედიკამენტური ალერგიის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახადა.
მედიკამენტური ალერგია განსხვავდება მედიკამენტური თერაპიის, არაალერგიული გენეზის გართულებებისგან. მისი გამოვლინება არ ჰგავს სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. იგი ვითარდება ამა თუ იმ პრეპარატის მინიმალური დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი. პრეპარატთან პირველ კონტაქტს მოსდევს სენსიბილიზაციის პერიოდი, არანაკლებ 5-7 დღე (გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. ფარული სენსიბილიზაცია). მედიკამენტური ალერგია ვლინდება ალერგიული დაავადებების კლასიკური სიმპტომებით, რომლებიც მეორდებიან მედიკამენტი-ალერგენების ყოველი განმეორებითი შეყვანის შემდეგ. სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომელთაც გააჩნიათ მსგავსი ჯვარედინი ქიმიური და ალერგიული თვისებები, შესაძლოა მოგვცენ მსგავსი სიმპტომები.
ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ვლინდება: 1) ბუნებრივი (პენიცილინი, ბიცილინი) და ნახევრადსინთეზური (ოქსაცილინი, ამპიცილინი და სხ.) პენიცილინის პრეპარატებს; 2) სტრეპტომიცინის ჯგუფის პრეპარატებს და ამონოგლიკოზიდებს (ნეომიცინი, კანამიცინი, მონომიცინი, გენტამიცინი და სხ.); 3) ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს (ტეტრაციკლინი, რონდომიცინი, მეტაციკლინი, მორფოციკლინი, გლიკოციკლინი და სხ.); 4) ფენოთიაზინური წარმოებულის პრეპარატებს და ზოგიერთ ანტიჰისტამინურ საშუალებებს (ამინაზინი და მისი ანალოგები, პიპოლფენი, დიპრაზინი); 5) იოდის შემცველ ყველა პრეპარატს (ლუგოლის ხსნარი, იოდ-კონტრასტული ნივთიერებები და სხ.); 6) ვიტამინი B1 (თიამინბრომიდომი) და კოკარბოქსილაზას; 7) ბარბიტურატების ჯგუფის პრეპარატებს (ფენობარბიტალი, მედინალი და ა.შ.); 8) პირაზოლინურ პრეპარატებს (ანალგინი, ანტიპირინი, ამიდოპირინი, ბუტადიონი), აცეტილსალიცილის მჟავას და ფენილპროპიონატებს (ბრუფენი და სხ.); 9) ნოვოკაინს, სულფანილამიდურ წარმოებულებს, პასკ-ს; 10) ეთილენდიამინის (სუპრასტინი და სხ.) და ეუფილინის წარმოებულებს (80% თეოფილინი + 20% ეთილენდიამინი); 11) ცეფალოსპორინებს და პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებს შორის.
იმ პირებში, რომელთაც გააჩნიათ პენიცილინის მიმართ ალერგია, ცეფოპირის დანიშვნისას, ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ვლინდება 14% შემთხვევებში. ჯგუფური და ჯვარედინი ალერგიული რეაქციები გამოწვეულია სამკურნალო ნივთიერებების ძირითადი სტრუქტურების ერთიანობით, აგრეთვე მათი მეტაბოლიზმის თავისებურებებით. ამის გათვალისწინება აუცილებელია მედიკამენტური ალერგიის მქონე პირებში, ამ თუ იმ პრეპარატის დანიშვნისას. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო, საშუალებების მიმართ ალერგიის მსგავსი რეაქციების გამოვლინება დამოკიდებულია არა მათი ანტიგენური თვისებების ერთიანობაზე, არამედ მოქმედების ერთიან მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათ ზემოქმედებაზე პროსტაგლანდინსინთეტაზაზე.
სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ალერგიული რეაქციების მექანიზმების თავისებურებები შესწავლილია ალერგიული რეაქციების იმუნოლოგიურ სტადიებთან და სენსიბილიზაციის პერიოდთან მიმართებაში.
