წამლის შეწოვა ბიოლოგიური მემბრანის გავლით

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

იმისათვის, რომ წამალმა ორგანიზმზე იმოქმედოს, როგორც წესი, უნდა გაიაროს რიგი ბიოლოგიური (კანის, ლორწოვანი გარსების (გარეგანი მიღება), კაპილარების კედლების, უჯრედული და სუბუჯრედული სტრუქტურების) მემბრანები. ეს მემბრანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სტრუქტურისა და ფუნქციის მიხედვით, გააჩნიათ სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები. მაგრამ მათი საფუძველი ერთია – ლიპოპროტეიდების პოლარული მოლეკულები. მემბრანა შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ახორციელებენ იონების და მეტაბოლიტების გადატანას უჯრედის შიგნით, მათ მიმართულ ტრანსპორტირებას. მემბრანის ზედაპირი და შესასვლელები მის ფორებში დამუხტულია, რაც ეწინააღმდეგება იონებისა და იონიზირებული მოლეკულების შეწოვას.

წამლების ტრანსპორტი მემბრანის გავლით დამოკიდებულია ნივთიერების ბუნებაზე, მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. ლიპოიდებში ხსნადი წამლების უმრავლესობა (მსხვილი არაიონიზირებული მოლეკულები), იხსნებიან რა მემბრანის ლიპიდურ ფუძეში, გადიან მასში მარტივი დიფუზიის ხარჯზე. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგად შეიწოვება არაპოლარული ცხიმში ხსნადი ნივთიერებები. ეს არის პასიური ტრანსპორტი, რომელიც ხორციელდება კონცენტრაციის გრადიენტის მიხედვით, გადამტანის გამოყენებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე, სიჩქარით, რომელიც ლიპიდებში წამლების ხსნადობის პირდაპირპროპორციულია. მარტივი დიფუზია (ან ულტრაფილტრაცია) დამოკიდებულია ჰიდროსტატიკურ და ოსმოსურ წნევაზე. მცირე ზომის წყალშიხსნად არაიონიზირებულ მოლეკულებს შეუძლიათ გაიფილტრონ წყალთან მემბრანის ფორების გავლით. პასიური მარტივი დიფუზია და ფილტრაცია წარმოადგენს წამლების შეწოვის ძირითად მექანიზმებს მათი ნებისმიერი გზით შეყვანის დროს.

მსხვილმოლეკულური ნივთიერებების გადატანა მემბრანის გავლით, კონცენტრაციის გრადიენტის მიხედვით და მის საწინააღმდეგოდ, ხორციელდება შუამავლების ანუ გადამტანების დახმარებით, რომელთაც გააჩნიათ შერჩევითი მსგავსება გარკვეული ნვთიერებებისადმი, და ენერგიის დახარჯვით, ანუ აქტიური ტრანსპორტის გზით. ამ დროს გამოიყენება ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებიდან მიღებული ენერგია, ამიტომ აქტიური ტრანსპორტი ირღვევა ჟანგბადოვანი შიმშილის დროს.

წამლების უმრავლესობას ღებულობენ ორალურად, და ამ დროს მათი შეწოვა ძირითადად ხდება მარტივი დიფუზიის გზით. ეს პროცესი დამოკიდებულია გარემოს ðÍ-ზე. უხსნადი წამლები, როგორც წესი, არ შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მემბრანის გავლით კარგად აღწევენ ლიპოიდებში ხსნადი არადისოცირებული მოლეკულები, სუსტი მჟავეები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, ბარბიტურატები და სხვ.) შეიწოვებიან კუჭში, ხოლო სუსტი ფუძეები (მაგალითად, ამიდოპირინი, ალკალოიდები) – წვრილ ნაწლავში. ნაწლავის მოტორიკის გაძლირება აქვეითებს, ხოლო შესუსტება ზრდის წამლების შეწოვას. შეწოვის სიჩქარეზე გავლენას ახდენს საკვების არსებობა ან არარსებობა, მისი შემადგენლობა. მჟავეები და ფუძეები სრულად არიან იონიზირებულები ðÍ-ის ბიოლოგიური მნიშვნელობების დროს და არ შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ამიტომ ისინი შეჰყავთ ინექციის სახით. მაგრამ საერთო სისხლმიმოქცევის სისტემიდან ისინი ვერ აღწევენ ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილში (ვერ გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერში) და ამდენად ვერ ახდენენ მასზე ზემოქმედებას.

