მედიკამენტური ალერგია

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

დასაწყისი იხ. >>>>

მწვავე ჭინჭრის ციება (იხ.) და ქვინკეს შეშუპება (იხ. ქვინკეს შეშუპება) _ მედიკამენტური ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ერთადერთი სიმპტომი აღნიშნული დაავადების, ასევე შესაძლოა შერწყმული იყოს სხვა ალერგიულ რეაქციებთან. მედიკამენტური ჭინჭრის ციების ყველაზე ხშირი მიზეზია პენიცილინი. მკურნალობის პირველი კურსის ჩატარებისას და ამავდროულად, ფარული სენსიბილიზაციის არარსებობის შემთხვევაში, ჭიჭრის ციება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან მე-5-50-ე დღეს და უფრო მოგვიანებითაც, ხოლო მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარების შემთხვევაში, გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს პრეპარატის მიღებისთანავე. მწვავე ჭიჭრის ციებამ შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოვაცილებთ მის გამომწვევ უშუალო მიზეზს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ალერგენის უმნიშვნელო რაოდენობა, მაგ: საკვებთან ერთად მიღებული ანტიბიოტიკები (განსაკუთრებით პენიცილინისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში). ქვინკეს შეშუპება ხშირად ერწყმის ჭინჭრის ციებას.
კვანძოვანი ერითემა (იხ. ერითემა კვანძოვანი) გვხვდება მედიკამენტური ალერგიის ყველა ალერგიული გამოვლინების 3-4% შემთხვევაში. ხშირად ლოკალიზებულია კიდურების დისტალურ ნაწილებზე, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს კანის მთელ საფარველზეც; ყველაზე ხშირი მიზეზია სულფანილამიდური პრეპარატები; დაავადება ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემთხვევაში, კვანძოვანი ერითემა განიცდის რეციდივირებას.
მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა (იხ. ექსუდაციური ერითემა მრავალფორმიანი) ლოკალიზდება იმავე ადგილებზე, სადაც კვანძოვანი ერითემა. მძიმე მიმდინარეობის ვარიანტი (კანის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, თვალების, სასქესო ორგანოების დაზიანება) ატარებს სტივენს-ჯონსონის სინდრომის სახელს (იხ. ერითემა).
ფიქსირებული დერმატიტები _ ცვლილებები, რომლებიც ვითარდებიან კანის მკაცრად შემოსაზღვრულ უბნებზე მედიკამენტი-ალერგენის განმეორებითი შეყვანის დროს. ფენოლფტალეინი, სულფანილამიდები, იოდი, ანტიპირინი, ბისმუტი _ ფიქსირებული დერმატიტების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია. ისინი ხასიათდებიან პირველადი ელემენტების (პაპულები, ლაქები, ვეზიკულები, ბულები) არსებობით, რომლებიც ვლინდებიან სხეულის სხვადასხვა უბნის კანის საფარველზე, აგრეთვე ლორწოვან გარსებზე. გამონაყარი შეიძლება იყოს როგორც მონომორფული, ასევე პოლიმორფული.
ჰემორაგიული ვასკულიტი (იხ. შენლეინ-ჰენოხის დაავადება) წარმოადგენს ალერგიულ დაავადებას და ხშირად მისი გამომწვევია ანტიბიოტიკები და ბარბიტურატები. მისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის, წერტილოვანი სისხლჩაქცევები _ პეტექიები, რომლებიც შესაძლოა შერწყმულნი იყვენენ ალერგიის სხვა კანისმიერ გამოვლინებებთან (ერითემა, ჭინჭრის ციება), აგრეთვე მედიკამენტოზურ ცხელებასთან, ართრალგიებთან. შესაძლებელია მოხდეს ჰემორაგიული გამონაყრის ტრანსფორმაცია ეპიდერმულ ნეკროლიზში _ ლეილელის სინდრომი (იხ. ნეკროლიზი ეპიდერმული ტოქსიკური). მედიკამენტი-ალერგენის მოშორების შემდეგ, პეტექიები რჩებიან 5-14 დღე, რის შემდეგადაც ტოვებენ სუსტ პიგმენტაციას.
