პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
გულის შეკუმკუმშვათა რითმის დარღვევის ნორმალიზაცია შესაძლებელია მოახდინონ სხვადასხვა ქიმიური კლასის და სხვადასხვა ნივთიერებებმა. ასე მაგალითად, ემოციურ დაძაბულობასთან დაკავშირებული არითმიების დროს იმ პირებში, რომლებსაც გულის სერიოზული დაავადებები არა აქვთ, ანტიარითმიული ეფექტი შეიძლება გამოიწვიონ დამამშვიდებელმა (სედატიურმა, ტრანკვილიზატორულმა) პრეპარატებმა. ანტიარითმიული აქტივობა ამა თუ იმ ხარისხით გააჩნია მრავალ ნეიროტროპულ საშუალებას (ქოლინობლოკატორებს და ქოლინომიმეტიკებს, ადრენობლოკატორებს და ადრენომიმეტიკებს, ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, ეპილეფსიის საწინააღმდეგო აქტივობის ზოგიერთ ანტიკონვულსანტს), კალიუმის მარილების შემცველ პრეპარატებს, კალციუმის იონების ანტაგონისტებს და სხვა. ამასთან ერთად, არსებობს მრავალი სამკურნალო საშუალებება, რომელთა ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებაა არითმიების სხვადასხვა სახეობის დროს გულის რითმის ნორმალიზაცია. ეს ნივთიერებები, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, კალციუმის იონთა ანტაგონისტებთან, ზოგიერთ ადგილობრივ საანესთეზიო და სხვა საშუალებებთან ერთად, მკვეთრად გამოხატულ ანტიარითმიულ აქტივობის გამო, ერთიანდებიან ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფში.
არსებობს ანტიარითმიული პრეპარატების მრავალი კლასიფიკაცია. ყველაზე ფართოდ გამოიყენება ვოგენ-ვილიამსის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით ანტიარითმიული საშუალებები იყოფა 4 კლასად: I კლასი – მემბრანომასტაბილიზებელი საშუალებები (ქინიდინისებრი); II კლასი – ბეტა-ადრენობლოკატორები; III კლასი – რეპოლარიზაციის შემნელებელი პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორი სოტალოლი, ამიოდარონი); IV კლასი – კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები (კალციუმის იონების ანტაგონისტები).
მემბრანომასტაბილიზებელი საშუალებების კლასში გამოყოფენ 3 ქვეჯგუფს: ქვეჯგუფი IA – ქინიდინი, პროკაინამიდი, მორაციზინი, დიზოპირამიდი; ქვეჯგუფი IB – ადგილობრივი საანესთზიო საშუალებები (ლიდოკაინი, ტრიმეკაინი, ბუმეკაინი), მექსილეთინი და ფენიტოინი; ქვეჯგუფი IC – აიმალინი, ეტაციზინი, ლაპაკონიტინის ჰიდრობრომიდი.
ყველა ანტიარითმიული პრეპარატის მოქმედების მექანიზმში წამყვან როლს ასრულებს მოქმედება უჯრედულ მემბრანებზე, იონების (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის) ტრანსპორტზე და ამასთან ურთიერთდაკავშირებით, ცვლილებები კარდიომიოციტების მემბრანული პოტენციალის დეპოლარიზაციასა და მიოკარდიუმში მიმდინარე სხვა ელექტროფიზიოლოგიურ პროცესებზე. ანტიარითმიული საშუალებების სხვადასხვა ჯგუფები და ცალკეული პრეპარატები განსხვავდებიან თავისი გავლენით ამ პროცესებზე. კერძოდ, IA და IC ქვეჯგუფების პრეპარატები ძირითადად თრგუნავენ ნატრიუმის იონების ტრანსპორტს უჯრედული მემბრანის ნატრიუმის სწრაფი არხებით. IB ქვეჯგუფის პრეპარატები ზრდიან მემბრანების შეღწევადობას კალიუმის იონებისათვის. ქინიდინი ნატრიუმის იონების ტრანსპორტის დათრგუნვასთან ერთად ამცირებს კალციუმის იონების მოხვედრას კარდიომიოციტებში. ქინიდინისებრი ნივთიერებები ამცირებენ დეპოლარიზაციის მაქსიმალურ სიჩქარეს, ზრდიან აგზნებადობის ზღვარს, აძნელებენ ჰისის კონისა და პურკინიეს ბოჭკოების გამტარებლობას, ანელებენ კარდიომიოციტების მემბრანების რეაქციულობის აღდგენას.
მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმით ხასიათდება III კლასის პრეპარატების წარმომადგენელი – ამიოდარონი. იგი კარდიომიოციტების მემბრანების კალიუმის არხების ბლოკირების შედეგად ზრდის მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას, ახდენს იმპულსის გატარების პროლონგირებას გულის გამტარი სისტემის ყველა უბანზე, აიშვიათებს სინუსურ რითმს, იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას და ამასთან, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მიოკარდიუმის კუმშვის უნარზე. პირობითად III ჯგუფში შეყვანილი ბრეთილიუმის ტოზილატი ახდენს ძირითადად სიმპათოლიზურ მოქმედებას და ამგვარად, ზღუდავს კატექოლამინების გავლენას მიოკარდიუმზე; ამასთან ერთად, მსგავსად ამიოდარინისა, იგი ზრდის მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას. ბეტა-ადრენობლოკატორების ანტიარითმიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გულის გამტარ სისტემაზე არითმოგენური სიმპათიკური გავლენების შესუსტებასთნ, ჰეტეროგენული ავტომატიზმისა და AV კვანძში აგზნების გავრცელების დამუხრუჭებასა და რეფრაქტორული პერიოდის გაზრდასთან. გარკვეული ზომით ბეტა-ადრენობლოკატორების ანტიარითმიული თვისებები განპირობებულია გავლენით კალიუმის მემბრანულ არხებზე და მიოკარდიუმში კალიუმის იონების შემცველობის სტაბილიზაციით. ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორი (პროპრანოლოლი, ოქსპრენოლოლი, პინდოლოლი, თალინოლოლი) ხასიათდება აგრეთვე მემბრანომასტაბილიზირებელი და ქინიდინისებრი აქტივობით. ანტიარითმიულ ეფექტი გააჩნია ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც არეგულირებს ცვლის პროცესებს (ადენოზინის ფოსფატი) და იონურ ბალანსს მიოკარდიუმში (მაგნიუმის პრეპარატები და სხვა). მაგნიუმის პრეპარატებს ნიშნავენ არითმიების პროფილაქტიკის მიზნით, მათ შორის საგულე გლიკოზიდების დოზის გადაჭარბებისა და აგრეთვე სარქველოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმების შემთხვევაში.
