თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

თრობოციტების აგრეგაციის დათრგუნველი საშუალებები ფართოდაა ცნობილი ანტიაგრეგანტების სახელწოდებით. ანტიაგრეგანტები ახდენენ თრომბოციტებისა და ერითროციტების შეწებებისა და სისხლძარღვთა ენდოთელიუმთან შეწებების (ადჰეზიის) უნარს. ერითროციტების მემბრანების ზედაპირული დაჭიმულობის დაქვეითებით ისინი აადვილებენ მათ დეფორმირებას კაპილარებში გავლისას და აუმჯობესებენ სისხლის “დენადობას”. ანტიაგრეგანტებს უნარი აქვთ არა მარტო ხელი შეუშალონ აგრეგაციას, არამედ გამოიწვიონ აგრეთვე უკვე აგრეგირებული სისხლის ფირფიტების დეზაგრეგაცია. მათ იყენებენ ოპერაციის შემდგომი თრომბების წარმოქმნის, თრომბოფლებიტების, ბადურას სისხლძარღვთა თრომბოზების, გულის იშემიური დაავადების და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს და სხვ., თრომბოციტების (და ერითროციტების) შეწებებაზე (აგრეგაციაზე) ამა თუ იმ ხარისხით მაინჰიბირებელ გავლენას ახდენენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები (ორგანული ნიტრატები, კალციუმის არხების ბლოკატორები, პურინის წარმოებულები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და სხვა). გამოკვეთილ ანტიაგრეგანტულ მოქმედებას ავლენენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, რომელთაგან თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის ფართოდ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა. ამჟამად აცეტილსალიცილის მჟავა ანტიაგრეგანტების ძირითადი წარმომადგენელია. იგი დამამუხრუჭებელ გავლენას ახდენს თრომბოციტების სპონტანურ და ინდუცირებულ აგრეგაციაზე და ადჰეზიაზე, თრომბოციტული მე-3 და მე–4 ფაქტორების გამოთავისუფლებაზე და აქტივაციაზე. დადასტურებული, რომ მისი ანტიაგრეგაციული აქტივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე, ლიბერაციასა და გარდაქმნაზე ზეგავლენის მოხდენასთან. იგი ხელს უწყობს ÏÃ სისხლძარღვთა ენდოთელიუმის პროსტაგლანდინების გამოყუფას., მათ შორის ÏÃI2 (პროსტაციკლინის). ეს უკანასკნელი ახდენს ადენილატციკლაზას აქტივირებას, აქვეითებს თრომბოციტებში აგრეგაციის სამი ძირითადი შუამავლიდან ერთ-ერთის – იონიზირებული კალციუმის შემცველობას, ავლენს აგრეთვე დეზაგრეგაციულ აქტივობას. გარდა ამისა, აცეტილსალიცილის მჟავა ციკლოოქსიგენაზას აქტივობის დათრგუნვით ამცირებს თრომბოციტებში აქტივობის საპირისპირო ტიპის მქონე თრომბოქსან À2-პროსტაგლანდინის წარმოქმნას (პროაგრეგაციული ფაქტორი). დიდი დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამუხრუჭებს აგრეთვე პროსტაციკლინის და სხვა ანტითრომბოზული პროსტაგლანდინების (D2, E1 და სხვათა) ბიოსინთეზს. ამასთან დაკავშირებით, აცეტილსალიცილის მჟავას როგორც ანტიაგრეგანტს ნიშნავენ შედარებით მცირე დოზებით (75-325 მგ დღე-ღამეში).

ამჟამად აცეტილსალიცილის მჟავა ფართოდ გამოიყენება თრომბოზების პროფილაქტიკაში, როგორც პერორული, ასევე პარენტერული (კუნთებში და ვენაში) შეყვანის გზით. შიგნით მოსაღებად აცეტილსალიცილის მჟავას ნიშნავენ როგორც ანტითრომბული საშუალება ხანგრძლივად სისხლის შემადედებელი სისტემის კონტროლის ქვეშ. აუცილებელია დოზების ინდივიდუალურად შერჩვა. კუნთებში ან ინტრავენურად აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყენება როგორც ანტითრომბული საშუალება სპეციალური პრეპარატის – აცელიზინის სახით. კორონარული სისხლძარღვებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზების პროფილაქტიკისათვის აცელიზინი შეყავთ 0,5–3მლ 1-ჯერ 1–2 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსია – 5 ინექციამდე, რის შემდეგაც საჭიროებისას შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავას მიღება პერორულად. აცელიზინის ერთჯერადი დოზის სიდიდეს და შეყვანის სიხშირეს საზღვრავენ ჰემოსტაზის მაჩვენებლების ლაბორატორიული გამოკვლევების ობიექტური მონაცემების მიხედვით პრეპარატის პირველი შეყვანის შემდეგ, როდესაც პრეპარატის დოზა შეადგენს 0,5–1 მლ. თრომბოზის პროფილაქტიკისათვის პრეპარატის ინტრავენურად დანიშვნისას უკეთესია მისი ნელი გადასხმა, 150–200მლ გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ სხნართან.
ანტიაგრეგაციული მოქმედების მქონე პრეპარატებია ასევე ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი და სხ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.