ზოგიერთ პრეპარატებზე (სალვარსანული, თიოურაცილი, ბისმუტის მარილები, ოქროს პრეპარატები, იშვიათად ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები) რეაქციის თავისებურ ფორმას წარმოადგენს მეცხრე დღის ერითემა. მკურნალობის დაწყებიდან მე-9 დღეზე სხეულის, იშვიათად სახის და კიდურების, კანზე ჩნდება დიფუზური ან მსხვილლაქოვანი ერითემა. ერითემას თან სდევს ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, იშვიათად ნეფროპათია და ჰეპატიტი; მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და რეაქცია მთავრდება მე-5-10 დღეს.
მედიკამენტური ალერგია, აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს არტიუსის ფენომენის ტიპის რეაქციით (იხ. არტიუსის ფენომენი), ალერგიული რინიტით, კონიუქტივიტით, კონტაქტური ალერგიული დერმატიტით, ბრონქული ასთმით (იხ.), ლეფლერის სინდრომი (იხ. ლეფლერის სინდრომი), ვენური სისხლძარღვების თრომბოზით, პირის ღრუს დაზიანებით (სტომატიტი, გინგივიტი და სხ.), გასტრიტით, ენტეროკოლიტით, ჰეპატიტით, ნეფრიტით, ანაფილაქსიური შოკით (იხ.), ჰემატოლოგიური სინდრომებით (თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია).
დიაგნოზი. მედიკამენტური ალერგიის, ისევე როგორც სხვა ალერგიული დაავადებების დროს, ყველაზე მეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ალერგიულ ანამნეზს და სპეციფიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ მეთოდებს. ზოგჯერ რეკომენდირებულია კანის და პროვოკაციული ალერგიული სინჯების გაკეთება.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე ექიმმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს; 1) აქვს თუ არა ავადმყოვს ან მის ნათესავებს რაიმე სახის ალერგიული დაავადება; 2) მანამდე, აქვს თუა არა მიღებული ავადმყოფს აღნიშნული პრეპარატი და ჰქონდა თუ არა მისი გამოყენების შემდეგ რაიმე სახის ალერგიული რეაქცია; 3) რა პრეპარატებით მკურნალობდა ავადმყოფი მანამდე; 4) პრეპარატების გამოყენების შემდეგ, აღენიშნებოდა თუ არა ძირითადი დაავადების გამწვავება, გამონაყარი, კანის ქავილი; 5) შრატების ან ვაქცინების ინექციების შემდეგ აღენიშნებოდა თუ არა გართულებები; 6) ანამნეზში კანის ან ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების არსებობა, რამეთუ ცნობილია, რომ მიკოზებით დაავადებულთა 7-8%-ს უვითარდება მწვავე ალერგიული რეაქცია პენიცილინის პირველივე შეყვანის შემდეგ, რისი მიზეზიცაა პენიცილინის ეპიდერმოფიტონთან და ტრიხოფიტონთან ალერგენული თვისებების მსგავსება; 7) სამკურნალო პრეპარატებთან ან სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის არსებობა.
მედიკამენტური ალერგიის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ტესტებს გააჩნიათ დამხმარე მნიშვნელობა. მათი შეფასება ხდება მხოლოდ ალერგოლოგიური ანამნეზის და დაავადების კლინიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით. პენიცილინის მიმართ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციის დიაგნოტიკის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს რადიოალერგოსორბენტული მეთოდი (იხ.). შედარებით ფასეულობას წარმოადგენს შემდეგი ინ ვიტრო ტესტები: პენიცილინის მიმართ ალერგიის დიაგნოსტიკის მიზნით, ლეიკოციტების მიერ ჰისტამინის გამონთავისუფლების სპეციფიკური ტესტი _ ბაზოფილური ტესტი (იხ.), პოხიერი უჯრედების დესტრუქციის რეაქცია (იხ.), სისხლის ლეიკოციტების მიგრაციის დამუხრუჭების რეაქცია (იხ. მაკროფაგების მიგრაციის დამუხრუჭება), ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციის ტესტი (იხ.), როზეტწარმომქმნელი უჯრედის ტესტი (იხ. როზეტწარმომქმნელი ტესტი).

