ჯანელიძე იუსტინე იულიანეს ძე (1883-1950) – ქირურგი, აკადემიკოსი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი. 1905 წელს რევოლუციურ სტუდენტურ მოძრაობებში მონაწილეობისათვის გარიცხული იქნა ხარკოვის უნივერსიტეტიდან. სამედიცინო განათლების მიღება დაასრულა შვეიცარიაში. 1910 წელს დაბრუნდა რუსეთში; გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ზოგადი და აღდგენითი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და გულის ქირურგიის საკითხებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კლინიკური ქირურგიის განვითარებაში. წარმატებით განახორციელა ოპერაცია გული ჭრილობის დროს (1911); პირველმა მსოფლიოში გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა (1913). გულის ჭრილობების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება გადმოსცა მონოგრაფიაში ,,გულის ჭრილობები და მათი ქირურგიული მკურნალობა (1927). დიდ ყურადღებას აქცევდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებებს, განსაკუთრებით მწვავე აპენდიციტისა და ნაწლავების გაუვალობას. პრაქტიკაში შემოიტანა მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, ამპუტაციისას ბარძაყის საყრდენი ტაკვის შექმნის ოპერაცია (ჯანელიძის ამპუტაცია); მხრის ამოვარდნილობის, იდაყვის ძვლის თავის ჩვეული ამოვარდილობის ჩასწორების ორიგინალური მეთოდი. რიგი მისი შრომებისა ეძღვნება კანის გადანერგვასა და პლასტიკურ ოპერაციებს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ქირურგიის პრობლემების დამუშავებას, დამწვრობების მკურნალობის საკითხებს. (В. С. Левит, Большая медицинская энциклопедия; 1977)