პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებალ საშუალებებს ძირითადად მიეკუთვნებიან მ-ქოლინომიმეტიკები და ანტიქოლინესთერაზული ნივთიერებები (კარბახოლი, აცეკლიდინი, ნეოსტიგმინის მეთილსულფატი და სხვა). პროკინეტიკური მოქმედება ახასიათებთ საშუალებებს, რომლებიც ზემოქმედებენ ნაწლავის კედლის დოფამინურ და სეროტონინურ რეცეპტორებზე (ციზაპრიდი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელ მოქმედებას ახდენენ პრეპარატები, რომლებიც ზემოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენკეფალინურ რეცეპტორებზე (ტრიმებუთინი), აგრეთვე, ზოგიერთი საფაღარათო საშუალებები. ფეხმძიმობის დროს გასათვალისწინებელია გაძლიერებული პერისტალტიკის უარყოფითი ზეგავლენის ალბათობა, ასევე, ანტრაგლიკოზიდების უნარი ძუძუთი კვების დროს.შეაღწიონ დედის რძეში.
ღებინება უზრუნველყოფს კუჭის განთავისუფლებას მასში მოხვედრილი გამაღიზიანებელი და ტოქსიკური ნივთიერებებისაგან. მისი სტიმულაცია – მოწამვლასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. ღებინების ცენტრის გაღიზიანება მიიღწევა შესაბამისი ნაერთებით (სამკურნალო ან ტოქსიკურით) უშუალო ჰუმორული, რეფლექსური (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან – პირის ღრუს, კუჭის ზოგიერთი უბნები) ზემოქმედებით ან მოგრძო ტვინის გამშვები (ტრიგერული) ზონიდან იმპულსაციით. ცენტრალურ ზემოქმედებას ახდენს მორფინი, სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, აპომორფინი, ამასთან ეს უკანასკნელი კლინიკაში გამოიყენება კუჭიდან ტოქსიკური ნივთიერებების ან უხარისხო საკვები პროდუქტების მოსაცილებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კუჭის გაწმენდა შეუძლებელია. რეფლექსურ პირღებინებას იწვევენ ნივთიერებები, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანი გარსს (ცინკის, სპილენძის სულფატები და სხვა).
მეტეორიზმის დროს (განსაკუთრებით ასაკოვან და მოხუცებულ ადამიანებში) ხშირად იყენებენ ე.წ. აირგამომყოფ საშუალებებს (გვირილას ყვავილების, კამას თესლების, პიტნის ფოთლების და სხვა სამკურნალო მცენარეების ნაყენები). ამ საშუალებათა მოქმედება დაკავშირებულია უპირატესად ნაწლავის მოტორიკის ზომიერ სტიმულირებასთან და სფინქტერების მუსკულატურაზე მსუბუქ სპაზმოლიზურ ზემოქმედებასთან.
საფაღარათო საშუალებები მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:
– საშუალებები, რომლების იწვევენ ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას. მას მიეკუთვნებიან მცენარეული წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტრაგლოკოზიდებს (რევანდის ფესვების პრეპარატები, ჟოსტერის ნაყოფი, ხეჭრელის ქერქი, საბრი, აბუსალათინის ზეთი, სინთეზური ნაერთები (ფენოლფტალეინი, იზაფენინი და სხვ);
– საშუალებები, რომლებიც იწვევენ ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მექანიკურ გაღიზიანებას (ნაწლავის შიგთავსის გათხელებასა და მისი მოცულობის გაზრდას); მათ მიეკუთვნება მარილოვანი საფაღარათოები (ნატრიუმის სულფატი, მაგნიუმის სულფატი, კარლოვივარის მარილი და სხვ.), ზღვის კომბოსტო და სხვ.;
– საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ განავლოვანი მასების დარბილებას და მათი ნაწლავში გადაადგილების გაიოლებას (ვაზელინის, ნუშის, ზეითუნის და სხვა მცენარეული ზეთები).
უკანასკნელ წლებში მიღებულია სხვა კლასიფიკაცია, რომელიც ასევე სამ ჯგუფად ყოფს ამ საშუალებებს:
– საშუალებები, რომლებიც ამუხრუჭებენ სითხის აბსორბციას ნაწლავიდან და ახდენენ სეკრეციის სტიმულაციას: პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტრაგლიკოზიდებს, ასევე ფენოლფტალეინი, იზაფენინი, ბისაკოდილი და სხვა სინთეზური პრეპარატები, აბუსალათინის ზეთი, მარილოვანი საფაღარათოები, ე. წ. სურფაქტანტები;
– საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გაზრდას: ზღვის კომბოსტო, სელის თესლები, აგარ–აგარი, არააბსორბირებადი ნახევრადსინთეზური პოლისაქარიდები (ლაქტულოზა);
– საშუალებები, რომლებიც პოხავენ ნაწლავის ლორწოვან გარსს: ვაზელინისა და ნუშის ზეთი.