კანის სინჯები (იხ.) გამოიყენება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: 1) იმ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა, რომელთანაც იყო მუდმივი ან ხანგრძლივი პროფესიული კონტაქტი; 2) იმ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც, სავარაუდოდ, იძლეოდა ალერგიულ გართულებებს ანამნეზში: 3) 2-3 პრეპარატის დანიშვნის სასიცოცხლო ჩვენება, რომელთა გამოყენების შემდეგაც, ანამნეზური მონაცემებით, აღინიშნებოდა ალერგიული რეაქციები; 4) კანის ან ფრჩხილების სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტებში პენიცილინის დანიშვნის სასიცოცხლო ჩვენება; 5) მაღალალერგენული თვისებების მქონე პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა ალერგიული დაავადების მქონე ავადმყოფში.
პრეპარატებით კანის სინჯებს ატარებს მხოლოდ ექიმი-ალერგოლოგი. ამასთან ერთად, დღეში ისინჯება მხოლოდ ერთი პრეპარატი. ალერგოლოგიურ კაბინეტში უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო მოწყობილობა. აუცილებელია პერსონალის გაფრთხილება შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.
პენიცილინით და სტრეპტომიცინით კანის ალერგიული სინჯების გაკეთების მეთოდიკა შეიძლება იყოს წვეთოვანი, სკარიფიკაციული და კანქვეშა. პაციენტებში, რომლებთაც ანამნეზში აქვთ მედიკამენტური ალერგია, წვეთოვანი სინჯის ჩატარების დროს, ნივთიერების კონცეტრაციას თანდათანობით ზრდიან 10-ჯერ, 1 მლ-ში 0,5-1,0 ერთეულიდან 100-500 ერთეულამდე; თუკი ანამნეზში მედიკამენტური ალერგია არ არის, ნივთიერების კონცეტრაცია შეადგენს 1000-დან 10 000 ერთეულამდე 1 მლ-ში. იმ შემთხვევაში, თუ 10-15 წუთის შემდეგ რეაქცია უარყოფითია, კეთდება სკარიფიკაციული სინჯი პრეპარატის იგივე კონცეტრაციით; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კეთდება კანქვეშა სინჯი, შეყავთ რა იგივე კონცეტრაციის 0,01-0,02 მლ. პრეპარატი კანქვეშ.

ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების შემთხვევაში კანის სინჯები ნაკლებ სარწმუნოა, რამეთუ ხშირია ცრუდადებითი შედეგები ტეტრაციკლინის ხსნარების მკვეთრად მჟავე რეაქციების გამო. კანის სინჯებისთვის გამოიყენება 0,25%-იანი კონცეტრაციის ნოვოკაინი.
კონტაქტური ალერგიული დერმატიტების დიაგნოსტირება ხდება წვეთოვანი და აპლიკაციური სინჯების მეშვეობით.
დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული კანის სინჯების შეფასება ხდება საზოგადოდ მიღებული მეთოდიკის მიხედვით.
კანის სინჯების ჩატარება დაუშვებელია იმ პრეპარატებზე, რომლებმაც ანამნეზში გამოიწვიეს (თან არაერთხელ) ანაფილაქსიურ რეაქციები, აგრეთვე ნებისმიერი ალერგიული დაავადების მწვავე პერიოდში, გულის, ღვიძლის, თირკმლების დეკომპენსირებული დაავადებების, თირეოტოქსიკოზის, ორსულობის, მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს.
არსებობს სხვადასხვა სახის პროვოკაციული სინჯები (იხ.). მედიკამენტური ალერგიის დროს, ენისქვეშა პროვოკაციულ სინჯს ატარებს მხოლოდ ექიმი და ისიც განსაკუთრებული სიფრთხილით. ავადმყოფი ღებულობს გამოსაკვლევი პრეპარატის ერთჯერადი თერაპიული დოზის 1/4-ს (აუცილებელია ტაბლეტის ან ხსნარის ენისქვეშ გაჩერება, გადაყლაპვის გარეშე). დადებითი რეაქციის დროს, 10-15 წუთის შემდეგ, ავადმყოფს უვითარდება ტუჩების შეშუპება, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება და ალერგიის სხვა სიმპტომები. სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ავადმყოფმა აუცილებლად უნდა გადმოაფურთხოს პრეპარატი, დამოირეცხოს პირის ღრუ, ისე რომ არ გადაყლაპოს სითხე. პროვოკაციულ ნაზალურ და ინჰალაციურ სინჯებს ატარებენ მხოლოდ სპეციალიზირებულ ალერგოლოგიურ კლინიკებში, განსაკუთრებული ჩვენებების დროს.
