მანიის სამკურნალო (ნორმოთიმიური) საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

მანიის სამკურნალო საშუალებები ანუ ნორმოთიმიკები (თიმოიზოლეპტიკები) ეს არის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც აქვთ აფექტური სფეროს ცირკულარული დარღვევების (გუნება-განწყობილების მერყეობის) გამოსწორების უნარი. დეპრესიული და შიზოაფექტური დარღვევის პირობებში პროფილაქტიკის მიზნით მიღებისას გააჩნია მანიაკალური სიმპტომატიკის განვითარების, ბიპოლარული დარღვევის, განმეორებითი დეპრესიული დარღვევისა და გუნება-განწყობილების ქრონიკული დარღვევების თავიდან აცილების უნარი. ყველა ნორმოტიმიკს აქვს აგრეთვე გამოხატული ანტიმანიაკალური ეფექტი და გამოიყენება მანიაკალური მდგომარეობების სამკურნალოდ. ნორმოტიმული მოქმედების პრეპარატებს მიეკუთვნება ლითიუმის მარილები, სუსტი ანტიკონვულსანტები (კარბამაზეპინის და ვალპროის მჟავის წარმოებულები).

ნორმოტიმიკების დანიშვნის ჩვენებებია რეციდივების პროფილაქტიკა ბიპოლარული და დეპრესიული აფექტური დარღვევების, ციკლოტომიის, შიზოაფექტური ფსიქოზის დროს. მათ იყენებენ სხვადასხვა წარმოშობის მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობების, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ ავადმყოფებში აფექტური დარღვევების შემთხვევაშიც. ნორმოტიმული თერაპია ნაჩვენებია, თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში ავადმყოფს ჰქონდა არა ნაკლებ ორი მკვეთრად გამოხატული აფექტური შეტევა. პროფილაქტიკური მონოთერაპიის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში გამოიყენება ლითიუმის მარილთა და ანტიკონვულსანტების შეხამება. პროფილაქტიკურ თერაპიას ატარებენ განუსაზღვრელად ხანგრძლივად (წლობით).

ნორმოთიმიკების მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება აფექტური მერყეობის სწრაფი განახლება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, პროფილაქტიკური თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე ავადმყოფი უნდა იყოს გაფრთხილებული მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თაობაზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.