არანარკოტიკული ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

არანარკოტიკული ანალგეტიკების მოქმედების მექნიზმში გარკვეულ როლს თამაშობს თალამურ ცენტრებზე გავლენა, რაც იწვევს ქერქში ტკივილის იმპულსების გატარების შეფერხებას. ცენტრალური მოქმედების მიხედვით ამ ჯგუფის ანალგეტიკები ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავდებიან რიგი თავისებურებებით (მაგალითად, გავლენას არ ახდენენ ცნს-ის უნარზე, მოახდინოს ზღურბლოვანი იმპუსების სუმირება). სალიცილატების მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტაგლანდინთა ბიოსინთეზის ინჰიბირება (იხ. აცეტილსალიცილის მჟავა), ასევე მასტიმულირებელი გავლენა ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლებზე, რაც უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების გამოთავისუფლებას. არანარკოტიკული ანალგეტიკების მოქმედებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს მათ გავლენას კინინურ სისტემაზე.
აცეტილსალიცილის მჟავას ჯგუფის არანარკოტიკული ანალგეტიკებს და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომელთაც განსაკუთრებით აქვთ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს უწოდებენ. ამ ჯგუფის პრეპარატების მოქმედების თავისებური მექანიზმის მიუხედავად, მათი საერთო ფარმაკოლოგიური აქტივობაა – ანალგეზიური, სიცხის დამწევი, რაც საშუალებას იძლევა მივაკუთვნოთ ისინი არანარკოტიკულ ანალგეტიკურ სამკურნალო საშუალებათა გჯუფს, რომლებიც გავლენას ახდნენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არანარკოტიკული ანალგეტიკები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში. მათ ფართოდ იყენებენ თავის ტკივილის, ნევრალგიების, რევმატოიდული ტკივილების, ანთებითი პროცესების და ა. შ. დროს. ისინი არა მარტო ხსნიან ტკივილებს, ასევე ახდენენ სიცხის დამწევ მოქმედებას, ამიტომ მათ ხშირად უწოდებენ ანალგეტიკ-ანტიპირეტიკებს. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა ამიდოპირინი (პირამიდონი), ფენაცეტინი, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), და სხვა სამკურნალწამლო საშუალებები. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამიდოპირინისა და ფენაცეტინის გამოყენებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებზე,. ცხოველებზე ექსპერიმენტით გამოიკვეთა ამიდოპირინის შესაძლო კანცეროგენული გავლენა (განსაკუთრებით მისი ხანგრძლივი გამოყენებისას), ასევე მისი მავნე მოქმედება სისხლმბად სისტემაზე. ფენაცეტინმა შესაძლოა გამოიწვიოს ნეფროტოქსიური ზემოქმედება. ამასთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების გამოყენება შეიზღუდა, ხოლო რიგი მზა სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც შეიცავენ ამ პრეპარატებს, ამოღებული იქნა სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან (ამიდოპირინის ხსნარები და გრანულები, აბები, ამიდოპირინის ფენაცეტინთან აბები და ა. შ.). ამასთან სულ უფრო ფართოდ გამოიყენება პარაცეტამოლი. ფართო გავრცელება ჰპოვა პრეპარატებმა, რომლებსაც აქვთ ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება და ამავე დროს გამოხატული აქვთ ანთების საწინააღმდეგო აქტივობაც. იმასთან დაკავშირებით, რომ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ამ პრეპარატებში უმთავრესად ითვლება, ამათან ეს ეფექტი თავისი მოქმედების ძალით უახლოვდება სტეროიდულ-ჰორმონალურ ნაერთებს, მაგრამ მათ არა აქვთ სტეროიდული სტრუქტურა, აქედან გამომდინარე, ეწოდათ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ამ გჯუფის პრეპარატებს მიეკუთვნებიან ფენილპროპიონის, ფენლძმარმჟავას წარმოებული ნაერთები, რომლებიც შეიცავენ ინდოლის ჯგუფს (ინდომეტაცინი და სხვ.). ამავე გჯუფს მიაკუთვნებენ პირაზოლინის რიგის ზოგიერთ პრეპარატს – ბუტადიონი, ტრიბუზონი. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების პირველი წარმომადგენელი იყო ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა, 1889 წ.), რომელიც ამ დრომდე მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს ამ ჯგუფის პრეპარატებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ბეხტერევის დაავადებისას და სხვა ანთებითი დაავადებებისას. ანალგეტიკებს შორის მთელი რიგი განსხვავებების მიუხედავად, ანტიპირეტიკებსა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს შორის მკვეთრი ზღვარის გავლება მოუხერხებელია, რადგანაც ამა თუ იმ ხარისხით ამ ორი გჯუფის ყველა პრეპარატი ახდენს ანტიჰიპერთერმულ, შეშუპების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ, ანტიპირეტულ ზემოქმედებას, ანუ მოქმედებენ ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანზე.

