ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
გამოკვლევის მეთოდები. რადგანაც ძვლების მრავალ დაზიანებას არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები, მათი დიაგნოსტირების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის შეგროვებას, ავადმყოფის დათვალიერების შედეგებს, მისი ზოგადი მდგომარეობის, ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის, ტკივილების ხასიათის და ინტენსივობის შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ცნობები დაავადების დინამიკის შესახებ, ამიტომაც აუცილებელია კლინიკური ანამნეზის საგულდაგულოდ შეგროვება და გამოკვლევის ეტაპებზე რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
ანამნეზის შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს დაავადების ხანგრძლივობა, სწორად შეფასდეს ტრავმის როლი (თუკი მას ადგილი ჰქონდა). ხშირად ტრავმა წარმოადგენს მაპროვოცირებელ მომენტს, რომელიც ავლენს ფარულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს (ძვლის სიმსივნეები, დისპლაზიური დაზიანებები და სხ.). ნორმალური ძვლის დაზიანების შემთხვევაში მომენტალურად ვითარდება შესიება და ფუნქციის დარღვევა. ძვლებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შემთხვევაში კი აღნიშნული პროცესები, ჩვეულებრივ, ვლინდებიან გარკვეული დროის შემდეგ. დისპლაზიის ცალკეული ფორმების (ეგზოსტოზური ქონდროდისპლაზია, დაუმთავრებელი ოსტეოგენეზი და სხვ.) დიაგნოსტიკის მიზნით გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკური ფაქტორების გამოკვლევას. ცნობები ადრე გადატანილი დაავადებების შესახებ (ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი, სიფილისი და სხ.), არც თუ იშვიათად, გვეხმარება ძვლების დაავადებების ბუნების დადგენაში.
ძვლების დაზიანების ადრეულ სიმპტომს წარმოადგენს სხვადასხვა ხასიათის და ლოკალიზაციის ტკივილი. ასე მაგალითად, აშკარა მიზეზის გარეშე მწვავე, უეცრად გაჩენილი ტკივილი ან მინიმალურ ტრვმასთან დაკავშირებული ტკივილი მეტყველებს პათოლოგიური მოტეხილობის არსებობაზე. თანდათან პროგრესირებადი ტკივილები დამახასიათებელია ძვალში მიმდინარე ანთებითი პროცესისთვის (მაგ., ტუბერკულოზი). ყრუ, გახანგრძლივებული, გამჭოლი ხასიათის ტკივილები აღინიშნება ძვლის სიმსივნური პროცესის დროს. შემაწუხებელი, ზუსტად ლოკალიზებული ტკივილები დამახასიათებელია ოსტეოიდოსტეომისთვის და ძვლის იზოლირებული აბსცესისთვის. ხშირად ტკივილების ლოკალიზაცია არ შეესაბამება პათოლოგიური კერის მდებარეობას, არამედ გააჩნიათ არეკვლითი ხასიათი. ასე მაგალითად, მენჯ–ბარძაყის სახსრის დაზიანების შემთხვევაში ისინი, არც თუ იშვიათად, ლოკალიზებულნი არიან მუხლის სახსარში.
