პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
ვიტამინები წარმოადგენენ ადამიანის ზრდის, განვითარებისა და ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელ, შეუცვლელ ნივთიერებებს. ვიტამინების უმრავლესობა ორგანიზმში არ სინთეზირება, მათი წყარო, ჩვეულებრივ, გარე გარემოა (მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები, მიკროორგანიზმები – კუჭ-ნაწლავური ტრაქტის ნორმალური მიკროფლორა). ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა (ვიტამინური უკმარობა) შეიძლება იყოს საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობის, მათი შეწოვის დარღვევის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიური ცვლილებების) შედეგი. ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება ჩნდება ინტენსიური ზრდის პერიოდში, ხანშიშესულ ასაკში, ფეხმძიმობის, ძუძუთი კვების დროს, მძიმე ფიზიკური შრომისას, სპორტით ინტენსიური დატვირთვისას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ვიტამინური პრეპარატების გამოყენება – სამკურნალო საშუალებებისა, რომელთა მოქმედი საწყისია ვიტამინები ან მათი უფრო აქტიური ანალოგები (კოფერმენტები). ვიტამინურ პრეპარატებს იღებენ ბუნებრივი ნედლეულიდან ან სინთეზურად. ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად – წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებად. წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება: ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C), B-ჯგუფის ვიტამინები – თიამინი (ვიტამინ B1), რიბოფლავინი (ვიტამინ B2), პირიდოქსინი (ვიტამინ B6), ნიკოტინმჟავა (ვიტამინი PP), ციანოკობალამინი (ვიტამინ B12), ბიოფლავონოიდები (ვიტამინი P), ვიტამინი Bc (ფოლიუმმჟავა), პანთოტენის (ვიტამინი B5) და პანგამის (ვიტამინი B15) მჟავები. ვიტამინ B1-ს (თიამინს) შეიცავს საფუარი, ხორბლის, შვრიის, წიწიბურას ჩანასახები და ქერქი, აგრეთვე უხეშად დაფქული ფქვილისაგან გამომცხვარი პური. ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილება ვიტამინ B1-ზე შეადგენს 1,5-2 მგ-ს დღე-ღამეში.
ვიტამინ B1-ის ჯგუფის პრეპარატები წარმოადგენენ არა მარტო ანტიჰიპოვიტამინოზურ საშუალებებს. ისინი აქტიურ გავლენას ახდენენ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე და ნერვულ-რეფლექსური რეგულაციაზე. გავლენას ახდენენ ქოლინერგულ სინაფსებში ნერვული აგზნების გატარებაზე. ვიტამინ B1-ის აქტიურ (კოფერმენტულ) ფორმას წარმოადგენს მისი ფოსფორილირებული წარმოებული – თიამინდიფოსფატი (კოკარბოქსილაზა), რომელიც მონაწილეობს დეკარბოქსილაზების, ნახშირწყლების და ენერგეტიკულ ცვლაში მონაწილე ზოგიერთი სხვა ფერმენტის დეკარბოქსილირების რეაქციებში. სამედიცინო მიზნებისათვის იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ სინთეზურ თიამინს ბრომიდის ან ქლორიდის სახით, კოკარბოქსილაზას და სხვა. შესაბამისი ჰიპო- და ავიტამინოზის (“ბერი-ბერი”) პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების გარდა, ვიტამინ B1-ის ჩვენებებია ნევრიტები, რადიკულიტი, ნევრალგიები, პერიფერიული დამბლები. კოკარბოქსილაზა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში. დერმატოლოგიურ პრაქტიკაში. ვიტამინ B1-ს ნიშნავენ ნევროგენული წარმოშობის დერმატოზების, სხვადასხვა ეთიოლოგიის ქავილის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის დროს.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ცხოველთა ქსოვილებით არ წარმოიქმნება. ბუნებაში მისი სინთეზი ხდება მხოლოდ მიკროორგანიზმებით. ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმის მასზე მოთხოვნილების უზრუნველყოფა ხდება ნაწლავური მიკროორგანიზმების მიერ. ნაწლავებიდან ციანოკობალამინი გადადის ორგანოებში და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება თირკმელებში, ღვიძლში, ნაწლავების კედლებში. ვიტამინ B12-ის ბიოლოგიურად აქტიური (კოფერმენტული) ფორმებია მეთილ- და 5-დეზოქსიადენოზილ-კობალამინი. მისი ძირითადი ფუნქციაა მოძრავი მეთილის ჯგუფებისა და წყალბადის გადატანაში მონაწილეობა. ციანოკობალამინს აქვს მრავალი ფარმაკოლოგიური თვისება. იგი არის ჰემოპოეზის ზრდისა და სტიმულაციის ფაქტორი, კარგ გავლენას ახდენს ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ახდენს სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის აქტივირებას, მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში. სამკურნალო საშუალებად გამოყენების მიზნით ვიტამინ B12-ს იღებენ მიკრობიოლოგიური სინთეზის მეთოდით, ღებულობენ აგრეთვე ცხოველის ღვიძლიდან. ციანოკობალამინი წარმოადგენს მაღალეფექტურ საშუალებას, რომელიც მკურნალობს ავთვისებიან სისხლნაკლებობას, პოსტჰემორაგიულ (რკინადეფიციტურ), ალიმენტურ ანემიას და მის სხვა სახეობებს. მას ნიშნავენ სხივური დაავადების, ღვიძლის დაავადებების (ბოტკინის დაავადება, ჰეპატიტი, ციროზი) დროს, ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების, ინფექციების და სხვათა დროს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ძირითადად, ხორცის და რძის პროდუქტებთან ერთად. იგი ფართოდაა გავრცელებული მცენარეულ და ცხოველურ სამყაროში და გვხვდება საფუარში, რძის შრატში, კვერცხის ცილაში, ხორცში, თევზში, ღვიძლში, ბარდაში, მარცვლოვანი კულტურების ჩანასახებში და ქერქებში. მიიღება სინთეზურადაც. ზრდასრული ადამიანის სადღღამისო მოთხოვნილება ვიტამინ B2-ზე შეადგენს 1,5-2 მგ-ს. ვიტამინ B2-ის ბიოლოგიური როლი, ისევე როგორც სხვა წყალში ხსნადი ვიტამინებისა, დაკავშირებულია შესაბამისი კოფერმენტის წარმოქმნასთან. ორგანიზმში მოხვედრისთანავე რიბოფლავინი ურთიერთქმედებს ადენოზინტრიფოსფორის მჟავასთან და წარმოქმნის ფლავინ-მონონუკლეოტიდს და ფლავინადენინ-დინუკლეოტიდს. ეს ორივე წარმოადგენს პროტონების გადატანაში და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში მონაწილე ფერმენტული ფლავინპროტეინების პროსტეტულ ნაწილს. ამგვარად, რიბოფლავინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, თვალის ნორმალური მხედველობითი ფუნქციის შენარჩუნებაში (შედის მხედველობის პურპურას შემადგენლობაში და იცავს ბადურას მავნე ულტრაიისფერი დასხივებისგან). სამკურნალო მიზნებისათვის ვიტამინ B2-ს იყენებენ ჰიპო- და არიბოფლავინოზის, კონიუქტივიტის, კერატიტის, რქოვანა გარსის წყლულის, კატარაქტის, ძნელად შეხორცებადი იარებისა და წყლულების, საჭმლის მონელების დარღვევის, სხივური დაავადების, ასთენიის, ნაწლავის ფუნქციის დარღვევის, ბოტკინისა და სხვა დაავადებების დროს. B6 ვიტამინური აქტივობა გააჩნიათ პირიდინის წარმოებულებს: პირიდოქსინს, პირიდოქსალს, პირიდოქსამინს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მე-4 პოზიციაში ჩამნაცვლებლებით (შესაბამისად მეტოქსილი, ფორმილი, მეთილამინი). ვიტამინ B6 მოიპოვება მცენარეებში და ცხოველთა ორგანოებში, განსაკუთრებით მარცვლოვანი კულტურების გაუფცქვნელ მარცვლებში, ბოსტნეულში, ხორცში, თევზეულში, რძეში, ვირთევზას და მსხვილი რქოსანი საქონლის ღვიძლში, კვერცხის გულში, საფუარში. ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილება მასზე შეადგენს 2 მგ-ს დღე-ღამეში და მისი ნაწილობრივად დაკმაყოფილება ხდება კვების პროდუქტებიდან, ნაწილობრივად ნაწლავის მიკროფლორის სინთეზის პროცესებიდან. პირიდოქსინი (პირიდოქსალი, პირიდოქსამინი) ორგანიზმში მოხვედრისას ფოსფორილირდება, გარდაიქმნება პირიდოქსალ-5-ფოსფატში და ამ ფორმით ახდენს ამინომჟავების დეკარბოქსილირების და დეზამინირების კატალიზს. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინ B6-ს ხმარობენ B6-ჰიპოვიტამინოზის, ორსულთა ტოქსიკოზების, ანემიის, სხვადასხვა ეთიოლოგიის ლეიკოპენიების, ნერვული სისტემის დაავადებების (პარკინსონიზმი, რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები), კანის სხვადასხვა დაავადებების და სხვათა დროს.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ Bc) შედის B ვიტამინთა ჯგუფში. იგი მოიპოვება ახალ ბოსტნეულში (ლობიო, ისპანახი, პომიდორში და სხვა), აგრეთვე ცხოველთა ღვიძლში და თირკმელებში. ადამიანის ორგანიზმში, ასევე წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორით. სამედიცინო მიზნებისათვის (მათ შორის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით ინტოქსიკაციის დროს) იყენებენ სინთეზის გზით მიღებულ ფოლიუმის მჟავას. თვითონ ფოლიუმის მჟავა არააქტიურია. ორგანიზმში იგი აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც მრავალი მეტაბოლური პროცესის კოფერმენტს წარმოადგენს. პირველ რიგში იგი ახდენს პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში ერთნახშირბადოვანი ფრაგმენტების გადატანის კატალიზს და, ამრიგად, აუცილებელია რნმ-ის და დნმ-ის წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი არღვევს უჯრედების მიტოზურ დაყოფას, მათ მომწიფებას და ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავას (და ვიტამინ B12-ის ) ნაკლებობა იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. მის პრეპარატებს ნიშნავენ მაკროციტური და პერნიციოზული ( ვიტამინ B12-თან ერთად) ანემიების დროს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C) დიდი რაოდენობით მოიპოვება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში (ასკილის ნაყოფი, კომბოსტო, ლიმონი, ფორთოხალი, პირშუშხა, ხილი, კენკრა, წიწვები და სხვა). იგი მცირე რაოდენობით გვხვდება ცხოველთა ღვიძლში, ტვინში, კუნთებში. სამედიცინო მიზნებისთვის C ვიტამინს იღებენ სინთეზურად. ჩვეულებრივ პირობებში ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება ასკორბინის მჟავაზე შეადგენს 70-100 მგ-ს, რამდენადაც ასკორბინის მჟავა ორი პროტონის გაცემით ან მიღებით (შესაბამისი სუბსტრატის დაჟანგვით ან აღდგენით) ადვილად გადადის დეჰიდროასკორბინის მჟავაში, მისი ძირითადი ეფექტები განპირობებულია ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში მონაწილეობით. C ვიტამინი ააქტიურებს შიდა სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, არეგულირებს ყველა სახის ცვლას, სისხლის შედედების უნარს, ქსოვილების რეგენერაციას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, კოლაგენის სინთეზს, კაპილარების შეღწევადობას და სხვა. ასკორბინის მჟავა, ახდენს რა მასტიმულირებელ გავლენას ორგანიზმზე მთლიანობაში, ზრდის მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს, ინფექციებისადმი მდგრადობას. C ვიტამინს უმატებენ ზოგიერთ ანთების საწინააღმდეგო და სხვა წამლის მზა ფორმებს (ასპირინი+ C, ასპირინ უფსა C ვიტამინით, ეფერალგანი C ვიტამინით და სხვა).
ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფი მოიცავს A, D, E და K ვიტამინებს. ცხიმში ხსნადი ვიტამინების ბიოლოგიურ როლს მნიშვნელოვნად განსაზღვრას უჯრედული, ციტოპლაზმური მემბრანების ნორმალურ ფუნქციური მდგომარეობის უზრუნველყოფაში მათი მონაწილეობა.