მკურნალობა. არსებობს მკურნალობის სპეციფიური და არასპეციფიური მეთოდები. პირველი მათგანი მიმართულია იმ უშუალო მიზეზის ლიკვიდაციისაკენ, რომელმაც გამოიწვია მედიკამენტური ალერგიული რეაქცია _ მედიკამენტური ალერგენის მოშორება. მკურნალობის არასპეციფიური მეთოდი მოიცავს ალერგიული რეაქციის სამივე სტადიაზე თერაპიულ ზემოქმედებას (იხ. ალერგიული დაავადებები).
პროფილაქტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ალერგიის და ალერგიული დაავადებების განვითარების თავიდან აცილებასთან. იგი მოიცავს იმ ძირითადი და დამატებითი ფაქტორების მოშორებას, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას ან იწვევენ ალერგიის კლინიკური გამოვლინებების განვითარებას. პროფილაქტიკური ღონისძიებები შეიძლება იყოს პირველადი, რომელიც მიმართულია სენსიბილიზაციის წინააღმდეგ და მეორადი, რომელიც მიმართულია ალერგიული რეაქტიულობის გაძლიერების, მისი დიაპაზონის გაფართოების (პოლისენსიბილიზაცია) და ადრე სენსიბილიზირებულ პაციენტებში განმეორებითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობების თავიდან აცილებისკენ.
განასხვავებენ პროფილაქტიკის საზოგადო და ინდივიდუალურ ღონისძიებებს. მათ შორის პირველი ადგილი უკავია პრეპარატების დანიშვნას მკაცრად, ჩვენებების და ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამავე დროს ექიმს უნდა ახსოვდეს პოლიპროგმაზიის მავნებლობა, უნდა გაითვალისწინოს ანამნეზური მონაცემები სამკურნალო პრეპარატების აუტანლობის და ალერგიული დაავადებების შესახებ. პაციენტებში ალერგიული დაავადებებით, ან რომელთაც გადატანილი აქვთ შრატისმიერი დაავადება, დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები და სხვა პრეპარატები, გამოხატული მაალერგიზირებელი თვისებებით, რამეთუ მათი მიღება დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან; ამ პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია მცირე დოზებით. მედიკამენტური აუტანლობის პირველივე გამოვლინებისთანავე (ქავილი, ჭინჭრის ციება და სხ.) მკურნალობა უნდა შეწყდეს. მიზანშეწონილია ფოკალური ინფექციის კერების (ქრონიკული ტონზილიტი, კარიესი და სხ.) დროული სანაცია, მიკოზების მკურნალობა, რამეთუ ისინი იწვევენ გამოხატული პოლივალენტური სენსიბილიზაციის განვითარებას. აუცილებელია ანტიბიოტიკების და სხვა ძლიერი ალერგენების ზედაპირული გამოყენების (კანზე და ლორწოვან გარსებზე) შეზღუდვა.
საზოგადოებრივ პროფილაქტიკაში განასხვავებენ შემდეგ მიმართულებებს: პროფესიული ალერგიის თავიდან აცილების სან-ჰიგიენური და სან-ტექნიკური ღონისძიებები, განსაკუთრებით სამედიცინო პრეპარატების ქარხნებში და სამკურნალო დაწესებულებებში; მოსახლეობის სენსიბილიზაციის შემცირების ღონისძიებები, რაც მიიღწევა საქონლის გამოკვებისთვის(გასუქებისთვის) და მკურნალობისთვის ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირებით (პრეპარატების მიღების შეწყვეტა საქონლის დაკვლამდე ერთი კვირით ადრე).
მედიკამენტოზური გართულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვითარდება თვითმკურნალობის შედეგად, ამიტომაც აუცილებელია მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება (სტაციონარებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, აფთიაქებში, ლექტორიუმებში) თვითმკურნალობის ჩატარების მავნებლობის შესახებ. გადამწყვეტი მნიშვნელობა, თვითმკურნალობის თავიდან აცილების მიზნით, ენიჭება სამკურნალო პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის მკვეთრ შეზღუდვას. აუცილებელია მოსახლეობის ფართოდ ინფორმირება (ბეჭვდითი საშუალებები, რადიო, ტელევიზია) მედიკამენტური ალერგიის ძირითადი გამოვლინებების და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. იხ. აგრეთვე ალერგია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.