კანი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. კანი 

ადამიანის კანი შედგება ეპიდერმისისგან, დერმისგან და კანქვეშა ქსოვილისგან – ჰიპოდერმისგან. ეპიდერმისი შედგება ხუთი შრისგან: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი), მარცვლოვანი, მბზინავი, რქოვანა. ბაზალური შრე წარმოდგენილია ბაზალურ მემბრანაზე ერთ რიგად განლაგებული პრიზმული უჯრედებისგან (ბაზალური ეპიდერმოცეტები), რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ბაზალური მემბრანის პერპენდიკულარულად ორიენტირებული ბირთვები.  მათ ციტოპლაზმაში განლაგებულია დიდი რაოდენობით უწვრილესი ძაფები (ტონოფილამენტები), რომლებიც შეკრებილნი არიან კონებად – ტონოფიბრილებად (საყრდენი ბოჭკოები), აგრეთვე პიგმენტ მელანინის მარცვლები. ბაზალურ მემბრანაში ბაზალური უჯრედები  ნახევრადდესმოსომებთან დამაგრებულნი არიან თითისებური წანაზარდებით.

მეზობელი ეპიდერმოციტები ერთმანეთთან მიერთებულნი არიან ურთიერთშემღწევი გამობერილობებით და დესმოსომებით.

ეპიდერმოციტების გარდა ბაზალურ შრეში განლაგებულნი არიან ახალგაზრდა უჯრედები, რომელთაც გააჩნიათ მელანინის გამომუშავების უნარი (მელანოციტები). ახალგაზრდა პიგმენტური უჯრედები – მელანობლასტები წარმოიქმნებიან ჩანასახში ნერვული მუთაქისებური უჯრედებისგან და მიგრაციას განიცდიან ეპიდერმისში; მათი მორჩები (ხშირად მათ უწოდებენ დენდრიტებს და მათი რაოდენობა 10–მდეა, ხოლო სიგრძე 60 მკმ და მეტი) მიემართებიან მაღლა, წვეტიანი (ქაცვისებური) შრის უჯრედშორის ნაპრალებით. მელანოციტებს არ გააჩნიათ ტონოფიბრილები და დესმოსომები; ისინი თავისუფლად არიან მოთავსებულნი; მათთვის დამახასიათებელია მელანინის შემცველი და განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი მელანოსომების არსებობა. ბაზალურ ეპიდერმოციტებში მელანინის არსებობა აიხსნება მელანოციტებიდან მათ შეღწევაზე. მელანინის დაგროვებაზე დამოკიდებულია კანის პიგმენტაციის ხარისხი.
წვეტიანი (ქაცვისებური) შრე ჩვეულებრვი შედგება 3–6 რიგად (ცალკეულ უბნდებზე – 15–მდე) განლაგებული პოლიგონალური უჯრედებისგან (წვეტიანი ეპიდერმოციტები), რომლებიც კანის ზედაპირისკენ თანდათან მკვრივდებიან. წვეტიანი შრის პლაზმოლემები წარმოქმნიან ღრმა, ურთიერთშემღწევ წანაზარდებს და დესმოსომებთან დამაკავშირებელ გამონაზარდებს. წვეტიანი შრის უჯრედებში ტონოფიბრილები უფრო მეტია, ვიდრე ბაზალურ შრეში; ისინი მჭიდროდ და კონცეტრირებულად განლაგებულნი არიან ბირთვების გარშემო და ჩაწნულნი არიან დესმოსომებში. სუპრაბაზალურად წვეტიან შრეში მოთავსებულია ლანგერჰანსის თეთრი, კუნძულოვანი უჯრედები.

მარცვლოვანი შრე ჩვეულებრივ ჩამოყალიბებულია 1–3, ხოლო ხელის და ფეხისგულებზე 5–7 რიგად განლაგებული, სწორი კონტურების მქონე უჯრედებისგან. ისინი შეიცავენ კერატოჰიალინის გრანულებს.
მბზინავი შრე კანის ყველა უბანზე არ არის წარმოდგენილი; ის მდებარეობს მხოლოდ იქ, სადაც ეპიდერმისის შრე მნიშვნელოვან სისქეს აღწევს (ხელისგულები, ფეხისგულები). იგი შედგება 3–4 რიგის, სუსტად კონტურირებული უჯრედებისგან, რომლებიც შეიცავენ ელეიდინს (სინათლის ძლიერად გარდამტეხი ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ალბუმინების რიცხვს), გლიკოგენს და ცხიმის წვეთებს. ბზინავი შრის ზედა ნაწილების უჯრედებში ბირთვები არ გვხვდება.

