ლევომიცეტინის ჯგუფი

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტიბიოტიკი ლევომიცეტინი წარმოადგენს Streptomyces venezuelae-ის პროდუქტს. მას ღებულობენ ბიოსინთეზისა და სინთეზის გზით.

ლევომიცეტინს გააჩნია მოქმდების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, მათ შორისაა ნაწლავური ბაქტერიები, ინფლუენციის ჩხირები და სხვა, ასევე აქტიურია რიკეტსიების, ფსიტაკოზის, ვენერიული ლიმფოგრანულომის, ტრაქომის, ბრუცელოზის, ტულარემიის გამომწვევების მიმართ. ლევომიცეტინის მიმართ მდგრადია ან მცირედ მგრძნობიარეა მჟავაგამძლე მიკობაქტერიები, ლურჯი დაჩირქების ჩხირი,  პროტეა, უმარტივესები.

ლევომიცეტინის ანტიბატერიული მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს რიბოსომებზე გავლენით ცილის სინთეზის დათრგუნვაში, ასევე იწვევს პეპტიდილტრანსფერაზას ინჰიბირებას. აღნიშნული მოქმედება განაპირობებს ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს. მიკროორგანიზმების ლევომიცეტინისადმი შეჩვევა შედარებით ნელა ვითარდება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლევომიცეტინი კარგად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში გროვდება პრეპარატის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. სისხლში ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად საჭიროა პრეპარატის დანიშვნა 6სთ-იანი შუალედით. ლევომიცეტინის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება პლაზმის ალბუმინებს. პრეპარატი კარგად აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის ჰემატოენცეფალურ ბარიერშიც. ლიქვორში ლევომიცეტინის კონცენტრაცია 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პლაზმაში. პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას. მ დროს წარმოქმნილი კონიუგატები და პრეპარატის დაახლოებით 10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.

ლევომიცეტინი არასასურველ გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნაზე, რაც გამოიხატება რეტიკულოციტოპენიით, გრანულოციტოპენიით, მძიმე შემთხვევაა აპლასტიური ანემია, რომელის სასიკვდილო შედეგით მთავრდება. ამიტომ ლევომიცეტინის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის სურათიის რეგულარული კონტროლი. აღნიშნული გვერდითი ეფექტის შესამცირებლად პრეპარატს ნიშნავენ შეძლებისამებრ ხანმოკლე პერიოდით. რეკომენდებული არ არის მკურნალობის განმეორებითი კურსები.

ცალკეულ შემთხვევებში ლევომიცეტინმა შესაძლოა გამოიწვიოს კანზე გამონაყარი, ცხელება და ა.შ.

არაალერგიული ხასიათის გვერდითი ეფექტებიდან შესაძლებელია ლორწოვანი გარსების გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება), ანორექსიული სინდრომი, კანის საფარის დაზიანება (გამონაყარი, დერმატიტი). ზოგჯერ აღინიშნება ფსიქომოტორული დარღვევები, მიოკარდიუმზე დამთრგუნველი გავლენა.

რაც შეეხება პრეპარატის ახალშობილებში გამოყენებას, გასათვალისწინებელია, რომ ახალშობილთა თირკმელი ნელა გამოყოფს პრეპარატს, ამასთან ღვიძლის ფერმენტებიც ამ ასაკში არასაკმარისია, ყოველივე ამის გამო შესაძლებელია პრეპარატმა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა კოლაფსით მძიმე ინტოქსიკაციის განვითარება.
ლევომიცეტინის გამოყენებისას გამორიცხული არ არის სუპერინფექციის განვითრებაც(კანდიდამიკოზი, სტაფილოკოკური ინფექციები და ა.შ).
ზემოთ არნიშნული არასასურველი გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, ლევომიცეტინი  სარეზერვო ანტიბიოტიკად ითვლება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როცა სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაეფექტურია. მისი დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: მუცლის ტიფი, კვებითი ინტოქსიკაციები (სალმონელოზი), რიკეტსიოზები. ზოგჯერ იგი გამოიყენება ინფლუენციის ჩხირებით გამოწვეული დაავადებების (მენინგიტი, შარდგამომყოფი გზების ინფექციები და ა.შ.), ბრუცელოზის და სხვა ინფექციების სამკურნალოდ.

ლევომიცეტინი მიიღება შიგნით. ხსნარები და ლინიმენტი გამოიყენება ადგილობრივად. პარენტერალური დანიშნულების პრეპარატია ლევომიცეტინ სუქცინატ ნატრიუმი, რომელიც შეყავთ კანქვეშ, კუნთებსა და ვენაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.