სამკურნალო პრეპარატს შესაძლოა გააჩნდეს სრულფასოვანი ანტიგენის (იხ.ანტიგენები) ე.ი. უნარი წარმოქმნას ორგანიზმში ანტისხეული (იხ.) და შევიდეს მასთან რეაქციაში ან ჰაპტენის (იხ.) ე.ი. არასრულფასოვანი ანტიგენის, თვისებები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამკურნალო ნივთიერება, შრატის (ალბუმინები, გლობულინები) ან ქსოვილოვან (პროკოლაგენები, ჰისტონები) ცილებთან შეერთების შედეგად, შესაძლოა გარდაიქმნას სრულფასოვან ანტიგენად. ასე მაგალითად, პენიცილინის მეტაბოლიტი პენიცილოიდური მჟავა, უერთდება რა ორგანიზმის ცილებს _ ალბუმინებს, იძენს სრულფასოვანი ანტიგენის თვისებებს. კომპლექსის, პრეპარატი-ცილა, ალერგენული აქტივობა დამოკიდებულია პრეპარატის ქიმიურ აგებულებაზე (მაგ. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ბენზოლის რგოლს და რადიკალს ამინოჯგუფის სახით, ან ქლორის ატომს, ადვილად უკავშირდებიან ცილებს და იწვევენ ანტისხეულების აქტიურ წარმოქმნას) და პრეპარატი_ცილის კავშირის მდგრადობაზე, ე.ი. ორგანიზმში წარმოქმნილი ანტიგენური კომპლექსის სტაბილურობაზე. ცილებთან მყარი კოვალენტური კავშირების წარმოქმნის უნარი გააჩნიათ მედიკამენტების შედარებით მცირე რაოდენობას, რომელთაც შეუძლიათ ცილების ამინომჟავების კარბოქსილურ, ოქსი-, ამინო- და სულფჰიდრილურ ჯგუფებთან ზემოქმედებით წარმოქმნან ჰიდროლიზისადმი მდგრადი კომპლექსები.
კლინიკური გამოვლინებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შედარებით არასპეციფიკური რეაქციები სამკურნალო ნივთიერებების მიმართ ანუ ე.წ. მედიკამენტური ალერგიის პოლივალენტობა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფორმით. ა.დ. ადოს აზრით, პოლივალენტობის პირველ ფორმას წარმოადგენს ერთ პიროვნებაში, მსგავსი ქიმიური აგებულების მქონე სამკურნალო ნივთიერებების მიმართ ალერგიის გამოვლინება. ასე მაგალითად, პენიცილინები _ 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებულები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიერთებული რადიკალებით. სეროლოგიურმა გამოკვლევებმა და კანის ტესტებმა გვაჩვენა, რომ სხვადასხვა სახის პენიცილინებს გააჩნიათ ანტიგენური მსგავსება, ამიტომაც შესაძლებელია ველოდოთ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების გამოვლინებას. ანესთეზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში, არც თუ იშვიათია პროკაინის, სულფანილამიდების და პარაამინობენზოის მჟავის სხვა წარმოებულების მიმართ, ალერგიის განვითარების შესაძლებლობა.
პოლივალენტობის მეორე ფორმას წარმოადგენს ერთ პიროვნებაში, სხვადასხვა ქიმიური აგებულების და ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე სხვადასხვა პრეპარატის მიმართ ალერგიის განვითარება, ე.ი. სამკურნალო საშუალებების ზოგადი აუტანლობა. კლინიკურ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები ხშირია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. არც თუ იშვიათად, აღნიშნული ფორმა ერწყმის ან გადადის მედიკამენტური ალერგიის პოლივალენტობის მესამე ფორმაში, რომლის დროსაც, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ერწყმის საკვები ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო და მცენარეული მტვრის და ინფექციური ან არაინფექციური გენეზის, ნებისმიერი სახის ალერგენების მიმართ განვითარებულ ალერგიას.
