ბერიტაშვილი ივანე

ბერიტაშვილი ივანე  – [29. XII. 1884 (10. I. 1885), სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის რ-ნი, – 29. XII. 1974, თბილისი], ქართველი საბჭოთა ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. სსრკ მეცნ. აკად. (1939), საქართვ. მეცნ. აკად. (1941) და სსრკ მედ. მეცნ. აკად. (1944) აკადემიკოსი, საქ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1935), სოციალ. შრომის გმირი (1964), ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგთა სრულიად საკავშ. საზ-ების (1970), ნიუ-იორკის მეცნ. აკად. (1959), ტვინის გამოკვლევის საერთაშ. ორგანიზაციის (1960), ამერიკის ბიოლ. ფსიქიატრიის საზ-ბის (1969) საპატიო წევრი.  ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების (1910) შემდეგ მუშაობდა იქვე ნ. ვვედენსკის ხელმძღვანელობით (1910-1915). 1912 გაგზავნილი იყო სამეცნიერო მივლინებით ქ. ყაზანში, სადაც მუშაობდა ა. სამოილოვის ლაბორატორიაში, შემდეგ ჰოლანდიაში ქ. უტრეხტში რ. მაგნუსის ლაბორატორიაში (1914-1915). 1915-1919 ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტია. 1919-იდან მოიწვიეს თსუ-ში, სადაც დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა და გარდაცვალებამდე მისი უცვლელი მეცნიერული ხელმძღვანელი იყო. 1935-დან ამ კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტუტის დირექტორია; 1941-დან საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტუტის დირექტორი, ხოლო 1951-დან მისი მეცნ. ხელმძღვანელი. ბერიტაშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სიცრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ. ბერიტაშვილს ეკუთვნის მრავალი აღმოჩენა ფიზიოლოგიის დარგში. მან დაადგინა: ზურგის ტვინის პროპრიოცეპტული, მოტორული ელემენტებისა და ჟელატინოზური სუბსტანციის როლი კიდურთა ფაზურ კოორდინირებულ მოძრაობებში (1909-1914), ჩონჩხის კუნთების რეციპროკული შეკავების რიტმული ბუნება (1912-1914), კისრისა და ლაბირინთული ტონური რეფლექსების გამომუშავების დროს ორმხრივი დროებითი ნერვული კავშირების წარმოშობა გაღიზიანებათა უკუშეუღლებისას (1917), ნეირონთა გარკვეული კომპლექსის აგზნების ზოგადი შეკავების ერთდროული აღმოცენება ქცევითი აქტის დროს (1927-1935), ინდივიდუალურად შეძენილი კვებითი ან თავდაცვითი ქცევის განხორციელება საკვების ან დამაზიანებელი აგენტის და მათი ადგილმდებარეობის ერთჯერადი აღქმისას და ქცევის რეგულირება საკვების ან ცხოველის მტრის ადგილმდებარეობის რეპროდუქციით (1932-1935), ხატური ფსიქონერვული მოქმედების არსებობა უმაღლეს ხერხემლიან ცხოველებში და ამ მოქმედებაში ტვინის ქერქული და ქერქქვეშა ელემენტების როლი (1935, 1947, 1961, 1969), პირობითი რეფლექსის ავტომატური უნებლიე ხასიათი (1961-1969), სივრცეში ადამიანისა და ცხოველის ორიენტაციის ნერვულ-ფსიქიკური მექანიზმი (1959), ხატური და ემოციური მეხსიერება, მისი დახასიათება და წარმოშობა (1967) და სხვ ბერიტაშვილი დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. იყო საქ. სსრ I-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1941 მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1938 ი. პავლოვის სახ. პრემია, ხოლო 1963 ი. სეჩენოვის სახ. პრემია. [1]

ბერიტაშვილი ივანე