ლათინური პერიოდი

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

ძვ. წ. აღრიცხვის   146 წლიდან ბერძნებზე რომაელები გაბატონდნენ. მიუხედავად რომაელთა   ბატონობისა,  თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ლათინური ენა განიცდიდა ბერძნული ენის ძლიერ გავლენას.  ამის მიზეზი ერთის მხრივ თვით ბერძნული ენის სტრუქტურაა,  მეორეს მხრივ, ბერძნული სამეცნიერო აზროვნების მიღწევები.
ბერძნული სამედიცინო ლექსიკის ლათინიზაციის თვალსაზრისით, საინტერესოა პოეტ-ფილოსოფოსის ლუკრეციუს კარას პოემა ( „საგანთა ბუნების შესახებ“(«De rerum natura»). 99-55 წწ. ჩვ. წ. აღ-მდე).  აღწერდა რა ადამიანის სხეულის აგებულებას ლუკრეციუსს არ ჰყოფნიდა ლათინური სპეციალური ლექსიკური ფონდი და  იყენებდა როგორც ლიტერატურული ლათინური ენის სიტყვებს, ასევე ბერძნული ენიდან ნასესხებ ლათინიზირებულ სიტყვებს. პოემაში გამოყენებული ზოგიერთი დასახელება გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ანატომიურ ნომენკლატურაში, მაგალითად ლათინური სიტყვები  membra (კიდურები), palatum (სასა) ან ნასესხები brachium (მხარი). ბერძენი ანატომების მსგავსად, რომლებიც არტერიებისა და ვენების აღმნიშვნელად იყენებდნენ სიტყვებს phleps, phlebos ზოგადი მნიშვნელობით  „ძარღვი“, ლუკრეციუსი იყენებდა ლათინურ ეკვივალენტურ სიტყვას vena, ხოლო ნერვების, იოგებისა და მყესების აღმნიშვნელად  — nervus, ბერძ. neuron ძარღვი, რომელსაც იგივე მნიშვნელობით იყენებდნენ ჰიპოკრატე და ჰეროფილე.
ლათინურ პერიოდში სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე მსჯელობისას საყრდენია ცელსიუსის ნაშრომი «De medicina»
ცელსიუსი
რომაული პერიოდიდან ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ნაწარმოები   «De medicina» („მედიცინის შესახებ“). იგი წარმოადგენს ჩვენამდე არმოღწეული  დიდი ენციკლოპედიური ნაშრომის ნაწილს. დაწერა  ავლომ კორნელი ცელსიუსმა ლათინურ ენაზე  I საუკუნეში ჩვ. წ. აღ-მდე. ნაშრომი  რამდენიმე საუკუნე ინახებოდა მონასტრის ბიბლიოთეკაში და მხოლოდ 1443 წელს გაჟღერდა მისი არსებობა.
ცელსიუსი წერდა, რომ იმდროინდელი მედიცინა დაყოფილი იყო სამ ნაწილად: ემპირიული, მეთოდური და დოგმატური. პირველი ორი ეყრდნობოდა ალექსანდრიის სკოლის ექიმებისა და ასკლეპიადის სწავლებებს, ხოლო მესამის საფუძველს ჰიპოკრატეს სწავლება წარმოადგენდა. ცელსიუსი ფართოდ იყენებდა ბერძნულ დასახელებებს, როგორც ყველაზე ავტორიტეტულსა და ზუსტს. იგი ხშირად მიმართავს ჰიპოკრატეს, ჰეროფილეს და ერაზისტრატეს ავტორიტეტს. ცელსიუსი ცდილობდა მოწესრიგებული სახე მიეცა ბერძნული სიტყვების ლათინიზაციის (ლათინური ენის ნორმებთან შეწყობის) პროცესისათვის. ამ პროცესმა  ხელი შეუწყო ორი სამეცნიერო კულტურის შერწყმას. ცელსიუსის ნაშრომში ასახვა ჰპოვა აღმოსავლეთის, ნაწილობრივ ინდოეთის ექიმთა გამოცდილებამ. მაგალითად, ითვლება, რომ ანთების ოთხი ნიშნის აღწერა (სიწითლე, ტემპერატურის მომატება, შეშუპება და ტკივილი) ნასესხებია ინდური ტრაქტატებიდან.
როგორც აღვნიშნეთ, ცელსისუსის ნაშრომი გამომზეურდა მხოლოდ XV საუკუნეში. მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე – მისი ლექსიკა თითქმის მთლიანად შევიდა   პროფესიონალურ სამედიცინო ლექსიკონში. ის გახდა XIX საუკუნის ბოლოსა და  XX საუკუნის შუა წლებში საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურის განუყოფელი ნაწილი.