ავადმყოფი დათვალიერება ხორციელდება მჯდომარე და ვერტიკალურ მდგომარეობებში, აგრეთვე მოძრაობის დროს; ამასთან ხდებს სხეულის სიმეტრიული უბნების შედარება. პალპაციით ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიური მდგომარეობის (გასქელება, დეფორმაცია, უსწორმასწორო კიდეები, დამოკლება და სხ.) განსაზღვრა მით უფრო ადვილია, რაც უფრო ზედაპირულად მდებარეობს ძვალი (მტევანი, ტერფი, ლავიწი, თავის ქალა, დიდი წვივის ძვალი). ზოგჯერ, დათვალიერებისას, შესაძლებელია დადგინდეს ძვლოვანი დაზიანების ფორმა, მისი გავრცელება (მაგ., სიმსივნის დროს), აგრეთვე რბილის ქსოვილების შეშუპების ან გამკვრივების არსებობა. სახსრების მდგომარეობის შეფასება ხდება მთელი კიდურის და ცალკეული სახსრის საგულდაგულოდ გამოკვლევის შემდეგ, ხოლო სახსარში მოძრაობის მოცულობის შეფასება – გონიომეტრის საშუალებით. ძვლის დაზიანებული ნაწილის ზომების გაზრდა ან შემცირება ვლინდება სეგმენტის გარშემოწერილობის გაზომვის გზით (რბილის ქსოვილების სისქის გათვალისწინებით)
ძვალ–სახსროვანი აპარატის დაზიანებების კომპლექსურ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მისი ჩატარება ნაჩვენებია ძვლის დაზიანების ნებისმიერ შემთხვევაში. აღნიშნულ გამოკვლევას საფუძვლად უდევს ორ, ურთიერთპერპენდიკულარულ პროექციაში, მიმოხილივითი რენტგენოლოგიური სურათების გადაღება. ძვლის წვრილი დეტალების შესწავლის მიზნით, ზოგჯერ, რენტგენოლოგიური სურათების გადაღება ხდება გამოსახულების პირდაპირი გადიდებით. ჩონჩხის შედარებით რთული ნაწილების გამოკვლევის მიზნით (თავის ქალა, ხერხემალი, მსხვილის სახსრები და სხ.), ჩვენებების მიხედვით, კეთდება ტომოგრაფია, რათა მივიღოთ ძვლის საჭირო უბნის იზოლირებული გამოსახულება და აღმოვაჩინოთ უმნიშვნელო ცვლილებებიც კი ღრუბლისებრი და კომპაქტური ნივთიერებების სტრუქტურაში. ძვლის სტრუქტურის შესახებ გაცილებით სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ–მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა.
ძვლების ლოკომოტორული ფუნქციის, მათ შორის სახსრების ბიომექანიკის, შესწავლა ხდება რენტგენოსატელევიზიო დასხივების და რენტგენოკინემატოგრაფიის საშუალებით ანუ სახსრის მოძრაობის სხვადასხვა ფაზებში გადაღებული სურათების სერიების – ე.წ. ფუნქციონალური რენტგენოგრაფიის მეშვეობით. ძვლებში მინერალური მარილების შემცველობის და ოსტეოპოროზის ხარისხის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება რენტგენოდენსიტომეტრია.
ძვლების დაავადებების დროს რენტგენოგრაფია არ შემოიფარგლება მხოლოდ ნოზოლოგიური ფორმის განსაზღვრით, არამედ მოიცავს გართულებების დროულ გამოვლინებასაც, დაავადების მიმდინარეობაზე, სამკურნალო ღონისძიებების გავლენაზე, მათ შორის, ოპერაციულ ჩარევების შედეგებზე დაკვირვებას.
ძვლების ანთებითი დაავადებები შეიძლება გართულდნენ ფისტულების ჩამოყალიბებით. ფისტულას წყაროს, დიაგნოსტიკის და ტოპოგრაფიის დადგენის მიზნით გამოიყენება ფისტულოგრაფია. ჩონჩხის ტრავმის დროს მსხვილის სახსრის დაზიანებაზე ეჭვი შეიძლება გახდეს გადაუდებელი არტერიოგრაფიის ჩვენება. გარდა ამისა, ძვლებში მიმდინარე ანთებითი და სიმსივნური პროცესების დიფერენციალური დიაგნოსტიკის რთულ შემთხვევებში გამოიყენება არტერიოგრაფია და ოსტეომედულოგრაფია (გრძელი ლულოვანი ძვლის ძვლის ტვინის არხში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანა).
ამრიგად, ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდიკა ძალიან მრავალფეროვანია, რაც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ძვლების მდებარეობის, ფორმის, ზომის, კონტურების და აგებულების, მათი სასახსრე ბოლოების ურთიერთდამოკიდებულების, ჩამკეტი ფირფიტების, გაძვალების ბირთვების, ძვლის გარშემო არსებული რბილის ქსოვილების მდგომარეობის შესახებ. გამოკვლევის აღნიშნული მეთოდები უზრუნველყოფენ ნორმის და პათოლოგიის დიფერენცირებას ასაკის, ძვალ–სახსროვანი აპარატის ფუნქციის და აგებულების ტიპიური და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე საშუალებას იძლევიან ობიექტურად იქნას შეფასებული ძვლების მდგომარეობა სხვადასხვა დაავადებების დროს.
