ჰიპოფიზი – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ჰიპოფიზი 

ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს.

ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას.

ციტოლოგია

ადენოჰიპოფიზი ვითარდება პირის ღრუს სახურავის ეპითელური გამობერილობისგან (რატკეს ჯიბე). მისი წინა ნაწილი წარმოქმნილია ჯირკვლოვანი უჯრედების (ტრაბეკულების) მკვრივი დატოტილი ჭიმებისგან, რომლებიც ერთმანეთთან გადახლართვით ქმნიან ბადეს და აყალიბებენ პარენქიმას, რომელშიც წარმოდგენილია დიდი რაოდენობით რეტიკულური ბოჭკოები და სინუსოიდური ტიპის კაპილარები. ტრაბეკულების შუა ნაწილს იკავებს ქრომოფობული (ნაკლებად შეღებილი) უჯრედები, რომლებიც შეადგენენ წინა წილის უჯრედების 50–60%. ნორმაში ისინი არ შეიცავენ შესამჩნევ სეკრეტორულ ჩანართებს. ტრაბეკულების პერიფერიაზე განლაგებულია ქრომოფილური (კარგად შეღებილი) უჯრედები. შეღებვის ხასიათის მიხედვით მათ შორის გამოყოფენ აციდოფილურ (α–უჯრედები) უჯრედებს, რომლებიც იღებებიან მჟავა საღებავებით, და ბაზეოფილურ (β–უჯრედები) უჯრედებს, რომლებიც იღებებიან ტუტეებით. აციდოფილური უჯრედები შეადგენენ წინა წილის უჯრედთა დაახლოებით 40%–ს. მათში მრავლადაა 400–800 ნმ დიამეტრის დიდი ზომის სეკრეტორული გრანულები. ჰორმონული პროდუქციის ტიპის მიხედვით მათ შორის განასხვავებენ სომატოტროფებს (α–აციდოფილები) და ლაქტოტროფებს (∑–აციდოფილები). ბაზოფილებებზე მოდის ადენოჰიპოფიზის უჯრედთა დაახლოებით 10%. ისინი აციდოფილებზე დიდი ზომისანი არიან, გააჩნიათ მრგვალი ან პოლიგონალური ფორმა; მათი სეკრეტორული გრანულები გაცილებით მცირე ზომისანი არიან. ჰორმონული პროდუქციის მიხედვით ბაზოფილები იყოფიან თირეოტროფებად, გონადოტროფებად და კორტიკოტროფებად. უჯრედთა თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპს, პათოლოგიის დროს, შესაძლებელია გააჩნდეს მულტიჰორმონული სეკრეტორული აქტივობა, მაგალითად ერთდროულად გამოყოს სომატოტროპინი და პროლაქტინი.

ადენოჰიპოფიზის შუალედური ნაწილი ძირითადად წარმოქმნილია დიდი ზომის ბაზოფილური უჯრედებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ ადენოკორტიკოტროპინს (აკტჰ) და მელანოტროპინს (ინტერმედინი).

ადენოჰიპოფიზური უჯრედების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოიყენება ენზიმატური ჰისტოქიმიური მეთოდები (ხშირად შერწყმული ელექტრონულ მიკროსკოპიასთან), აგრეთვე იმუნოცისტოქიმიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოვახდინოთ ჰიპოფიზის ჯირკვლოვანი უჯრედების და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების იდენტიფიცირება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.