ვაქცინები, შრატები, ფაგები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

მრავალი წლის წინ ყვავილის ეპიდემიისგან თავის დაცვას ჩინელები ნესტოებში ყვავილის გამხმარ ფუფხების მოთავსებით, ხოლო ინდიელები კანის ჩანაჭრებში შეზელვით ცდილობდენენ. ე. ჯენერმა (ემპირიულად) და ლ.პასტერმა (მეცნიერულად) შეიმუშავეს ცოცხალი მიკრობებიდან დამცავი აცრების შექმნისა და გამოყენების საფუძვლები.

1880-1885 წწ-ში ლ. პასტერმა მიიღო ქათმის ქოლერის, ციმბირის წყლულის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ვაქცინები ბიოპრეპარატებია, რომელთა დანიშნულებაა ადამიანში ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტის შექმნა.

კორპუსკულარული ვაქცინები შეიცავენ ატენუირებულ ანუ მკვდარ მიკრობებს (ვირიონებს), არაკორპუსკულარულები – მათი ქიმიური დაშლის პროდუქტებს (ქიმიური ვაქცინები), ბაქტერიების გაუვნებლებულ ეგზოტოქსინებს ან შხამებს (ანატოქსინები).

ვაქცინები განსხვავდებიან მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიგენების რაოდენობით: მონოვაქცინები და პოლივაქცინები (ასოციირებული).

სახეობითი შედგენილობით ვაქცინა შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, რიკეთსიოზული. ცოცხალი ვაქცინები შეიცავენ დასუსტებულ ბაქტერიებს (ბრუცელოზის, ტულარემიის, შავი ჭირის, წყლულის საწინააღმდეგო, ტუბერკულოზის) ან ვირუსებს (ნატურალური ყვავილის, ყვითელი ციებ-ცხელების, ცოფის, პოლიომიელიტის, გრიპის, წითელას, ეპიდემიური პაროტიტის წინააღმდეგ). ვინაიდან მუტანტურ შტამებს აცრილ ორგანიზმში რეპროდუცირების და ხანმოკლე და არაგამოხატული ვაქცინური ინფექციის გამოწვევის უნარი აქვთ, ცოცხალი ვაქცინები (ძირითადად მონოვაქცინები) უფრო იმუნოგენურები არიან, ქმნიან მაღალი დაძაბულობის იმუნიტეტს, რომელიც ხანგრძლივად მოქმედებს. კერძოდ, ყვავილის საწინააღმდეგო და ტულარემიული ვაქცინები უზრუნველყოფენ 5-7-წლიან, გრიპის საწინააღმდეგო – 6-8-თვიან იმუნიტეტს. სამწუხაროდ, მათ აქვთ სხვადასხვა უარყოფითი თვისებები: მაღალი რეაქტოგენობა, ალერგოგენობა, მძიმე გართულებების, მათ შორის ვაქცინური პროცესის გენერალიზაციის გამოწვევის უნარი.

მკვდარი ვაქცინები (მონო- და პოლი-) გამოიყენება ტიფის, პარატიფების, ყივანახველას, ქოლერის, ლეპტოსპიროზის, დიზენტერიის, გრიპის, პოლიომიელიტის, ტკიპით გამოწვეული ენცეფალიტის და სხვათა პროფილაქტიკისათვის. ეს ვაქცინები გამოირჩევიან დაბალი იმუნოგენურობით, იძლევიან არახანგრძლივ იმუნიტეტს (1 წლამდე), სავარაუდოდ, ანტიგენების ტექნოლოგიური დენატურაციის გამო.

მინარევებისგან გასუფთავებული მიკრობების სრული ანტიგენები წარმოადგენენ ქიმიურ ვაქცინებს. ისინი ხასიათდებიან დაბალი რეაქტოგენობით, ეფექტურობით აღემატებიან მკვდარ ვაქცინებს. გამოიყენება მუცლის ტიფის, À და Â პარატიფების (ვაქცინა TABte ტეტანუსის ანატოქსინით), ყივანახველას, ტუბერკულოზის პროფილაქტიკისათვის. ანატოქსინები (ტეტანუსის, დიფტერიის, განგრენოზული, ბოტულინური, სტაფილოკოკური) მცირედ რეაქტოგენულები არიან, გააჩნიათ 4-5- წლით დაძაბული იმუნიტეტის შექმნის უნარი.

ამჟამად ექიმთა განკარგულებაშია დაახლოებით 30 ვაქცინა. ანტიბაქტერიულ ვაქცინებს მიეკუთვნება 16 ვაქცინა (დიფტერიის, ყივანახველას, ბრუცელოზის, ტულარემიის, შავი ჭირის, ცოფის, გრიპის, პოლიომიელიტის, წითელას და სხვა). გარდა ამისა, წარმატებით გამოიყენება ორი რიკეთსიოზური (პარტახტიანი ტიფი, ქუ- ცხელება) და ანტილეპტოსპიროზული ვაქცინები. პერსპექტიულია სინთეზური, რეკომბინანტური და ანტიიდიოტიპური ვაქცინების შექმნა.

ფაგები წარმოადგენენ ვირუსებს, რომლებსაც უნარი აქვთ შეაღწიონ ბაქტერიულ უჯრედში, განიცადონ რეპროდუქცია და გამოიწვიონ მისი ლიზისი. ბაქტერიოფაგები გამოიყენება ინფექციური დაავადებების ფაგოპროფილაქტიკისა  და ფაგოთერაპიისათვის. ფაგოთერაპიის უპირატესობაა  გარკვეული მიკრობების შერჩევითი ლიზირების შესაძლებლობა და პაციენტის ჯანმრთელობის  უსაფრთხოება. ბაქტერიოფაგებს ნიშნავენ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ინფექციის, დისბაქტერიოზის, ჩირქოვანი ინფექციების და სხვათა შემთხვევაში. შესაძლებელია ფაგო- და ქიმიოთერაპიის შეხამება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.