კუნთებში შეყვანის დროს წამლების შეწოვა დამოკიდებულია მათ ðÍ-ზე და წყალში ხსნადობაზე. წყალში ცუდად ხსნადი ნივთიერებები (სიბაზონი, ქლოზეპიდი) ნელა შეიწოვებიან კუნთებში შეყვანის შემდეგ, რის გამოც ცხიმში ხსნადი პრეპარატებისათვის ინექციის ეს გზა სასწრაფო დახმარების მიზნით არ გამოიყენება. სამკურნალო ნივთიერებებისათვის ბიოლოგიური მემბრანების განვლადობა დამოკიდებულია უჯრედული შრეების რაოდენობაზე და ხასიათზე. მაღალი განვლადობით ხასიათდება კაპილარების კედელი, რომელიც წარმოადგენს ტიპიურ ლიპოიდოფორულ მემბრანას, და ჰემატოალვეოლარული ბარიერი.
ჰემატოენცეფალური ბარიერი წამოადგენს ტვინის კაპილარების და მათი მფარავი ნეიროგლიის ერთობლიობას, რომელიც პრაქტიკულად გაუვალია იონიზირებული მოლეკულებისათვის. ჰემატოენცეფალური ბარიერის განვლადობა მატულობს ანთების, ჟანგბადოვანი შიმშილის, შოკის, სისხლის დაკარგვისა და სხვა პათოლოგიების დროს.

კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია ამომფენი ეპითელიუმის უჯრედებით და კაპილარის კედლით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სამკურნალო პრეპარატების შეწოვაზე გავლენას ახდენს ðÍ და რიგი ნივთიერებების სპეციფიკური გადამტანების არსებობა. წამლების შეწოვა ინტენსიურია ენისქვეშ, ღრძილის, ლოყის არეში, ამ ზედაპირების ლორწოვანის ქვეშ მდებარე ვენური ქსელით.

მაღალი ფოროვნება, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ პერიოდში, გააჩნია პლაცენტარულ ბარიერს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ორსულებში წამლების დანიშვნის დროს. სარძევე ჯირკვლების ეპითელიუმი მეტად განვლადია ფუძე თვისებების მქონე წამლებისთვის, ამიტომ მეძუძურ ქალებში მოცემული ტიპის პრეპარატების დანიშვნა არ შეიძლება.

სამკურნალო პრეპარატებისათვის ყველაზე ნაკლებად განვლადი ბარიერია კანი, რომლის ეპიდერმული შრე წარმოდგენილია ძირითადად გარქოვანებული უჯრედებით. ეპიდერმისი განვლადია მხოლოდ ცხიმში ხსნადი ნივთიერებებისათვის. იონიზირებულ წამლებს ნაწილობრივ შეუძლიათ ორგანიზმში მოხვდნენ ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ბოლქვების გავლით. ეპიდერმული უჯრედები შეიცავენ ლიპიდების მნიშვნელოვან რაოდენობას და ცილა კერატინს, რომელიც ჰიდროლიზდება ტუტეებით, რის შედეგადაც კანი გაფაშრდება და მატულობს მისი განვლადობა. კანის საფარვლის განვლადობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ერთნაირი არ არის და დამოკიდებულია ასაკზე. პათოლოგიის პირობებში იგი შესაძლოა გაიზარდოს; მაგალითად, დამწვრობების, ანთების, ნაკაწრების, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას და ა. შ. კანის და ლორწოვანის გარკვეულ უბნებზე წამლების დადებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექსური ეფექტები. ამაზეა დამყარებული მდოგვის საფენების გამოყენება ბრონქიტის დროს, ვალიდოლის – სტენოკარდიის შეტევის დროს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.