ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

არტერიული ჰიპერტენზიის და გულის ქრონიკული უკმარობის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავიათ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. სადღეისოდ არსებობს რამდენიმე ათეული ქიმიური ნაერთი, რომლებსაც შეუძლიათ  ანგიოტენზინ I-ის ბიოლოგიურად აქტიურ ანგიოტენზინ 2-ში გადასვლის ბლოკირება. ამ სამკურნალო საშუალებებით ხანგრძლივი თერაპიის დროს შეიმჩნევა სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის, მიოკარდიუმზე პოსტ- და პრედატვირთვის დაქვეითება, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა, მარცხენა პარკუჭის შევსების წნევის დაქვეითება, პარკუჭოვანი და რეპერფუზიური არითმიების გაჩენის სიხშირის შემცირება, რეგიონარული (კორონარული, ცერებრალური, თირკმლის, კუნთოვანი) სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. კარდიოპროტექტორული ეფექტის უზრუნველყოფა აღინიშნება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის და დილატაციის თავიდან აცილებით და უკუგანვითარებით, გულის დიასტოლური ფუნქციის გაუმჯობესებით, მიოკარდის ფიბროზის პროცესების შესუსტებით და გულის რემოდელირებით; ანგიოპროტექტორული ეფექტი – გლუვკუნთოვანი უჯრედების ჰიპერპლაზიის და პროლიფერაციის თავიდან აცილებით, არტერიების სისხლძარღვოვანი კედლის გლუვი მუსკულატურის ჰიპერტროფიის უკუგანვითარებით. ანტიათეროსკლეროზული ეფექტი რეალიზდება ენდოთელიალური უჯრედების ზედაპირზე ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შეფერხებით და აზოტის ოქსიდის წარმოქმნის გაზრდით. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით თერაპიის ჩატარებისას იზრდება პერიფერიული ქსოვილების მგრძნობიარობა ინსულინისადმი, უმჯობესდება გლუკოზის მეტაბოლიზმი (განპირობებულია ბრადიკინინის დონის აწევით და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით). თირკმელზედა ჯირკვლებიდან ალდოსტერონის წარმოქმნისა და გამოთავისუფლების შემცირების ხარჯზე ძლიერდება დიურეზი და ნატრიურეზი, იზრდება კალიუმის დონე, ნორმალიზდება წყლის ცვლა. ფარმაკოლოგიური ეფექტებიდან შეიძლება აღინიშნოს ზემოქმედება ლიპიდურ, ნახშირწყლოვან და პურინულ ცვლაზე.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის გამოყენების გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება ჰიპოტენზია, დისპეფსიის მოვლენები, გემოს შეგრძნების დარღვევა, პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა (თრომბოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემია), გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ხველება და სხვა.
პერსპექტიულია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ფარმაკოლოგიური მოქმედების შემდგომი შესწავლა ანტიოქსიდანტური სისტემის მდგომარეობასა და ორგანიზმში ეიკოზანოიდების დონესთან ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის მაჩვენებლებთან ურთიერთკავშირში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.