რქოვანა შრე წარმოქმნილია მთლიანად გარქოვანებული უბირთვო უჯრედებით – რქოვანა ფირფიტებისგან; ყველაზე კარგად განვითარებულია იქ, სადაც კანი განიცდის ყველაზე მეტ მექანიკურ ზემოქმედებას. რქოვანა გარსის მემბრანა გასქელებულია, უჯრედები შეიცავენ განსაკუთრებულ ცილოვან ნივთიერებას – კერატინს. ეპიდერმისის უჯრედების გარქოვანა თანდათან ხდება: ის იწყება ბაზალური ეპიდერმოციტებისგან და სრულდება რქოვანა შრის მთლიანად გარქოვანებული უჯრედების წარმოქმნით. გარქოვანებას საფუძვლად უდევს ტონოფიბრილებთან კერატოჰიალინის კომპლექსის ჩამოყალიბება. ეპიდერმისის ბაზალურ და წვეტიან შრეებს ეწოდებათ ლორწოვანი (მალპინგური) შრე. ნორმაში უჯრედების დაყოფა ხორციელდება ბაზალურ შრეში. კანის სხვადასხვა უბნებზე ეპიდერმისის სრული აღდგენის სისწრაფე განსხვავებულია (მაგ., ფეხისგულზე – 1 თვემდე, იდაყვზე – 10 დღემდე). დერმა შედგება ბოჭკოებით მდიდარი და უჯრედებით შედარებით ღარიბი მკვრივი, შემაერთბელი ქსოვილისგან, რომელიც წარმოადგენს კანის დანამატების (თმების, ფრჩხილების, საოფლე და ქონის ჯირკვლების), სისხლძარღვების და ნერვების საყრდენს. მასში გამოყოფენ ორ შრეს: ეპიდერმისის მოსაზღვრე დვრილისებრი და ბადისებრი (რეტიკულური) შრეები. დერმის ბოჭკოვანი სტრუქტურები წარმოდგენილნი არიან კოლაგენური, ელასტიური და რეტიკულური ბოჭკოებით. დერმაში უჯრედული ელემენტები გვხვდება უმნიშვნელო რაოდენობით. დვრილისებრი შრე დაფარულია ელასტიური ბოჭკოების მჭიდრო ქსელით, რომელიც ბადისებრ შრეში უფრო იშვიათი, ფართო მარყუჟოვანია და სქელდება მხოლოდ კანის დანამატების, სისხლძარღვების სიახლოვეს, ისევე როგორც რეტიკულური ბოჭკოების ქსელი. ბადისებრ შრეში ძირითადად წარმოდგენილია ერთმანეთში გადახლართული და ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენილი კოლაგენური ბოჭკოების მსხვილი კონები, რომლებიც წარმოქმნიან რომბისებურ ფიგურებს. დვრილისებრ შრეში გვხვდება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისთვის დამახასიათებელია უჯრედული ელემენტები, ხოლო ბადისებრ შრეში ჭარბობენ ფიბროციტები. დერმაში, სისხლძარღვების და თმების გარშემო, შესაძლებელია აღინიშნებოდეს უმნიშვნელო, ლიმფოიდურ–ჰისტიოციტური ინფილტრატები. ბოჭკოებს, კანის დანამატებს და კანის სხვა სტრუქტურულ წარმონაქმნებს შორის სივრცე უკავია ე.წ. ძირითად ნივთიერებას – ამორფულ სუბსტანციას.
კანქვეშა ქსოვილი (ჰიპოდერმა) შედგება კოლაგენური, ელასტიური და რეტიკულური ბოჭკოების ფაშარი ქსელისგან, რომელთა მარყუჟებშიც განლაგებულნი არიან ცხიმოვანი ქსოვილის წილაკები – ცხიმის დიდი ზომის წვეთების შემცველი ცხიმოვანი უჯრედების გროვები. ქუთუთოებზე, ფრჩხილის ფირფიტების ქვეშ, განაპირა სხეულზე, მცირე სასირცხო ბაგეებზე და სათესლე პარკზე კანქვეშა ქსოვილი არ არის.
დერმაში არტერიები ხვდებიან კანქვეშა ქსოვილიდან. დერმაში ხორციელდება მათი განტოტიანება და ანასტომოზების ჩამოყალიბება ღრმა და ზედაპირული (დვრილისქვეშა) პარალელური სისხლძარღვოვანი ქსელების სახით. დვრილისქვეშა ქსელიდან გამოდიან ტერმინალური არტერიოლები (თითო რამდენიმე დვრილზე). თითოეულ დვრილში არსებულ კაპილარს გააჩნია სარჭის ფორმის მარყუჟის ფორმა, რომელიც დვრილის მწვერვალისკენ მიემართება არტერიული მუხლით და გადადის უფრო მსხვილ ვენურ მუხლში. კაპილარული მარყუჟებიდან სისხლი გროვდება ზედაპირულ ვენურ ქსელში, შემდგომ კი ერთმანეთის გვერდით განლაგებულ და შედარებით გამსხვილებულ სამ ვენურ ქსელში. ყველაზე ღრმა ვენური ქსელი წარმოდგენილია კანქვეშა ქსოვილში.

დერმაში მოთავსებულია ლიმფური სადინრების ორი ჰორიზონტალურად განლაგებული ქსელი – ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული ლიმფური ძარღვებიდან დერმის დვრილებში გამოდიან ბრმა გამონაზარდები (სინუსები). ღრმა ლიმფური ქსელიდან იწყება ლიმფური ძარღვები, რომლებიც თანდათან მსხვილდებიან, ერთმანეთთან ქმნიან ანასტომოზებს და კანქვეშა ქსოვილის საზღვარზე ქმნიან წნულს.
კანი მდიდარია სხვადასხვა მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით. მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები მიემართებიან კანის რეცეპტორებიდან და შედიან თავის და ზურგის ტვინის ნერვების შემადგენლობაში. კანში წარმოდგენილნი არიან მრავლობითი ვეგეტაციური ნერვული ბოჭკოები, რომლებიც ახორციელებენ სისხლძარღვების, გლუვი კუნთების და ჯირკვლების ინერვაციას. მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვული ბოჭკოები შესაძლებელია იმყოფებოდნენ ერთი ნერვული ღეროს შემადგენლობაში. კანქვეშა ქსოვილიდან დერმაში გამავალი მსხვილი ნერვული ღეროები წარმოქმნიან წნულებს: ღრმას – კანქვეშა დვრილების საზღვარზე და ზედაპირულს – დვრილების ფუძეზე. აღნიშნული წნულებიდან დერმის დვრილებისკენ, კანის დანამატებისკენ და სისხლძარღვებისკენ მიემართებიან ცალკეული ნერვული ბოჭკოები და მათი მცირე ზომის კონები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.