ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. შარდსაწვეთი
შარდსაწვეთი (ureter) – გამომტანი სადინარი, რომლის მეშვეობითაც შარდი თირკმლის მენჯიდან მიედინება შარდის ბუშტში.
ჰისტოლოგია
შარდსაწვეთის საწყის ნაწილს წარმოადგენს თირკმლის მენჯის შევიწროებული მონაკვეთი, მისი ბოლო კი გადის შარდის ბუშტის კედელში და შარდსაწვეთის ნაპრალისებური ხვრელით – შარდსაწვეთის შესართავით – იხსნება ამ უკანასკნელის ლორწოვან გარსში. ერთვის რა შარდის ბუშტს, შარდსაწვეთის კედლის ზედა ნაწილისგან ყალიბდება ნაოჭი, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია ლორწოვანი გარსით.
მის სისქეში კუნთოვანი ბოჭკოების არსებობის გამო, ლორწოვან გარსი იკუმშება და ხურავს შარდსაწვეთის სანათურს, რაც ხელს უშლის შარდის ბუშტიდან შარდის უკუდინებას. შარდსაწვეთის კედელი შეიცავს კუნთოვან გარსს, რომელიც წარმოადგენს ირიბი, სიგრძივი და განივი მიმართულების, სხვადასხვა სისქის კუნთოვანი კონების წნულს. შარდსაწვეთის ამომფენი ლორწოვანი გარსი შედგება მრავალშრიანი გარდამავალი ეპითელიუმისგან და ელასტიკური ბოჭკოებით მდიდარი ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტისგან. შარდსაწვეთის მთელ სიგრძეზე ლორწოვანი გარსი წარმოქმნის გრძივ ნაოჭებს. გარედან შარდსაწვეთი დაფარულია ადვენტიციური გარსით და ფასციით.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.