ანტიბიოტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანტიბიოტიკები ბიოლოგიური წარმოშობის ქიმიური ნაერთებია, რომელთაც შერჩევითი დამაზიანებელი ან დამღუპველი მოქმედება აქვთ მიკროორგანიზმების მიმართ. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომელთა პროდუცენტებია სხვადასხვა მიკროორგანიზმები, როგორიცაა აქტინომიცეტები, ობის სოკოები, სხვადასხვა ბაქტერიები. ამავე ჯგუფში შედის ასევე, ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნაწარმები და მათი სინთეზური ანალოგები.
ანტიბიოტიკებს შესაძლოა გააჩნდეთ ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
ანტიბიოტიკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრით. ზოგიერთი მათგანი მოქმედებს უპირატესად გრამდადებით ბაქტერიებზე (ბიოსინთეზური პენიცილინები, მაკროლიდები), ზოგი – გრამუარყოფით ბაქტერიებზე (პოლიმიქსინები). ზოგიერთ ანტიბიოტიკს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი (ტეტრაციკლინები, ლევომიცეტინი და სხვა) და აქტიურია როგორც გრამდადებითი ასევე, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, რიკეტსიების, ქლამიდების და სხვათა მიმართ.
ანტიბიოტიკების მიკრორგანიზმებზე მოქმედების შედეგად ამ უკანასკნელთა გამრავლება ითრგუნება (ბაქტერიოსტსტიკური ეფექტი), ან ხდება დაღუპვა (ბაქტერიოციდული ეფექტი).
ანტიბიოტიკების ანტიმიკრობული მოქმედების ძირითადი მექანიზმებია:
1. ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევა (პენიცილინები, ცეფალოსპორინები);
2. ციტოპლაზმური მემბრანის განვლადობის დარღვევა (პოლიმიქსინები);
3. უჯრედშიდა ცილის სინთეზის დარღვევა (ტეტრაციკლინები, ლევომიცეტინი, ამინოგლიკოზიდები და სხვა);
4. რნმ-ის სინთეზის დარღვევა (რიფამპიცინი).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.