ცელსიუსს ეკუთვნის დასახელებები როგორებიცაა abdomen — მუცელი, anus — უკანა ტანი, articulus — სახსარი, caecum intestinum — ბრმა ბაწლავი, cartilage — ხრტილი, cervix —კისერი, cubitus — იდაყვი, digitus — თითი, fauces — ხახა, femur — ბარძაყი, humerus — მხრის ძვალი (ცელსიუსთან – მხარი), index — საჩვენებელი თითი, inguen — საზარდული, intestinum —ნაწლავი, jejunum intestinum — მლივი ნაწლავი, lien — ელენთა, manus — ხელის მტევანი, maxilla — ზედა ყბა (ცელსიუსთან – ყბა), medulla — ტვინი (ცელსიუსთან – ძვლის ტვინი), occiput — კეფა, oculus—თვალი, omentum—ბადექონი, patella — კვირისტავი, pectus — მკერდი, pollex — ხელის I თითი, pulmo —ფილტვი, radius — სხივის ძვალი, ren — თირკმელი, scrotum — სათესლე პარკი, tibia — დიდი წვივის ძვალი, tonsilla — ნუში, tunica — გარსი, uterus — საშვილოსნო, ventriculus — პარკუჭი, vertebra — მალა, Vesica urinaria — შარდის ბუშტი, vulva — ვულვა (ცელსიუსთან – საშვილოსნო).
არსებულ სამედიცინო ტერმინოლოგიაში მცირე რაოდენობითაა ასახული დაავადებებისა და მათი სიმპტომების იმდროინდელი ლათინური დასახელებები. ესენია: acutus morbus — მწვავე დაავადება, cancer —კიბო, cicatrix — ნაწიბური, delirium — ბოდვა, febris — ცხელება, fractura — მოტეხილობა, hernia — თიაქარი, pannus — პანუსი, papula — პაპულა, remissio — რემისია, scabies — მუნი, suppuratio — დაჩირქება, tumor — სიმსივნე, tussis — ხველა, varix — გაფართოვება,  verruca — ხალი.
გალენი
რომში მოღვაწე  გამოჩენილი ექიმის კლავდიუს გალენის (129-201 ან 130-200 ან 131-200. დაიბადა პერგამში) სამედიცინო და ფილოსოფიური ინტერესები შეეთავსა ფილოლოგიურს.  გალენს ეკუთვნის პირველი სამედიცინო ლექსიკონი. მან  შეადგინა ჰიპოკრატეს ნაწარმოებებზე ლექსიკონი და დაურთო კომენტარები. მანვე შემოიღო მრავალი ბერძნული ტერმინი, დააზუსტა ძველი სახელწოდებების მნიშვნელობები, აღადგინა და განაახლა განმარტებები მივიწყებული და მისი თანამედროვეებისათვის ნაკლებად გასაგები ჰიპოკრატესეული ტერმინები. ის ცდილობდა სიტყვის შემადგენლობა და ფორმა სწორად ყოფილიყო ორიენტირებული აღნიშნულ საგანთან მიმართებაში, ხოლო ანატომიური სახელწოდებები  და ფუნქციის კავშირი – შემსრულებელ შესაბამის ორგანოსთან. გალენის აზრით,  თითოეულ სპეციალურ სიტყვას უნდა ჰქონოდა ერთმნიშვნელოვანი გამოყენება და განმარტება. გალენის მიდგომაში, როგორც ჩანასახში, იდო მოთხოვნები, რომელებიც თანამედროვე  მეცნიერებაში წაეყენება ტერმინებს, მათ შორის სამედიცინოსაც. სამეცნიერო ტერმინოლოგია, როგორც მედიცინისა და ლინგვისტიკის თანამკვეთი დარგი, ვფიქრობთ პირველად გალენთან ფიქსირდება.
გალენმა სიტყვა diaphragma დაიყვანა ერთი მნიშვნელობის მქონე სიტყვად “გულმკერდმუცლის ძგიდე“, მიამაგრა სიტყვას ganglion, რომელიც აღნიშნავდა სიმსივნისმაგვარ წარმონაქმნს, ასევეა „ნერვული კვანძის“ ანატომიური მნიშვნელობაც.
გალენმა შეძლო ერთმნიშვნელოვანი გაეხადა სახელწოდება sternon – მკერდის ძვალი. მან დააზუსტა ტერმინის anastomosis ფორმალური და შინაარსობრივი მხარეები. ის არის ავტორი ტერმინისა thalamos-ლათინურად thalamus (მხედველობის ბორცვი) phleps azygos – ლათინურად vena azygos (კენტი ვენა),  cremaster (სათესლეს ამწევი კუნთი), peristaltike kinesis — პერისტალტიკა და სხვ.
სამედიცინო ტერმინოლოგია სხვა ლათინურენოვან  ავტორებთან
რომაელმა  მწერალ-კომპილატორმა პლინიუს უფროსმა (23—79 წწ. ჩვ. წ- აღ-მდე.) თავისი ნაწარმოებით  «Naturalis historia» („ნატურალური ისტორია“), შემოიღო სიტყვა tinea (ჭია) ზოგიერთი კანის დაავადების აღმნიშვნელად, მოახდინა ბერძნული სიტყვების ლათინიზება, მაგალითად დღემდე შემონახული სიტყვა პარაცენტეზი (paracentesis ბერ-დან parakentēsis).
რუფ ეფესელმა (I—II სს ჩვ. წ. აღ.) ანატომიის სწავლის მსურველთათვის დაწერა სახელმძღვანელო “ადამიანის სხეულის ნაწილების სახელწოდებების შესახებ“. რუფფმა შემოიტანა ტერმინი „diploe“ ძვლის ღრუბლისებრი ნივთიერების აღმნიშვნელად.
ბერძენ ექიმს არეტეო კაბადოკიელს (I ან II სს  ჩვ. წ. აღ.) მიეწერება სამედიცინო  ტერმინოლოგიაში ტერმინ დიაბეტის შემოტანა.     სახელწოდებები ეგზემა და ტრაქომა ეკუთვნის დიოსკორიდე კილიკიელს (I ს ჩვ. წ. აღ.).


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე

 

ლათინური პერიოდი