ვიტამინი A, მისი სინთეზური ანალოგები და ჰომოლოგები მიეკუთვნებიან რეტინოიდებს – რეტინმჟავას წარმოებულებს. ვიტამინ A-ს ბიოლოგიურად აქტიური ფორმებია რეტინოლი, რეტინალი და თვით რეტინის მჟავა. ვიტამინ A-ს (რეტინოლს) შეიცავენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – თევზის ქონი, ნაღების კარაქი, კვერცხის გული, ზოგიერთი თევზის (ვირთევზა, ზღვის ქორჭილა და სხვა) და ზღვის ცხოველის (ვეშაპი, ლომთევზა, სელაპი) ღვიძლი. მცენარეულ საკვებ პროდუქტებში რეტინოლი არ მოიძებნება. მაგრამ მრავალი მათგანი (სტაფილო, ისპანახი, სალათი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, მჟაუნა, წითელი წიწაკა, შავი მოცხარი, მოცვი, კინკრიჟა, ატამი, გარგარი და სხვა) შეიცავს კაროტინს, რომელიც წარმოადგენს პროვიტამინ A-ს, რომლიდანაც ორგანიზმში წარმოიქმნება რეტინოლი. ვიტამინ A არეგულირებს გარქოვანების პროცესებს, კანში ქონის წარმოქმნას და გამოყოფას (ქონის ჯირკვლების სეკრეტი), იგი აუცილებელია თმის ნორმალური ზრდისთვის, იმუნიტეტის შეძენისთვის, მონაწილეობს სიმსივნის წინააღმდეგ ორგანიზმის დაცვაში. რეტინალი უზრუნველყოფს შუქის და ფერის აღქმის პროცესებს, რეტინოლი და რეტინის მჟავა მონაწილეობენ ვიტამინ A-დამოკიდებული გლიკოპროტეინების სინთეზში. სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ ვიტამინ A-ს შემცველ ბუნებრივი წარმოშობის (მაგალითად, თევზის ქონი) და სინთეზურ (რეტინოლის აცეტატი და რეტინოლის პალმიტატი) პრეპარატებს. A ვიტამინის პრეპარატებს ნიშნავენ საპროფილაქტიკო და სამკურნალო მიზნებით. საპროფილაქტიკო დოზას ადგენენ ადამიანის ორგანიზმის სადღღამისო მოთხოვნილებიდან გამომდინარე: ზრდასრული ადამიანებისთვის – 1 მგ, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის – 1,2-1,4 მგ, ბავშვებისათვის ასაკიდან გამომდინარე – 0,4-1 მგ, სამკურნალო დოზებს ჩვენების მიხედვით განსაზღვრავენ. ძირითადი ჩვენებებია ჰიპო- და A-ავიტამინოზი, თვალის ზოგიერთი დაავადება, კანის დაავადებები და დაზიანებები (მოყინვა, დამწვრობა, იარები და სხვა). მათ იყენებენ აგრეთვე რაქიტის, ჰიპოტროფიის, მწვავე რესპირატორული დაავადებების კომპლექსური თერაპიისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და შარდის გამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის.
ვიტამინ D-ს სახით ცნობილია ორი, ცხიმში ხსნადი, ქიმიური აღნაგობითა და მოქმედებით მსგავს ი ნივთიერება – ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3). ამ ნაერთთა ძირითადი თვისებაა რაქიტის განვითარების თავიდან აცილება და მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით მათ რაქიტის საწინააღმდეგო ვიტამინებსაც უწოდებენ. ვიტამინი D2 მცირე რაოდენობით მოიპოვება საკვებ პროდუქტებში: კვერცხის გულში, ნაღების კარაქში, რძეში, ხიზილალაში, მცენარეებში. ვიტამინი D3 წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების გავლენით. ქოლეკალციფეროლის პროვიტამინს წარმოადგენს 7-დეჰიდროქოლესტეროლი. ბიოლოგიური აქტივობით ვიტამინები D2 და D3 პრაქტიკულად არ განსხვავდებიან, ვინაიდან ორგანიზმში ორივე, შესაძლოა, გარდაიქმნება კალციტრიოლში – D ვიტამინის აქტიურ მეტაბოლიტში. დამტკიცებულია ქსოვილებში სპეციფიკური რეცეპტორების არსებობა, რომელთათვის ლიგანდს წარმოადგენს კალციტრიოლი. D ვიტამინის ძირითადი თვისებაა მისი მონაწილეობა კალციუმის