ძვლოვანი პათოლოგიის რენტგენოლოგიური სემიოტიკა მრავალფეროვანია. ნორმიდან გადახრის ძირითად ნიშნებს მიეკუთვნებიან: ძვლების მდებარეობის, ფორმის, ზომის და ურთიერთდამოკიდებულების ცვლილებები; ძვლების ზედაპირული ცვლილებები – კიდითი დეფექტები, ეგზოსტოზები, პერიოსტიტები, პერიოსტოზები და სხ.; ძვლის და მისი სტრუქტურის სიმკვრივის ცვლილებები – ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, ოსტეოსკლეროზი, ძვლის გარდაქმნა ჰიპერპარათირეოზის დროს, ოსტეოდისტროფიები, ფიბროზული ოსტეოდისპლაზიები და სხ.; ძვლების დესტრუქცია – ოსტეოლიზი, ოსტეონეკროზი, სეკვესტრაცია; ძვლების ზრდის და განვითარების დარღვევა. ამასთან, მრავალი დაავადება შეიძლება გამოვლინდეს მსგავსი რენტგენოლოგიური ნიშნით და პირიქით, ერთი და იგივე დაავადება სხვადასხვა ავადმყოფში გვაძლევს განსხვავებულ რენტგენოლოგიური ცვლილებას. აქედან გამომდინარე, რენტგენოლოგიური მონაცემების ანალიზი უნდა მოხდეს დაავადების კლინიკური სურათის, ჰისტოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით.
ძვლების სხვადასხვა დაზიანებების (განსაკუთრებით სიმსივნური დაზიანებების) დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ჰისტოლოგიურ მეთოდებს. ბიოფსია შეიძლება იყოს ღია (ინციზიური, ოპერაციული), პუნქციური და ტრეპანაციული. ძვლის მიკროსკოპული გამოკვლევა ხორციელდება დეკალცინირებულ ჭრილზე. ელექტრონული მიკროსკოპია (განსაკუთრებით ავტორადიოგრაფიასთან შერწყმული), საშუალებას იძლევა დადგინდეს ოსტეოციტების და შუალედური ნივთიერების ულტრასტრუქტურის დეტალები.
მიკრორენტგენოგრაფიის მეთოდი შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს მინერალური მარილების განაწილება სხვადასხვა ძვლოვან სტრუქტურებში და მათი მინერალიზაციის ხარისხი. თხელ, დეკალცინირებულ ჭრილებზე შეიძლება შესწავლილ იქნას ძვლოვანი ნივთიერების ორგანული კომპონენტის განაწილება. სტერეომიკრორენტგენოგრაფიის მეთოდით შეიძლება განვსაზღვროთ ძვლოვანი ფირფიტების სისქე, ძვლოვანი უჯრედების სივრცითი მდებარეობა. რენტგენის სხივების მიკრო– და მაკროფრაქციის მეთოდი გამოიყენება გამოიყენება ძვლოვანი ქსოვილის კრისტალური სტრუქტურების შესწავლის მიზნით – მინერალური მარილების ხასიათის, კრისტალების ზომების, ძვლოვანი აპატიტის კრისტალური გისოსის.
ძვლების გამოკვლევის რადიოლოგიური მეთოდები მდგომარეობენ ორგანიზმში ხელოვნურად შეყვანილი რადიონუკლიდების გამოსხივების რეგისტრაციის და გაზომვის სხვადასხვა მეთოდებში; აღნიშნული რადიონუკლიდები რომლებიც ანაცვლებენ ძვლოვანი ქსოვილის სტაბილურ მიკროელემენტებს (რადიონუკლიდური გამოკვლევა). გამოკვლევის რადიონუკლიდურ მეთოდს, აგრეთვე, მიეკუთვნება ნეიტრონების ზემოქმედებით განვითარებული ძვლის მიკროელემენტების აქტივობის გაზომვა და რეგისტრაცია (ნეიტრონულ–აქტივაციური ანალიზი). რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ოსტეოტროპული რადიონუკლიდების დიდი ჯგუფი, თუმცა ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვეს სტრონციუმ–85–მა, სტრონციუმ–87–მა, გალიუმ–67–მა და პიროფოსფატებმა. რადიონუკლიდის ჭარბი დაგროვება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებით, რომლებაც თან სდევთ ძვლის წარმოქმნის და მისი სტრუქტურის გარდაქმნის დარღვევა (მაგალითად ანთებითი, სიმსივნური და დისტროფიული პროცესებით, აგრეთვე პოსტტრავმული ფაქტორებით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით და სხ. განპირობებული).