საფაღარათო საშუალებების უმრავლესობა ახდენს წყლისა და ელექტროლიტების აბსორბციის შეკავებას წვრილ და მსხვილ ნაწლავებში. ვარაუდობენ, რომ საფაღარათო საშუალებების მოქმედების მექანიზმში გარკვეულ როლს ასრულებს ნაწლავის კედელში კალციუმის იონების ტრანსპორტირებაზე გავლენა, ასევე პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე მასტიმულირებელი მოქმედება. განასხვავებენ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ უპირატესად:
– მსხვილი ნაწლავის მოტორიკაზე (რევანდის, ხეჭრელის ქერქი და სხვა ანტრაგლიკოზიდების შემცველი მცენარეები, ასევე ფენოლფტალეინი, იზაფენინი, ბისაკოდილი, და სხვა სინთეზური პრეპარატები);
– წვრილი ნაწლწვის მოტორიკაზე (აბუსალათინის, ზეითუნის, ნუშისა და სხვა მცენარეული ზეთები, ასევე ვაზელინის ზეთი);
– ნაწლავის ყველა ნაწილზე (მარილოვანი საფაღარათოები).
მოქმედების ხასიათის მიხედვით საფაღარათო საშუალებები იყოფიან შემდეგნაირად:
– საფაღარათოები (aperitiva), რომლებიც იწვევენ ნორმალური მოქმედების მსგავს კუჭის მოქმედებას (კაიოლი, ლამინარიდი, გოგირდი, დამწვარი მაგნეზია, ვაზელინის ზეთი და სხვ.);
– საფაღარათოები (purgantia, laxantia), რომლებიც იწვევენ ფაფისმაგვარ ან თხიერ კუჭის მოქმედებას (რევანდის, ხეჭრელის პრეპარატები, ფენოლფტალეინი, იზაფენინი, ბისაკოდილი, აბუსალათინის ზეთი და სხვ.);
– საფაღარათოები (drastica), რომლებიც იწვევენ ძლიერ პერისტალტიკას თხიერი განავლით (მარილოვანი საფაღარათოები).
პირველი ორი ჯგუფის საფაღარათოები ინიშნება მწვავე და ქრონიკული ყაბზობებისას. მარილოვანი საფაღარათოები ქრონიკული ყაბზობისას არ გამოიყენებიან, ისინი ინიშნება მწვავე შეკრულობისა და იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ნაწლავის გათავისუფლება (მაგალითად კვებითი ინტოქსიკაციებისას). საფაღარათო საშუალება არაა რეკომენდირებული დაინიშნოს ნევროგენული და ენდოკრინული გენეზის შეკრულობისას. საერთო უკუჩვენებებია: ნაწლავური გაუვალობა, მწვავე მუცლის სინდრომი, აპენდიციტი და მუცლის ღრუს სხვა ანთებითი დაავადებები, მწვავე ცხელებითი დაავადებები. რეკომენდებული არაა საფაღარათოები დაინიშნოს ხანგრძლივად, ნაწლავის ფუნქციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად (დიარეა მეტაბოლიტური დაღვევებით, დეჰიდრატაცია, ნაწლავის ფერმენტთა ფუნქციის დაქვეითება, ორგანიზმის კვების საერთო დარღვევები, მსხვილი ნაწლავის ატონია და სხვ.); საფაღარათოები არ ინიშნება სპასტიური შეკრულობებისას, ნაწლავის გაუვალობისას. საჭიროა გათვლისწინებული იქნას გაძლიერებული პერისტალტიკის შესაძლო უარყოფითი გავლენა ორსულობის პერიოდში და ანტრალიკოზების დედის რძეში გადასვლის უნარი. მეტეორიზმის წინააღმდეგ (განსაკუთრებით ხანდაზმულებში) იყენებენ ე. წ. გაზგამყვან საშუალებებს (გვირილის ყვავილების, კამის თესლის, პიტნისა და სხვა სამკურნალო მცენარეთა ნაყენი). ამ საშუალებათა მოქმედება დაკავშირებულია უპირატესად ნაწლავის მოტორიკის ზომიერ სტიმულაციასთან და სფინქტერებზე მსუბუქ სპაზმოლიზურ მოქმედებასთან.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.