წამლის მოქმედების მექანიზმები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ბიოსუბსტრატთან (სამიზნესთან ანუ რეცეპტორთან) წამლის მოქმედებისას წარმოიქმნება მრავალი ეფექტი, რაც ორგანოებსა და სისტემებში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური რეაქციების ცვლილებების შედეგია. თუმცა შესაძლებელია ეს ცვლილებები დავიყვანოთ წამლისა და რეცეპტორის ურთიერთქმედების რამდენიმე ტიპიური მექანიზმამდე.

1. სამკურნალო პრეპარატს (ქსენობიოტიკს), გააჩნია რა სტრუქტურული მსგავსება მეტაბოლიტთან (მაგალითად, მედიატორთან), ურთიერთქმედებს რეცეპტორთან, იწვევს მის აღგზნებას, ახდენს მედიატორის მოქმედების იმიტაციას.ასეთ პრეპარატს ეწოდება აგონისტი. მაგალითად, პილოკარპინი მ-ქოლინორეცეპტორებზე ისთივე მოქმედებას ახდენს, როგორც ენდოგენური აცეტილქოლინი; მეზატონი, აღაგზნებს რა ადრენორეცეპტორებს, მოქმედებს ნორადრენალინის მსგავსად. განსაზღვრულ რეცეპტორებთან წამლის შეკავშირების სიჩქარესა და სიმტკიცეზე გავლენას ახდენს მისი სტრუქტურა და ხასიათდება ტერმინით ”აფინიტეტი”.

2. სამკურნალო პრეპარატი, ურთიერთქმედებს რა რეცეპტორთან, არ იწვევს მეტაბოლიტის ეფექტებს და არც აძლევს მეტაბოლიტს საშუალებას, დაუკავშირდეს რეცეპტორს. ასეთ წამლებს ანტაგონისტებს უწოდებენ. მაგალითად, ატროპინი უკავშირდება რა მ-ქოლინორეცეპტორებს, ხელს უშლის აცეტილქოლინს მასთან დაკავშირებას, რის გამოც მედიატორს მოქმედება არ შეუძლია. ეს ეფექტი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა პარასიმპათიკური ინერვაციის ზედმეტი აქტივობის გამო ორგანოს ფუნქცია მომატებულია (მაგალითად, მომატებული ნერწყვგამოყოფისას, რაც ხელს უშლის პირის ღრუში ოპერაციის ჩატარებას).

3. სამკურნალო პრეპარატები, მოქმედებან რა რეცეპტორებზე, შესაძლოა აერთიანებდნენ აგონისტებისა და ანტაგონისტების თვისებებს, ასეთ შემთხვევებში მათ უწოდებენ აგონისტ-ანტაგონისტებს (ნაწილობრივ აგონისტები, ნაწილობრივ ანტაგონისტები). მაგალითა0დ, ნალორფინი ითვლება ნარკოტიკულ ანალგეტიკ მორფინის ნაწილობრივ ანტაგონისტად. იგი ხსნის სუნთქვის ცენტრზე მორფინის დამთრგუნველ მოქმედებას, ამასთან მცირედ ცვლის მის დანარჩენ ეფექტებს.

4. სამკურნალო საშუალება იწვევს რეცეპტორის სტრუქტურის კონფორმაციულ ცვლილებებს და იწვევს მეტაბოლიტებისადმი მგრძნობელობის შეცვლას. ეს ე.წ. მოდულაციური ეფექტია. მაგალითად, ბენზოდიაზეპინის რიგის ტრანკვილიზატორების მოქმედება აიხსნება ნეირონების მემბრანაში მედიატორ g-ამინოერბოსმჟავისადმი მგრძნობიარე მამუხრუჭებელი რეცეპტორების აქტივობის მომატებით.

5. სამკურნალო პრეპარატებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ უჯრედული მემბრანის განვლადობაზე, რის შედეგადაც იცვლება უჯრედის მეტაბოლიზმი. მაგალითად, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები ამცირებენ რა მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოს მემბრანის განვლადობას ნატრიუმისა და კალიუმის იონებისათვის, ამით აფერხებენ მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას, გენერაციას და ტკივილის იმპულსის გატარებას, იწვევენ ადგილობრივი მგრძნობელობის დაკარგვას, ანუ ანესთეზიას. მემბრანის განვლადობის ცვლილება წარმოადგენს საგულე გლიკოზიდების, ინსულინის, შარდმდენი და სხვა საშუალებების მოქმედების საფუძველს. ზოგიერთი დაავადებისას (მაგალითად, მწვავე ანთებისას) მემბრანის განვლადობა მნიშვნელოვნად მატულობას და ვითარდება ქსოვილთა შეშუპება. მისი შესუსტება ან თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ მემბრანის განვლადობას, მაგალითად თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებით – გლუკოკორტიკოიდებით, ასკორბინის მჟავით და ა.შ.

6. სამკურნალო პრეპარატების მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ცილასთან ან სხვა სუბსტრატთან შეკავშირებული მეტაბოლიტის განთავისუფლების ხარჯზე, ფერმენტების აქტივაციით ან ინაქტივაციით. მაგალითად, ალერგიის მედიატორები დეპონირებული არიან პოხიერ უჯრედებში, სადაც ისინი იმყოფებიან შეკავშირებულად არააქტიურ მდგომარეობაში. ალერგიული რეაქციებისას პოხიერი უჯრედის მემბრანის განვლადობა კალციუმის იონებისთვის იზრდება და ხდება სისხლში ალერგიის მედიატორების გადმოსროლა. ადრენალინი, ეფედრინი და სხვა პრეპარატები ამცირებენ კალციუმისათვის პოხიერი უჯრედის მემბრანის განვლადობას და ამით ხელს უშლიან ალერგიული რეაქციის განვითარებას. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის გაზრდამ, მაგალითად ფენობარბიტალით, შესაძლოა გააძლიეროს სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმი, რომლებიც მასთან ერთად გამოიყენება, რის შედეგადაც ამ პრეპარატების მოქმედება მცირდება და საჭირო ხდება დოზის გაზრდა. ორგანიზმის მეტაბოლიტების, მაგალითად ნეირომედიატორების მოქმედების გაძლიერება შეიძლება იმ ფერმენტების აქტივობის შემცირებით, რომლებიც შლიან ამ მედიატორებს. მაგალითად, ანტიქოლინესთერაზული საშუალება, რომელიც აბლოკირებს ქოლინესთერაზას, იწვევს ენდოგენური აცეტილქოლინის სტაბილიზაციას და აძლიერებს მის მოქმედებას.

ზემოთ აღნიშნული ვარიანტები სრულად ვერ ამოწურავს წამლის ბიოსტრუქტურებთან მოქმედების ყველა შესაძლებლობას. ყველა წამლისათვის გამოვლენილი არ არის მოქმედების მექანიზმი, ასევე სრულად ახსნილი არ არის სხავადასხვა რეცეპტორების როლი. უჯრედული ინფორმაციის აღქმასა და გავრცელებაში


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.