პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
იმუნოგლობულინები წარმოადგენენ ადამიანის (ცხოველის) ცილებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტისხეულების აქტივობა და არსებობენ სისხლში, თავზურგტვინის სითხეში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ნერწყვსა და სხვა ქსოვილებში. მათი სინთეზი ხდება ლიმფოიდურ უჯრედებში, შეიცავენ ნახშირწყლების დაჯგუფებებს და განიხილებიან, როგორც გლიკოპროტეინები. გლიკოპროტეინული ძვრადობის მიხედვით იმუნოგლობულინები მიეკუთვნებიან ძირითადად გამა-გლობულინებს და ბეტა2-გლობულინებს. იმუნოგლობულინების ბიოლოგიური როლი ორგანიზმში დაკავშირებულია იმუნიტეტის პროცესებში მონაწილეობასთან. მათი დამცავი ფუნქცია განპირობებულია ანტიგენებთან სპეციფიკური ურთიერთქმედების უნარით. იმუნოგლობულინებს (გამა-გლობულინებს) უწოდებენ შრატის ცილების გამა-გლობულინური ფრაქციის გასუფთავებულ და კონცენტრირებულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ანტისხეულთა მაღალ ტიტრებს. ბალასტური შრატური ცილებისგან განთავისუფლება ხელს უწყობს ტოქსიკურობის დაქვეითებას და უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და ანტიგენებთან მჭიდრო კავშირს. გამაგლობულინების გამოყენება ამცირებს ალერგიული რეაქციების და ჰეტეროლოგური შრატების შეყვანისას გაჩენილი გართულებების რაოდენობას. ადამიანის იმუნოგლობულინის მიღების თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა ინფექციური ჰეპატიტის ვირუსის დაღუპვის გარანტიას. გამა-გლობულინების პრეპარატებში ძირითადი იმუნოგლობულინია IgG. შრატები და გამა-გლობულინები ორგანიზმში შეჰყავთ სხვადასხვა გზით: კანქვეშ, კუნთში და ვენაში შეშხაპუნებით. შესაძლებელია აგრეთვე, ზურგის ტვინის არხში შეყვანა. პასიური იმუნიტეტი ჩნდება უკვე რამდენიმე საათში და ნარჩუნდება ორ კვირამდე. ადამიანის ჰომოლოგიური შრატები ან გამა-გლობულინები არ იწვევენ ანაფილაქსიურ რეაქციებს და მათი შეყვანა ხდება ერთჯერადად. წითელას პროფილაქტიკისათვის ადამიანის გამა-გლობულინის შეყვანა ხდება კუნთში 1,5-3 მლ-ის ოდენობით. ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის შრატებისა და გამა-გლობულინების გამოყენების მნიშვნელოვანი პირობაა მათი რაც შეიძლება დროული დანიშვნა დაავადების ან დაინფიცირების მომენტიდან.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.