მედიკამენტური ალერგიის პოლივალენტობის აღნიშნული ფორმების იმუნოლოგიური მექანიზმები ერთმანეთისგან განსხვავდება და არასრულყოფილადაა შესწავლილი. პოლივალენტობის პირველი ფორმის დროს, იმ განსახვავებულ სამკურნალო საშუალებებში, რომელთა მიმართაც ვითარდება ალერგია, აღინიშნება აქტიური ჰაპტენური ჯგუფების ქიმიური მსგავსება მაგ: პარაამინობენზოის მჟავას წარმოებულებში, სხვადასხვა პენიცილინებში და სამკურნალო პრეპარატების სხვა მრავალ ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ მსგავსი ქიმიური აგებულება.
ალერგიის მეორე ფორმის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სენსიბილიზაცია (იხ.) ერთდროულად რამდენიმე სამკურნალო ნივთიერების მიმართ ან განვითარდეს თანმიმდევრობითი სენსიბილიზაცია დასაწყისში ერთ, შემდგომ კი სხვა პრეპარატის მიმართ. საერთო, მემკვიდრეობით-კონსტიტუციონალური წინასწარგანწყობა წარმოადგენს სასურველ ფონს პოლივალენტური ალერგიის განვითარებისთვის.
ასევე შეგვიძლია ავხსნათ მედიკამენტური ალერგიის მესამე ფორმა. პოლივალენტური მედიკამენტური ალერგიის დროს აღინიშნება ზოგადი, უფრო ხშირად კი, მემკვიდრეობით-კონსტიტუციონალური რეაქცია, რომელიც ბავშვობის ასაკიდან ვლინდება ექსუდაციურ-კატარული დიათეზის (იხ.) სხვადასხვა ფორმებით. შემდგომში მუდმივი აცრები, ინფექციური და არაინფექციური გენეზის სხვა ალერგენებთან კონტაქტი, თანდათანობით იწვევს ალერგიული კონსტიტუციის იმ ტიპის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომში ხდება განსაკუთრებულად სასურველი ფონი ნებისმიერი პრეპარატის, როგორც ალერგენის, მოქმედებისთვის.
კლინიკური გამოვლინებები. მედიკამენტური ალერგიის კლინიკური გამოვლინებების საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. ზოგიერთი ავტორი მედიკამენტური ალერგიის კლასიფიცირებას ახდენს სხვა ალერგიული დაავადებების მსგავსად, პათოგენეტიკური პრინციპის მიხედვით, ე.ი. ალერგიული რეაქციების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება იყოს B-დამოკიდებელი (სწრაფი ანუ დაუყოვნებელი) და თ-დამოკიდებული (გვიანი ანუ შენელებული) ტიპის. თუმცა, მიუხედავად ამისა, კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება სინდრომები, რომელთა მიკუთვნება ალერგიული რეაქციების ამა თუ იმ ტიპისთვის საკმაოდ რთულია (მაგ: LE-სინდრომი, ალერგიული მედიკამენტური ჰეპატიტი და სხ).
ა.დ. ადო (1968), სენსიბილიზირებულ ორგანიზმში სხვადასხვა პრეპარატების მიერ განვითარებულ ალერგიულ რეაქციებს, მათი გამოვლინების სისწრაფის და მიმდინარეობის მიხედვით, ჰყოფს სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება მწვავე ტიპის რეაქცია, რომელიც ვითარდება ორგანიზმში პრეპარატის მოხვედრიდან ერთი საათის განმავლობაში, ზოგჯერ კი მომენტალურად (ანაფილაქსიური შოკი, მწვავე ჭინჭრის ციება, ქვინკეს შეშუპება, ბრონქული ასთმის შეტევები, მწვავე ჰემოლიზური ანემია). ქვემწვავე ტიპის ალერგიული მედიკამენტური რეაქციები (მეორე ჯგუფი) ვლინდება ორგანიზმში მედიკამენტის შეყვანიდან პირველი 24 საათის განმავლობაში (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, მაკულოპაპულოზური ეგზანთემა, იშვიათად ცხელება). შენელებული ტიპის რეაქციები (მესამე ჯგუფი) ვითარდება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში (შრატისმიერი დაავადება, ალერგიული ვასკულიტები და პურპურები, ანთებითი პროცესები სახსრებში, ლიმფურ კვანძებში და სხვადასხვა შინაგან ორგანოებში). ამ ჯგუფს მიეკუთვნება აგრთვე პანციტოპენია.
კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები. დამახასიათებელია უეცარი, შეტევისებური დაწყება, ხშირად მძიმე, ზოგადი სიმპტომებით; ცალკეულ შემთხვევებში, მედიკამენტური ალერგია ვლინდება ცხელებითი რეაქციით. პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად ერთვება რამდენიმე სისტემა და ორგანო. აღინიშნება სიმპტომების შედარებითი დამოუკიდებლობა ალერგიის გამომწვევ პრეპარატთან მიმართებაში. მედიკამენტური ალერგიის სიმპტომები არ არის დამახასიათებელი აღნიშნული მედიკამენტისთვის. ერთი და იგივე სამკურნალო საშუალებამ, შესაძლოა მოგვცეს განსხვავებული ალერგიული ცვლილებები და პირიქით, ერთი და იგივე ალერგიული სიმპტომი შეიძლება აღინიშნებოდეს განსხვავებული პრეპარატებით ზემოქმედების დროს. ასე მაგალითად, ჭინჭრის ციება და ქვინკეს შეშუპება შესაძლოა გამოვლინდეს განსხვავებული მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში. ამავე დროს, ერთი და იგივე პაციენტში, ერთი და იგივე მედიკამენტით ზემოქმედების დროს, შეიძლება განვითარდეს განსხვავებული სიმპტომები. თუმცა მიუხედავად იმ კრიტერიუმისა, რომ ალერგიის გამომწვევი მედიკამენტები და გამოვლენილი სიმპტომები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, დადგენილია, რომ ცალკეული პრეპარატის გამოყენებას თან სდევს მისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი გამოვლინებები. მაგ: შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები ხშირად ვითარდება დეპო-პენიცილინის (ბიცილინი) პრეპარატების გამოყენებისას; ქუნთრუშას, წითელას მსგავსი გამონაყარი _ B ჯგუფის ვიტამინებზე, ქინინზე და სხ.; სხვადასხვა შინაგანი ორგანოს დაზიანებასთან შერწყმული პოლიმორფული, გენერალიზირებული გამონაყარი _ სულფანილამიდურ პრეპარატებზე, პირაზოლინურ წარმოებულებზე, აცეტილსალიცილის მჟავაზე; მორეციდივე ერითემა პიგმენტაციით _ ფენოლფტალეინზე, ანტიპირინზე; მეცხრე დღის ერითემა _ სალვარსანულ პრეპარატებზე და სხ.
კანისმიერი გამოვლინებების თავისებურებები. მედიკამენტური ალერგიის გამონაყარი გამოირჩევა თავისი პოლიმორფულობით და შესაძლოა იყოს ლაქოვანი, პაპულოზური, ურტიკარული, ვეზიკულური, ბულოზური, პაპულოზურ-ვეზიკულური, ერითემოსქვამოზური. მედიკამენტური ალერგიის კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა ჰგავდეს ეგზემის, ექსუდაციური ერითემის, ვარდისფერი ლიქენის, წითელი ბრტყელი ლიქენის და სხ. დროს განვითარებულ სიმპტომებს. ხშირად აღინიშნება გამონაყრის სხვადასხვა ელემენტების შერწყმა (პაპულები, ვეზიკულები, ლაქები, ჰემორაგიული ელემენტები და ა.შ.), ხოლო ზოგჯერ ერთი სახის ელემენტები თანდათანობით ტრანსფორმირდებიან სხვა ელემენტებში, ე.ი. თავდაპირველად გამონაყარი შეიძლება იყოს მონომორფული, ხოლო შემდგომში გადავიდეს პოლიმორფულში. კანისმიერი გამონაყარი შესაძლოა გართულდეს პიოდერმიით.