ძვლების რადიოიზოტოპური გამოკვლევის ძირითად და ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს წარმოადგენენ რადიომეტრია (წინასწარ რენტგენოლოგიური გამოკვლევით დადგენილი ძვლის პათოლოგიური კერების და სიმეტრიული ძვლის ანალოგიური უბნების), სკანირება და სცინტიგრაფია.
ძვლების დაავადებების დროს ადგილი აქვს გარკვეულ ბიოქიმიურ ძვრებს როგორც თვითონ ძვალში, ასევე სხვა ქსოვილებში. არასრულყოფილ ოსტეოგენეზით დაავადებულებში აღინიშნება კოლაგენის ამინომჟავების შემადგენლობის ცვლილება, რაც გამოიხატება ლიზინის, ოქსილიზინის, ჰისტიდინის, არგინინის და პროლინის რაოდენობის მომატებით, მეტაბოლურად აქტიური ხსნადი კოლაგენის შემცველობის დაქვეითებით. კოლაგენის ბიოსინთეზის ცვლილებებთან ერთად, ადგილი აქვს გლიკოზამინოგლიკანების მეტაბოლიზმის დარღვევას; ამასთან ქვეითდება შემაერთებელი ქსოვილის უნარი, მოახდინოს ამინოსაქარიდის უტილიზაცია. ძვლებში გლიკოზამინოგლიკანების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კრისტალიზაციის ბირთვების წარმოქმნის შეფერხება. აღნიშნული პათოლოგიის დროს ხდება ძვლოვანი ქსოვილის ძლიერი დემინერალიზაცია.
ჰიპერპარათირეოზით დაავადებულებში, ოქსიპროლინის ექსკრეციის გაზრდასთან და სისხლის შრატში ტუტე ფოსფატაზას მაღალ აქტივობასთან ერთად (რაც ახასიათებს ძვლოვანი ნივთიერების აქტიურ დაშლას) ხდება ანაბოლური პროცესების გაძლიერება. ასეთ ავადმყოფებში ოპერაციის დროს აღებული ძვლების ფრაგმენტებში ვლინდება ჟანგბადის გაძლიერებული მოთხოვნილება, ინკუბაციური გარემოდან პროლინის გაძლიერებული უტილიზაცია და რძემჟავას ინტენსიური წარმოქმნა.
პეჯეტის დაავადების დროს ძვლებში ვლინდება ტუტე ფოსფატაზას, ლაქტატ– და მალატდეჰიდროგენაზას მაღალი აქტივობა, ქონდროიტინსულფატის მომატებული შემცველობა. აღნიშნული მონაცემები მეტყველებენ ძვლოვანი ქსოვილის ორგანული მატრიქსის კომპონენტების ბიოსინთეზის ინტენსიურად მიმდინარე პროცესებზე. აღნიშნული დაავადების დროს მატულობს მათი მინერალური ცვლა, დაზიანებული ძვალი ჯანმრთელთან შედარებით 10–ჯერ უფრო ინტენსიურად შთანთქავს სტრონციუმ–85–ს.
რაქიტის დროს ძვალი მდიდარია წყლით და ღარიბია მინერალური ნივთიერებებით; განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ქვეითდება კალციუმის შემცველობა. კოლაგენის მარილში ხსნადი ფრაქცია ქვეითდება 4–ჯერ, უხსნადი კოლაგენის დაგროვების შედეგად ცილის საერთო რაოდენობის გაზრდის ფონზე.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.