პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია”
ძირითადს მიეკუთვნება ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნილებას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამიტომ ისინი მუდმივად უნდა არსებობდნენ (ნებისმიერ დროს), საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი სამკურნალო ფორმით.
ძირითადი სამკურნალო საშუალებების კონცეფცია პირველად ფორმულირებული იქნა 1975 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხოლო 1977 წელს დაახლოებით 250 სამკურნალო საშუალება იქნა შერჩეული პირველი ,,ძირითადი წამლების ნუსხისათვის”, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანები მსოფლიოში ჯანდაცვის პრობლემების გადასაწყვეტად. მას შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ მომზადებული იქნა ,,ძირითადი წამლების ნუსხის” 11 გადასინჯვა, რომელთაგან ბოლო გამოცემული იქნა 1999 წელს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძირითადი წამლების კონცეფციამ, რომლის თანახმად, სწორი, რაციონალური მიდგომისას, ოპტიმალური მკურნალობა (ეფექტური და უსაფრთხო) შესაძლებელია განხორციელებული იქნას წამლების ნაკლები რაოდენობით და ფარმაკოთერაპიული უზრუნველყოფის მინიმალური ხარჯებით, სავსებით გაუძლო დროის გამოცდას.
ძირითადი სამკურნალო საშუალებების შერჩევა წარმოადგენს საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესს, რომელიც განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. მათ შორის- ყველაზე გავრცელებული დაავადებების სტრუქტურით, ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადების დონითა და გამოცდილებით; ფინანსური რესურსებით, სოციო-კულტურული, დემოგრაფიული და ეკოლოგიური ფაქტორებით. სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენება და ხელმისაწვდომობა წარმოადგენენ ჯანდაცვის სისტემის (როგორც სტაციონარულ, ასევე მედიკოსანიტარული დახმარების პირველადი რგოლის) ეფექტურობის განსაზღვრის მნიშვნელოვან ფაქტორებს და აუცილებელ პირობას ჯანდაცვის წარმატებული რეფორმისათვის. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომლებიც წარმოადგენენ განმსაზღვრელს ამ პროცესისათვის. კერძოდ, ყოველი სამკურნალო პრეპარატი უნდა პასუხობდეს ხარისხის დადგენილ სტანდარტებს. მათ შორის- მათ მდგრადობას შენახვის მოსალოდნელ პირობებში და გამოყენებისას. კომბინირებული წამლები შესაძლებელია რეკომენდირებული იქნას გამოყენებისათვის მხოლოდ შემდეგი შემთხვევებისას: 1. დამტკიცებული თერაპიული უპირატესობა და უსაფრთხოობა; 2. გამოყენების სიმარტივე, ან ნაკლები ღირებულება ერთკომპონენტურ შემადგენლობასთან შედარებით, რომელთა შეყვანა ცალკ-ცალკე ხდება. იმ სიტუაციებში, როდესაც განხილული არსებული ალტერნატივები (სამკურნალო საშუალებები) ერთმანეთის მსგავსნი არიან. უპირატესობა ეძლევა უკეთესი ფარმაკოკინეტიკის მქონე პრეპარატს, ერთკომპონენტურ წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს, წარმოებულებს საიმედო ფარმაცევტულ საწარმოებში სათანადო საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების თანახმად. გარდა ამისა, გამოყენების რეკომენდაცია შესაძლებელია მიეცეს მხოლოდ იმ სამკურნალო საშუალებებს, რომელთა შესახებ არსებობს სრულფასოვანი სამეცნიერო მონაცემები, მიღებული კლინიკური გამოცდის ან /და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მიმდინარეობისას, რომელტა ეფექტურობა დამტკიცებულია სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა კლინიკურ დაწესებულებაში. ახალი პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია რეკომენდირებული იქნას მხოლოდ მათი მნიშვნელოვანი უპირატესობით უკვე გამოყენებულთან შედარებით.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.