სხვადასხვა ჯგუფების პრეპარატების მოქმედების მექანიზმის თავისებურებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ანტიარითმიული პრეპარატის დანიშვნის ჩვენებისა და უკუჩვენების დასაზუსტებლად. პრეპარატის შერჩევისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას არა მარტო მისი სპეციფიური ანტიარითმიული თავისებურებანი, ასევე საერთო ფარმაკოლოგიური თვისებები (ორგანიზმის სხვა ფუნქციებსა და სისტემებზე გავლენა), ასევე შესაძლო გვერდითი მოვლენები. აუცილებელად გასათვალისწინებელია, რომ ანტიარითმიულმა პრეპარატებმა, გულის გამტარ სისტემაზე მოქმედების გამო, შესაძლოა გარკვეულ პირობებში მოახდინონ პროარითმიული (არითმოგენური ) მოქმედება.
ქინიდინი (Chinidinum)*. ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ქინაქინის ხის ფესვები. წრამოადგენს ქინინის მარჯვნივმბრუნავ იზომერს. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ქინიდინის სულფატი (Chinidini sulfas). სინონიმები: Chinidinum sulfuricum, Quinidini Sulfas, Quinidine Sulfat, Conchicinum sulfuricum.
უკანასკნელ დროს ქინიდინის შეწოვის შენელების მიზნით, სისხლსა და ქსოვილებში მისი თანაბარი კოინცენტრაციისათვის და გვერდითი მოვლენების შემცირების მოზნით, ასევე პრეპარატის მიღების ინტერვალის გაზრდისათვის, შექმნილია ქინიდინის პროლონგირებული სამედიცინო ფორმები. ფართო გავრცელება ჰპოვა პრეპარატმა ,,ქინიდინ – დურულესი” . შემუშავებულია ასევე პრეპარატი ,,ქინიპეკი”. ქინიდინ – დურულესი (Chinidin–durules)*. ანალოგიურია პრეპარატი ,,კინილენტინი” “ (,,Kinilentin”), ,,კინიდურონი” (,,Kiniduron”).
ნოვოკაინამიდი (Novocainamidum). სინონიმები: Amidoprocaini, Cardiorytmin, Novocainamid, Pcocainamidi hydrochloridum, Pcocainamidi hydrochloride, Pcocainamidum, Procadyl, Pronestyl და სხვ.
დიზოპირამიდი (Disopyramidum)*. სინონიმები: კორაპეისი, პალპიტინი, რიტმილენი, რიტმოდანი, Corapace, Dicorantil, Dicorynan, Diodan, Disopyramide, Korapace, Korapeis, Norpace, Palpitin, Ritmilen, Ritmodan, Rxthmilen, Rythmodan, Rythmodul და სხვ.
მექსილეტინი (Mexiletinehydrochloride)*. სინონიმები: მექსიტილი, Mexilen, Mexitec, Mexitil, Mexitilen, Moxitil, Tametil
პროპაფენონი (Propafenone)*. სინონიიმები: პროლეკოფენი, Fenopraine, Norfenon, Normoritmin, Prolekofen, Ritmonorm, Rythmonorm.
ეთმოზინი. სინონიმები: Ethmosine, Etmozin, Moracizin hydrochlorid.
ეტაციზინი
ბონეკორი. სინონიმები: ტირაციზინი, Tiracyzin
აიმალინი (Ajmalinum). ალკალოიდი, რომელიც შედის რაუვოლფიის ზოგიერთ სახეობებში (Rauwolfia serpentina Benth. და სხვ.)
ნეო – ჰილურიტმალი
პულსნორმი. კომბინირებული ანტიარითმიული პრეპარატია, გამოდის დრაჟეს სახით, შეიცავს აიმალინს 0,03 გ, სპარტეინის სულფატს 0,025 გ, ანტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,05 გ და ფენობარბიტალს 0,05 გ. აიმალინს დამატებული სპარტეინი (სულფატი) აძლიერებს ანტიარითმიულ მოქმედებას.
ალაპინინი (Allapininum). ალკალოიდ ლაპაკონიტინის ჰიდრობრომიდი (სხვა თანმხლებ ალკალოიდთა მინარევით), მიღებული Aconitumle ucostomum Worosch- დან.
ამიორდარონი (Amiordaronum)*. სინონიმები: კორდარონი, პალპიტინი, Amjodaronum, Angoron, Atlansil, Cordaron, Cordinil, Palpitin, Sedacoron, Trangorex და სხვ.
ორნიდი. Bretylan, Bretylat, Bretylin, Bretyliitosilas, Bretyliumtosilate, Darenthin და სხვ.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.