არანარკოტიკული ანალგეტიკები ფართოდ გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს, რომლებსაც მოჰყვება ტკივილის სინდრომი და ანთება (ნევრალგიები, რევმატოიდური ტკივილი და სხვა).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების მექანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ) აქტივობის დათრგუნვასთან. არსებითი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კინინის სისტემაზე გავლენას (ანტაგონიზმი ბრადიკინინის და სხვათა მაალგეზირებელ ქმედებასთან) და ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის დათრგუნვის უნარს. პროსტაგლანდინების დონის დაქვეითების გამო ხდება უჯრედული მემბრანების დაზიანების, ანთებითი პროცესის გავრცელების და პროგრესირების შეზღუდვა. ქსოვილებში პროსტაგლანდინ Å2-ის წარმოქმნისა და დაგროვების დათრგუნვით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამუხრუჭებენ უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციას, მაკროფაგების და ნეიტროფილების ფუნქციებს (ქემოტაქსისი, ფაგოციტოზი), ინტერლეიკინ-1-ის წარმოქმნას და მისდამი მგრძნობიარე უჯრედების პროლიფერაციას. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ძირითადად თრგუნავენ ანთების ექსუდაციურ და პროლიფერაციულ ფაზებს. ექსუდაციის შეზღუდვას თან სდევს ქსოვილებში სისხლის ფორმიანი ელემენტების და პლაზმური ცილების განვლადობის შემცირება, რაც გავლენას ახდენს პროლოფერაციული პროცესის მიმდინარეობაზე. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მნიშვნელოვანი ნაკლია ულცეროგენობა – ციკლოოქსიგენაზას ბლოკადის გამო კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების უნარი. აღმოჩნდა, რომ ციკლოოქსიგენაზას მხოლოდ ერთი სახეობის, კერძოდ მხოლოდ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითად ინჰიბირება იძლევა ამ გვერდითი ეფექტის თავიდან აცილების საშუალებას, ისე, რომ ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შენარჩუნებული იქნას. შექმნილია პრეპარატები (მელოქსიკამი , ნიმესულიდი და სხვა), რომლებსაც უნარი აქვთ შერჩევითად კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების გარეშე დათრგუნონ ციკლოოქსიგენაზა-2. იმის გათვალისწინებით, რომ ანთებით პროცესებს ჩვეულებისამებრ თან სდევს ტკივილი, ციებ-ცხელება და ორგანიზმის ფუნქციების საერთო დარღვევები, რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კომბინირება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. კომბინირებული პრეპარატების შემადგენლობაში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გარდა, შეიძლება შედიოდნენ სპაზმოლიტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები (კოდეინი), კოფეინი, ვიტამინები (C ვიტამინი და სხვა) და სხვა ნივთიერებები, მაგალითად, სინთეზური პროსტაგლანდინ Å1 – მიზოპროსტოლი. ამ კომბინაციების კომპონენტები ახდენენ ადიტიურ (ურთიერთშემავსებელ) ქმედებას ან ერთმანეთის ეფექტების პოტენცირებას. საყდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიის ადგილობრივი მკურნალობისათვის ამ ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ მალამოების, სალბუნების, აეროზოლების, საინექციო ხსნარების და სხვა სამკურნალო ფორმების სახით, რომელთა დანიშნულებაა “ყურადღების გადატანა”, ტკივილის გაყუჩება, ანთების ჩაქრობა სხვადასხა პათოლოგიური პროცესების დროს. ისინი იწვევენ, უმთავრესად, ანთების კერაში ტკივილის სინდრომის შემცირებას, სისხლის მიმოქცევის (მიკროცირკულაციის) გაუმჯობესებას.

სალიცილატები ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პირველი პრეპარატებია. მათი ეს მოქმედება შერწყმულია ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამწევ ეფექტებთან, თუმცა ანალგეტიკებთან შედარებით, ანტიპირეტიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი მათში მეტად დომინირებს. 1872 წელს ტირიფის (salix alba) ხის ქერქიდან, რომლის სიცხის დამწევი მოქმედება ცნობილი იყო უძველესი დროიდან, გამოყოფილი იქნა გლიკოზიდი სალიცინი. 1838 წ. სალიცილიდან მიღებული იქნა სალიცილის მჟავა, ხოლო 1860 წ. განხორციელდა ამ მჟავისა და მისი ნატრიუმის მარილის სრული სინთეზი. 1869 წ. სინთეზირებული იქნა აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი). ნატრიუმის სალიცილატის ანთების საწინააღმდეგო აქტიურობა და მისი სამკურნალო ეფექტურობა რევმატიზმის დროს (რევმატოიდური ცხელება), პირველად აღმოჩენილი იქნა 1875 წ., ხოლო 1889 წ. გავრცელება ჰპოვა აცეტილსალიცილის მჟავამ, როგორც პრეპარატმა, ნატრიუმის სალიცილატის სამკურნალო თვისებების შენარჩუნებით, მაგრამ ნაკლები ტოქსიურობით. 