მეტაბოლიზმში. იგი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის შეწოვას, ააქტიურებს ძვლებში მის დაგროვებას და ეწინააღმდეგება ძვლოვანი ქსოვილიდან მის რეზორბციას. ამჟამად ვიტამინი D განიხილება არა მარტო როგორც ვიტამინი, არამედ, აგრეთვე, როგორც ჰორმონი, რომელიც პარაფარისებრ ჯირკვალთან ერთად არეგულირებს სისხლის პლაზმაში კალციუმის იონების კონცენტრაციას. ვიტამინი D არეგულირებს აგრეთვე ორგანიზმში ფოსფორის შემცველობას. ვიტამინ D-ს იყენებენ რაქიტის და კალციუმის ცვლის დარღვევით გამოწვეული ძვლების დაავადებების (ოსტეომალაცია და ოსტეოპოროზის ზოგიერთი ფორმა) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ვიტამინ E-ს სახელწოდებით ცნობილია სხვადასხვა ნაერთები (ტოკოფეროლები), რომლებიც ქიმიური ბუნებით და ბიოლოგიური მოქმედებით ერთმანეთის მსგავსია. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურია D-ალფა-ტოკოფეროლი. ტოკოფეროლებს შეიცავს მცენარეთა მწვანე ნაწილები, განსაკუთრებით მარცვლოვანი კულტურების ყლორტები. ტოკოფეროლებით მდიდარია მცენარეული ზეთები (მზესუმზირის, ბამბის, სიმინდის, არაქისის, სოიოს, ქაცვის). მათი გარკვეული რაოდენობა მოიპოვება აგრეთვე ხორცში, ცხიმში, კვერცხში, რძეში. ვიტამინი E წარმოადგენს ენდოგენურ ანტიდამჟანგველ ფაქტორს (ანტიოქსიდანტს), რომელიც ამუხრუჭებს უჯრედული მემბრანების ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას. მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილურ სუნთქვაში და უჯრედული მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. E ვიტამინის სინთეზურ პრეპარატს (ტოკოფეროლის აცეტატს) სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად (ემოქსიპინი) იყენებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თვალის დაავადებების და სხვათა კომპლექსური თერაპიისათვის. ტოკოფეროლის აცეტატმა ფართო გამოყენება ჰპოვა გერიატრულ პრაქტიკაში. ვიტამინ E-ს უნიშნავენ კუნთოვანი დისტროფიების, დერმატომიოზიტების, ამიოტროფული სკლეროზის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ფეხმძიმობის შეწყვეტის საშიშროების და სხვათა შემთხვევაში.
რიგ შემთხვევებში სხვადასხვა ვიტამინები ურთიერთაძლიერებენ მათ მიერ გამოწვეული ფიზიოლოგიურ ეფექტებს; კერძოდ, P ვიტამინისა და ასკორბინის მჟავას ურთიერთგავლენით პოტენცირდება სისხლძარღვთა განვლადობის შემცირება, ციანოკობალამინი და ფოლიუმის მჟავა ურთიერთაძლიერებენ სისხლწარმოქმნის სტიმულაციას. ზოგიერთ შემთხვევაში კომბინირებული გამოყენებისას მცირდება ვიტამინების ტოქსიურობა, მაგალითად ვიტამინი D უკეთესად შეითვისება A ვიტამინის ფონზე. ამასთან ერთად, ვიტამინებს შეუძლიათ ანტაგონისტური თვისებების გამოვლენაც: ნიკოტინმჟავა ამუხრუჭებს ქოლინის ლიპოტროპულ მოქმედებას. სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში აქტიური მონაწილეობით ვიტამინური კომბინაციები ახდენენ უფრო ძლიერ და მრავალმხრივ ბიოლოგიურ მოქმედებას.
კომბინირებული ვიტამინური პრეპარატების სხვადასხვა სამკურნალო ფორმებია: აბები, შუშხუნა აბები, დრაჟე, კაფსულები, სიროფები. მრავალი მათგანი მრავალკომპონენტიანია, შეიცავს არა მარტო ვიტამინებს, არამედ აგრეთვე სხვადასხვაგვარი მაკრო- და მიკროელემენტების ნაკრებს (რკინა, სპილენძი, ცინკი, კობალტი, მანგანუმი, მოლიბდენი, სელენი, ქრომი და სხვა).
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.