ფილტვები – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ფილტვები

ფილტვები (pulmones) – წყვილი ორგანო, რომელიც განლაგებული გულმკერდის ღრუში და ახორციელებს აირთა ცვლას ჩასუნთქულ ჰაერსა და სისხლს შორის. ფილტვების ძირითადი ფუნქციას წარმოადგენს სასუნთქი ფუნქცია. მისი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საკმარისი პარციალური წნევით, ჟანგდაბით გაჯერებული ჰაერით ალვეოლების ვენტილაცია, ჟანგბადის და ნახშირორჟანგის დიფუზია ალვეოლურ–კაპილარული მემბრანის გავლით, ნორმალური სისხლის მიმოქცევა სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

ემბრიოლოგია

ადამიანის ფილტვების ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდის მე–3 კვირაში საყლაპავი ნაწლავის ვენტრალური კედლის ენტოდერმის კენტი, ტომარისებური გამობერილობის სახით. ჩანასახოვანი პერიოდის მე–4 კვირას გამობერილობის ქვემო კიდეზე ვითარდება ორი ბრონქ–ფილტვის თირკმელი – ბრონქების და ფილტვების ჩანასახები. მუცლადყოფნის მე–5 კვირიდან მე–4 თვემდე ყალიბდება ბრონქული ხე. ზრდადი ბრონქული ხის მფარავი მეზენქიმა დიფერენცირდება შემაერთბელ ქსოვილში, ბრონქების გლუვ კუნთებში და ხრტილებში; მათში ხდება სისხლძარღვების და ნერვების ჩაზრდა. განვითარების მე–4–5 კვირაზე ხდება სასუნთქი ბრონქიოლების ჩასახვა, ჩნდებიან პირველი ალვეოლები და ყალიბდებიან აცინუსები. ცელომური ღრუს სპლანქნოპლევრა და სომატოპლევრა, რომელშიც გამოშვერილობების სახით იმყოფებიან ზრდის პროცესში მყოფი ფილტვები, გარდაიქმნებიან ვისცერულ და პარიესულ პლევრად. დაბადების მომენტისთვის წილების, სეგმენტების და წილაკების რაოდენობა ძირითადად შეესაბამება მოზრდილებში მათ რიცხვს. სუნთქვის დაწყებასთან ერთად სწრაფად ხორციელდება ფილტვების გაშლა, მათი ქსოვილი ჰაეროვანი ხდება.
დაბადების შემდეგ ფილტვების განვითარება კვლავ გრძელდება. სიცოცხლის პირველ წელიწადს ბრონქული ხის ზომები 1,5–2–ჯერ მატულობს. ბრონქული ხის ინტენსიური ზრდის შემდგომი პერიოდი შეესაბამება პუბერტატულ პერიოდს. ალვეოლური სადინრების ახალი გატოტიანების წარმოქმნა სრულდება 7–და 9 წლის ასაკამდე, ალვეოლების – 15–25 წლისთვის. 20 წლის ასაკში ფილტვების მოცულობა 20–ჯერ აღემატება ახალშობილებში ფილტვების მოცულობას. 50 წლის შემდეგ თანდათანობით იწყება ფილტვების ასაკობრივი ინვოლუცია; ინვოლუციური პროცესების განსაკუთრებით გამოხატულია 70 წელს გადაცილებულ პირებში.

ჰისტოლოგია

ბრონქიოლები ამოფენილია ერთშრიანი, კუბური, წამწამოვანი ეპითელიუმით; მათში აგრეთვე გვხვდება სეკრეტორული და ჯაგრისისებრი უჯრედები. საბოლოო ბრონქიოლების კედლებში არ გვხვდება ჯირკვლები და ხრტილოვანი ფირფიტები. ბრონქიოლების მფარავი შემაერთებელი ქსოვილი გადადის ფილტვების სასუნთქი პარენქიმის შემაერთებელქსოვილოვან საფუძველში.

ფილტვი

სასუნთქ ბრონქიოლებში კუბური ეპითელიოციტები კარგავენ წამწამებს; ალვეოლურ სადინრებში გადასვლის დროს კუბური ეპითელიუმი იცვლება ერთშრიანი, ბრტყელი, ალვეოლური ეპითელიუმით, რომლით ამოფენილი ალველების კედლებიც შეიცავენ სამი სახის უჯრედებს: სასუნთქი (ქიცვისებრი) უჯრედები ანუ 1–ლი რიგის ალვეოციტები, დიდი (მარცვლოვანი) უჯრედები ანუ მე–2 რიგის ალვეოციტები და ალვეოლური ფაგოციტები (მაკროფაგები). საჰაერო სივრცის მხრიდან ეპითელიუმი დაფარულია სულფაქტანტის (მე–2 რიგი ალვეოციტების მიერ გამომუშავებულ ნივთიერება, რომელიც შედგება ფოსფოლიპიდებისგან და პროტეინებისგან) თხელი, არაუჯრედოვანი შრით. სულფაქტანტს გააჩნია კარგად გამოხატული ზედაპირულად აქტიური თვისებები, ხელს უშლის ალვეოლების ჩავარდნას ამოსუნთქვის დროს, ჩასუნთქული ჰაერიდან მათ კედელში მიკროორგანიზმების შეღწევას, აფერხებს კაპილარებიდან სითხის ტრანსუდაციას. ალვეოლური ეპითელიუმი განლაგებულია 0,05–0,1 მკმ სისქის ბაზალურ მემბრანაზე. შიგნიდან ბაზალურ მემბრანას ესაზღვრება სისხლძარღვოვანი კაპილარები, რომლებიც გადიან ალვეოლთაშორის ძგიდეებში, აგრეთვე ელასტიური ბოჭკოების ქსელი, რომლებიც გარს ეხვევიან ალვეოლებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.