პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
დამარბილებელი საშუალებები – ნივთიერებები, რომლებიც გარედან გამოყენების შემთხვევაში ზრდიან კანის და ლორწოვანი გარსების ელასტიურობას, აგრეთვე ამცირებენ მათ მგრძნობელობას გარეგანი ზემოქმედების მიმართ.
დამარბილებელი თვისებები გააჩნიათ ცხოველურ ცხიმებს (ღორის, საქონლის, ზვიგენის); მცენარეული წარმოშობის ცხიმოვან ზეთებს (მზესუმზირის, ზეითუნის, ნუშის და სხ.); ე.წ. მინერალურ ზეთებს _ ვაზელინის ზეთი, ვაზელინი და სხ; ცხიმისმაგვარ ნივთიერებებს (სპერმაცეტი, ლანოლინი და სხ.); ზოგიერთ სინთეზურ ნივთიერებებს (მაგ. სილიკონის, ცელულოზის ეთერებს). გარდა ამისა, დამარბილებელი საშუალებების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნული ნივთიერებების გადამუშავების პროდუქტები. ასე მაგალითად, დამარბილებელი თვისებები გააჩნიათ მცენარეული ზეთებიდან მიღებულ ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს (სალომასი, მცენარეული ქონი და სხ.); ე.წ. ხელოვნურ ვაზელინებს ანუ თხევადი ნახშირწყლების ნაერთებს პარაფინთან, ოზოკერიტთან, პეტროლატუმთან; ემულსიურ სანთლებს.
სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით (კანის და ლორწოვანი გარსების ელასტიურობის გაზრდა, მათზე გარეგანი ზემოქმედების შემცირება), ზოგიერთი დამარბილებელი საშუალება გამოიყენება სუფთა სახით, მაგ. ვაზელინი, ვაზელინის ზეთი და სხ. ყველაზე ხშირად დამარბილებელი საშუალებები გამოიყენება იმ მარტივი და რთული ნაერთების შემადგენლობაში, რომლებსაც ხმარობენ სხვადასხვა რბილი სამკურნალწამლო ფორმების _ მალამოების, პასტების, ლინიმენტების დასამზადებლად.
დამარბილებელი საშუალებების, მალამოების და სხვა რბილი სამკურნალწამლო ფორმების საფუძვლის სახით გამოყენება განპირობებულია არა მარტო ამ საშუალებების სამკურნალო (დამარბილებელი) თვისებებით, არამედ იმ გარემოებითაც, რომ დამარბილებელი საშუალებები აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია ასეთი სახის ფუძეების ფიზიკური და სხვა თვისებების მიმართ. ამათან, დამარბილებელი საშუალებების, როგორც რბილი სამკურნალწამლო ფორმების დასამზადებლად გამოსაყენებელი ფუძეების, შერჩევა ხდება რიგი მათი თვისებების, კერძოდ კანის გზით სამკურნალო ნივთიერებების შეწოვაზე გავლენის მოხდენის გათვალისწინებით. ასე მაგალითად, რეზორბციული მოქმედების მალამოების დასამზადებლად, ფუძეების სახით გამოყენება ღორის ქონი და სხვა დამარბილებელი საშუალებები, რომლებიც აღწევენ კანის ღრმა შრეებში და ხელს უწყობენ მათში შერეულ სამკურნალო ნივთიერებების შეწოვას, ხოლო იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალურად შესაძლებელი ადგილობრივი მოქმედება და თავიდან ავიცილოთ კანის გზით სამკურნალო ნივთიერებების შეწოვა, მალამოებს ამზადებენ პოლიეთილენგლიკოლის საფუძველზე.
ზოგიერთი დამარბილებელი საშუალება (სილიკონები, ცელულოზის ეთერები) ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკური კრემების, ლოსიონების და ტუჩის საცხების დასამზადებლად.
ცალკეულ დამარბილებელ საშუალებებს, მაგ. ვაზელინის ზეთი, ნუშის ზეთი, გლიცერინი, გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება. ვაზელინის და ნუშის ზეთების საფაღარათო მოქმედება განპირობებულია მათი უნარით მოახდინონ განავლოვანი მასების დარბილება. საფაღარათო საშუალებების სახით აღნიშნული ზეთები ინიშნება შიგნით მისაღებად. გლიცერინი საფაღარათო ეფექტს იძლევა რეფლექტორული გზით (ლორწოვან გარსებზე გამაღიზიანებელი ზემოქმედების გამო); როგორც საფაღარათო საშუალები, ის გამოიყენება რექტალურად, ჩვეულებრივ სუპოზიტორიების ფორმით.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.