1879 წ. ცნობილი გახდა, რომ სალიცილატები ამაღლებენ შარდმჟავის გამოყოფას შარდთან ერთად და დაიწყეს მისი გამოყენება პოდარგის მკურნალობაში. სალიცილატებმა, განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავამ, ფართო გამოყენება ჰპოვა სამედიცინო პრაქტიკაში. მიუხედავად მრავალი ახალი არასტეროიდული პრეპარატების აღმოჩენისა, აცეტილსალიცილის მჟავა კვლავ ფართო გამოიყენება. სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების მექნიზმი საკმაოდ რთულია. სიცხის დამწევი მოქმედება (რაც ხორციელდება გაძლიერებული სითბოს გამოყოფით, კანის სისხლძარღვების გაფართოებითა და ოფლის გაძლიერებული გამოყოფით), მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია პათოლოგიური პროცესებით გამოიწვეული შუა ტვინის თბომარეგულირებელი ცენტრების შეცვლილ აგზნებადობაზე დამამშვიდებელი მოქმედებით. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებათა ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ჰომეოსტაზის სხვადასხვა რგოლზე მოქმედებით. მათი მოქმედების ძირითად ელემენტს წარმოადგენს კაპილართა მომატებული განვლადობისა და მიკროცირკულაციის პროცესების ნორმალიზება. სალიცილატები, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ორტოფენი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები ამცირებენ ბრადიკინინის, ჰისტამინისა და სხვა ბიოგენური ნივთიერებების (ე. წ. ანთების მედიატორების) გავლენას კაპილართა განვლადობაზე. ისინი ამუხრუჭებენ აგრეთვე ზოგიერთი ფერმენტის აქტიურობას, რომელიც მონაწილეობს ანთების მედიატორის წარმოქმნაში. სალიცილატებს, პირაზოლონის წარმოებულებს, ინდომეტაცინს და სხვ. გამოხატული აქვთ ანტიჰიალურონიდაზული აქტივობა. ამ გჯუფის პრეპარატები ამუხრუჭებენ ატფ-ის წარმოქმნას და ამით ამცირებენ იმ ბიოქიმიური პროცესების ენერგეტიკულ უზრუნველყოფას, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ ანთებით პროცესში, კერძოდ სისხლძარღვთა განვლადობისა და ლეიკოციტების მიგრაციის გაზრდაში. შესაძლებელია, რომ მიკროცირკულაციის გაუმჯობესებაში გარკვეულ როლს თამაშობს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების ფიბრინოლიზური თვისება. გამორიცხული არ არის, რომ სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთებასაწინააღმდეგო ნივთიერებების მოქმედებათა მექანიზმში გარკვეულ როლს თამაშობს იმუნოდეპრესული ეფექტი. სავარაუდოა, რომ სალიცილატების ანთების საწინააღმდეგო თვისება დაკავშირებულია ჰიპოფიზსა და თირკმელკზედა ჯირკვლის ქერქზე მასტიმულირებელ გავლენაზე, რის შედეგადაც ხდება ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გაძლიერებული გამოყოფა. თუმცა, ბოლოდროინდელი მონაცემები გვიჩვენებენ, რომ სალიცილატების გამოყენება ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვისასაც. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზზე მათ მაინჰიბირებელ მოქმედებას. პროსტაგლანდინები ბიოგენური ნივთიერებებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთებისა და ტკივილის სინდრომის განვითარებაში; ამასთან, ანთების საწინააღდეგო აქტივობა ხშირად კორელაციას განიცდის ინჰიბირების ეფექტის ძალასთან. პირობითად, ყველაზე მეტად აქტიურ, ანთების საწინააღდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს ზოგჯერ აღნიშნავენ როგორც ანტიპროსტაგლანდულ ნივთიერებებს. სინამდვილეში ამ პრეპარატების მოქმედების მექნიზმი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროსტაგლანდინების სინთეზზე ზეგავლენით. ისინი მოქმედებენ ანთების პათოლოგიური ჯაჭვის სხვადასხვა რგოლზზე. ამ პრეპარატების მოქმედებისათვის დამახასიათებელია ლიზოსომების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედება, რისი შედეგიცაა ფლოგოგენურ გაღიზიანებაზე, ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსზე და პროტეაზების გამოთავისუფლებაზე უჯრედული რეაქციის დამუხრუჭება (ასეთი მოქმედება ახასიათებს სალიცილატებს, ინდომეტაცინს, ბუტადიონს). ეს პრეპარატები ხელს უშლიან ცილების დენატურაციას და აქვთ ანტიკომპლემენტური აქტივობა. ისინი ახდენენ აგრეთვე ფერმენტ ფოსფორდიესთერაზას ინჰიბირებას და ზრდიან უჯრედშიგა ამფ-ის კონცენტრაციას; მათ შეუძლიათ ჩაერთონ ანთებითი პროცესის სხვა სტადიაშიც. ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებებით გამოწვეული პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება იწვევს არა მარტო ანთების შემცირებას, ასევე ბრადიკინინის ალგოგენური მოქმედების შესუსტებასაც. ამ გჯუფის პრეპარატების ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ურთიერთდაკავშირებული პროცესი. ურთიერთკავშირი განისაზღვრება, ასევე, პრეპარატების გავლენით ნერვულ სისტემაზე. ანალგეტიკური კომპონენტი უზრუნველყოფს ანთებითი პროცესის შემსუბუქებულ მიდინარეობას, ხოლო ანთებითი მოვლენების შემცირება ემსახურება ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.